Facebook Twitter

საქმე # 330100119002936362

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №259აპ-23 ქ. თბილისი

კ. ა. 259აპ-23 21 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, ასევე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ბ–სა და მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ა. კ–ს, – დაბადებულს 1.. წელს, – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ და ,,ე‘‘ ქვეპუნქტებით;

1.2. გ. ს–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ და ,,ე‘‘ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. კ–სა და გ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ–ში, ......ას ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. კ–მ და გ. ს–მ ვ. ს–თან შელაპარაკებისას გაიგეს, რომ იგი იყო ეროვნებით ე–ი, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წევრთა უფლებების დამცველი. აღნიშნულმა, ა. კ. და გ. ს. ძლიერ გააღიზიანა, რის გამოც ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილი სიძულვილის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ა. კ–მა ხელთნაქონი დანით ვ. ს–ს დაუწყო სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობების მიყენება. ვ. ს–ი შეეცადა გასცლოდა და თავი დაეღწია მისგან, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან გ. ს–ე მივარდა ზურგის მხრიდან, დაიჭირა – არ მისცა საშუალება გასცლოდა ა. კ–ს და განზრახ მოკვლის მიზნით, იმ დროს, როდესაც ა. კ–ი აგრძელებდა ვ. ს–სთვის სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობების მიყენებას, გ. ს–მაც გამეტებით დაუწყო ცემა ხელზე წამოცმული ,,კასტეტით‘‘. აღნიშნულის გამო ვ. ს–ი წაიქცა, ხოლო ა. კ–ი და გ. ს–ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ. ს–ი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. ს–სა და ა. კ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი;

3.1. გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

3.1.1. გ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 სექტემბრიდან;

3.2. ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

3.2.1. ა. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 სექტემბრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, თ–ში, ა.დ–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ა. კ–მა ვ. ს–ს, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთარსებული დანით დაუწყო სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობების მიყენება, რა დროსაც ვ. ს–ი შეეცადა მისგან თავის დაღწევას, რაც ვერ მოახერხა, რადგან ზურგის მხრიდან მივარდა გ. ს–ე, რომელმაც დაიჭირა იგი და, განზრახ მოკვლის მიზნით, არ მისცა საშუალება, გასცლოდა მას. ა. კ–ი აგრძელებდა ვ. ს–სთვის სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობების მიყენებას, პარალელურად, გ. ს–მ დაუწყო ცემა ხელზე წამოცმული ,,კასტეტით‘‘. მიყენებული ჭრილობების გამო, ვ. ს–ი დაეცა, ხოლო ა. კ–ი და გ. ს–ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ. ს–ი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

5.1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა – ა. კ–სა და გ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სანქციის ფარგლებში მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის შეფარდება.

5.2. მსჯავრდებულმა გ. ს–მ და მისმა ადვოკატებმა – მ. ს–მ და ა. შ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გ. ს–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და “ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, მისი ქმედებისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;

5.3. მსჯავრდებულ ა. კ–ს ადვოკატმა – ზ. ბ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. კ–ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და “ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება; საქართველოს კანონმდებლობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მისი ქმედების სწორი კვალიფიკაცია და მის მიმართ სამართლიანი განაჩენის გამოტანა.

6. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ა. კ–ს ადვოკატმა ზ. ბ–მა, რომელმაც მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი ა. კ–სა და გ. ს–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

8.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვს ა. კ–სა და გ. ს–ს თავდაპირველი კვალიფიკაციით – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობასა და სანქციის ფარგლებში, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული, სასჯელის შეფარდებას;

8.2. მსჯავრდებულ ა. კ–ს ადვოკატი ზ. ბ–ი ითხოვს ა. კ–ს უდანაშაულოდ ცნობას; საქართველოს კანონმდებლობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მისი ქმედების სწორ კვალიფიკაციას და სამართლიანი განაჩენის გამოტანას.

8.3. მსჯავრდებულ გ. ს–ს ადვოკატი მ. ს–ა ითხოვს გ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობას.

9. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ა. კ–ს ადვოკატმა ზ. ბ–მა, რომელმაც მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მის მიერ წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება.

10. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი – ბრალად წარდგენილი – კვალიფიკაციით, ხოლო დაცვის მხარე მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. კ–სა და გ. ს–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მოწმეთა, მათ შორის, თვითმხილველი მოწმეების – ნ. შ–ს, ი. ბ–ს, ო. გ–სა და ზ. მ–ს ჩვენებებს, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებს, ვიდეოჩანაწერებს, სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა, ასევე სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური, ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა. კ–სა და გ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

14. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ თვითმხილველი მოწმეების ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის მოგონილი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მართალია, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები სიბნელის გამო არ ჩანს ვიდეოჩანაწერში, თუმცა თვითმხილველ მოწმეთა თანმიმდევრული და ერთმანეთთან შესაბამისობაში მყოფი ჩვენებებით დგინდება, რომ უშუალოდ შემთხვევამდე (მკვლელობამდე) ერთმანეთთან საუბრობდნენ, ერთი მხრივ, ო. გ–ი და ნ. შ–ა, ხოლო, მეორე მხრივ, ვ. ს–ი ელაპარაკებოდა გ. ს–სა და ა. კ–ს, რა დროსაც ვ. ს–ი მიტრიალდა ნ. შ–სკენ, ჰკითხა ვინაობა და ურჩია დამშვიდებულიყო. ნ. შ–ს ჩვენების თანახმად, ვ. ს–მა მას მიმართა: ,,შენ რა მაგარი ბიჭი ხარ‘‘ და თან დასცინა (გააჯავრა) – ,,რა მაგრად მოძრაობ“. ვ. ს–ს მიმართვა ნ. შ–მ აღიქვა აგდებულ დამოკიდებულებად და გაღიზიანდა. ო. გ–ს ჩვენებით, საუბარში სწორედ ამ დროს ჩაერთო გ. ს–ე და ნ. შ–ს მიმართა: ,,ნახე, ბიჭო, დაგცინის კიდეც‘‘. სწორედ აღნიშნულის შემდეგ გადავიდა ნ. შ–სა ფიზიკურ დაპირისპირებაზე და ვ. ს–ს სახეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ვ. ს–ი წაბორძიკდა. ნ. შ–სა კვლავ ცდილობდა ვ. ს–სთვის დარტყმას, თუმცა ზ. მ–მ უკნიდან დაქაჩა და წონასწორობის დაკარგვის გამო (თვითონვე) დაეცა. ამ დროს ვ. ს–ს უკვე ა. კ–ი მივარდა და დაარტყა დანა. იმავდროულად, გ. ს–მ, რომლის შეკავებას ცდილობდნენ ი. ბ–ეე და ო. გ–ი, მოახერხა მათგან თავის დაღწევა, მივიდა ვ. ს–სთან უკანა მხრიდან, შებოჭა და ,,კასტეტიანი“ ხელი დაარტყა თავსა და სხეულზე და თან ა. კ–ს მიმართა: ,,მოკალი, ამის ე–ი დედა“. ა. კ–სი აგრძელებდა დანით ჭრილობების მიყენებას.

14.1. ამდენად, ა. კ–ს მიერ ვ. ს–ს მიმართ მუცლისა და გულმკერდის არეში დანის არაერთჯერადი მოქნევა და დარტყმა დაადასტურეს მოწმეებმა – ო. გ–მა, ი. ბ–მ, ზ. მ–მ და ნ. შ–მ. მათივე განმარტებით ი. ბ–ე და ო. გ–ი ცდილობდნენ გ. ს–ს შეკავებას, რათა ისიც არ ჩართულიყო ჩხუბში, მაგრამ იგი მათ დაუსხლტა, უკნიდან მივარდა და გააკავა ვ. ს–ი, რომელიც უკან-უკან დახევით ცდილობდა თავი დაეღწია ა. კ–სთვის, იმავდროულად, გ. ს–მაც დაარტყა ვ. ს–ს ხელზე გაკეთებული „კასტეტი“. შესაბამისად, მას ვ. ს–ი შებოჭილი ჰყავდა და დაზიანებებს აყენებდა ა. კ–ს მიერ დანით დაზიანებების პარალელურად.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენების არგაზიარების შესახებ, იმაზე მითითებით, რომ ისინი არიან ა. კ–სა და გ. ს–ს მსჯავრდებით (საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენით) დაინტერესებული პირები (კერძოდ, მათი ნაწილი არის გარდაცვლილის მეგობარი, რომლებიც მომხდარის გამო მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ, ვინაიდან კონფლიქტი მათი პროვოცირებული იყო, ხოლო ნ. შ–სა, როგორც პოტენციური ბრალდებული, მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ, პასუხისმგებლობისაგან გაითავისუფლებდა თავს), რომლებმაც გ. ს–ე ჩხუბში მონაწილეობასა და ვ. ს–სთვის კასტეტით დარტყმების მიყენებაში ამხილეს შემთხვევიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, რის გამოც მათი ჩვენებები არ არის დამაჯერებელი.

15.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება მოწმეების მსჯავრდებულთა (ერთად ან ცალ-ცალკე) მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სასამართლოში დაცვის მხარეს მიეცა საშუალება, დასახელებული მოწმეები დაეკითხა, როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე მათზე შესაძლო განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით; მოწმეებმა კატეგორიულად გამორიცხეს მათზე რაიმე ფორმით ზემოქმედება და მიუთითეს, რომ მათი ჩვენებები სიმართლეს შეესაბამება; სს საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ მოწმეები უთითებდნენ/ასაჩივრებდნენ მათ მიმართ ზეწოლის განხორციელებას.

15.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა, როგორც საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენის, ასევე – არსებით სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით თითოეული მოწმისათვის სასურველი კითხვების დასმის, მოწმეთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის, რელევანტურობის თუ კანონიერების, მოწმის სანდოობის შემოწმების/შედავების) გამოკვლევის შესაძლებლობა.

16. კასატორი დაცვის მხარის მტკიცებით არც ა. კ–ს და არც გ. ს–ს არ ჰქონია ვ. ს–ს მოკვლის განზრახვა და მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ ჯგუფურად, კერძოდ:

16.1. ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ზ. ბ–ი უთითებს, რომ ა. კ–ი არც კონფლიქტის მაპროვოცირებელი და არც ვინმეს მოკვლის განზრახვით მოქმედი პირია; ვ. ს–ს სიკვდილი გამოიწვია სხვადასხვა ხერხით და განზრახვით მიყენებულმა ჭრილობებმა (მათ შორს, გამოძიებით დაუდგენელი პირების და გზით მიყენებულმა ჭრილობებმა); მისი მხრიდან დანის გამოყენება იყო იმწუთიერი, ინსტინქტური და თავდაცვითი; საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას; ა. კ–სა და გ. ს–ს შორის არ ყოფილა არც წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის დაწყების მომენტამდე და არც ა. კ–ის მიერ ქმედების განხორციელების მომენტში; ა. კ–ი ვ. ს–სთან უშუალო კონტაქტში მას შემდეგ შევიდა, რაც დაინახა, რომ მის მეგობარ ნ. შ–სას ცემდნენ, ხოლო ამ მომენტში გ. ს–ე, ა. კ–საგან დამოუკიდებლად, მოშორებით მყოფ პირთან იყო კონტაქტში, შესაბამისად, გამორიცხულია დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა; ვიდეოჩანაწერებში არ ფიქსირდება მსჯავრდებულების ჯგუფური მოქმედება; ჩხუბის დროს ა. კ–ი მოქმედებდა გ. ს–საგან დამოუკიდებლად, მათ არა თუ დანაშაულის ჩადენის ერთიანი განზრახვა, არამედ მათ ქმედებებს ურთიერთშეთანხმებული ხასიათიც, კი არ ჰქონიათ;

16.1.1 მსჯავრდებულ გ. ს–ს ადვოკატ მ. ს–ს მტკიცებით საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გ. ს–ს მხრიდან განზრახ მკვლელობის არსებობაზე მიანიშნებდა; დაინტერესებული მოწმეთა ჩვენებების გარდა მსჯავრდებულის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება არც ვიდეოჩანაწერით. შესაბამისად, თუკი გ. ს–ს არ ჰქონდა მკვლელობის განზრახვა, იგი ვერც ჯგუფურად ჩაიდენდა განზრახ მკვლელობას; სააპელაციო სასამართლოში ა. კ–მა განაცხადა, რომ გ. ს–ე ვ. ს–ს მკვლელობასთან არაფერ შუაშია და აღნიშნული მკვლელობა მხოლოდ მან ჩაიდინა სხვა პირის დახმარების გარეშე. გ. ს–სათვის უცნობი იყო, რომ ა. კ–ს ქმედებამ ვ. ს–ს გარდაცვალება გამოიწვია, აღნიშნული პოლიციელებისაგან შეიტყო;

16.2. საკასაციო სასამართლო, კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი“. თუმცა სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. თანაამსრულებლობა ნიშნავს ორი ან მეტი ბრალუნარიანი პირის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის მთლიანად ან ნაწილობრივ ერთობლივად და უშუალოდ განხორციელებას.

16.3. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა. კ–ი ვ. ს–სთან უშუალო კონტაქტში მას შემდეგ შევიდა, რაც დაინახა, რომ მის მეგობარ ნ. შ–ს ცემდნენ, ხოლო ამ მომენტში გ. ს–ე ა. კ–საგან დამოუკიდებლად, მოშორებით მყოფ პირთან იყო კონტაქტში, შესაბამისად, გამორიცხულია მათი მხრიდან დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა.

16.3.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა ჩვენებებითა და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულები გარდაცვლილ ვ. ს–ს არ იცნობდნენ და შემთხვევის დღეს პირველად ნახეს. ვ. ს–ს თანმხლებმა ი. ბ–მ მისთვის უცნობ გ. ს–სთან წამოიწყო საუბარი, რომელშიც ჩაერთო ჯერ ო. გ–ი, შემდეგ კი – ნ. შ–სა. საუბარი გადაიზარდა ვ. ს–სა და ნ. შ–ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც მყისიერად ჩაერთნენ ნ. შ–ს მეგობრები ა. კ–ი და გ. ს–ე, კერძოდ, ა. კ–ს მიერ დანით ჭრილობების მიყენების მომენტში გ. ს–მ შებოჭა ვ. ს–სი, რომელიც უკან-უკან დახევით ცდილობდა თავის დაღწევას და იმავდროულად, ა. კ–ს მიერ დანის დარტყმის პარალელურად, ხელზე გაკეთებული „კასტეტით“ მიაყენა დაზიანებები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვ. ს–სის სიკვდილის მიზეზია გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად გულის, ფილტვის და ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობა. მიყენებულ ჭრილობათაგან ოთხი არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია ვ. ს–ს სიკვდილთან.

16.4. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-9 და 27-ე მუხლების დანაწესებს, ასევე მოწმეების – ო. გ–ს, ი. ბ–ს, ზ. მ–მის და ნ. შ–ს ჩვენებებს (დაადასტურეს ა. კ–ს მიერ ვ. ს–ს მიმართ მუცლისა და გულმკერდის არეში დანის არაერთჯერადი მოქნევა და დარტყმა; გ. ს–ს მიერ ვ. ს–ს შეკავება და ა. კ–ს მიერ დანის დარტყმის პარალელურად „კასტეტიანი“ ხელის ვ. ს–სათვის დარტყმა) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები, გ. ს–სა და ა. კ–ს ქცევა და აქტიური ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები დინამიკაში მიუთითებს მათ ჯგუფურ მოქმედებაზე.

17. გ. ს–სის ადვოკატი მ. ს–ა მსჯავრდებულის გამართლებას ითხოვს ასევე იმაზე მითითებით, რომ ვ. ს–ს სხეულზე არსებული მრავლობითი ჭრილობების გათვალისწინებით (მათ შორის – სხეულის უკანა მხარეს) გ. ს–ს ტანსაცმელზე აუცილებლად დარჩებოდა გარდაცვლილის სისხლის კვალი, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა, გარდა ამისა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა გ. ს–ს ჩვენების ის ნაწილი, რომ იგი ი. ბ–ს ეჩხუბებოდა კონფლიქტში მონაწილე პირებისაგან რამდენიმე მეტრის დაშორებით – კონფლიქტში მონაწილე ყველა სხვა პირისაგან განსხვავებით ი. ბ–ეის ტანსაცმელზე, გ. ს–ს მსგავსად არ აღმოჩნდა ვ. ს–ს სისხლის კვალი;

17.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, მართალია, ი. ბ–ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ლაქები, ასევე გ. ს–ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ლაქები სისხლს არ შეიცავს, თუმცა იმავე დასკვნის თანახმად, მათ შორის, ი. ბ–ს მაისურზე (ობ. N..) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს; ობ. N..-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ი. ბ–ს, ხოლო მეორე წილი ვ. ს–ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.

17.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის/ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას ((მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.) იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20). საკასაციო სასამართლო იმავდროულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, გ. ს–ე უკნიდან ედგა ვ. ს–ს და ამ უკანასკნელს დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, სხეულის უკანა მხარეს – მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია იმის დადგენა თუ რა თანმიმდევრობით მიაყენა მსჯავრდებულმა გარდაცვლილს კონკრეტული დაზიანებები, თუმცა მოწმეებმა კატეგორიულად მიუთითეს, რომ გ. ს–მ ვ. ს–ი შებოჭა ა. კ–ს მიერ გულმკერდის არეში დარტყმების განხორციელებისთანავე, როცა ვ. ს–ი უკან დახევით ცდილობდა თავის დაღწევას და, შესაბამისად მის მიმართ იდგა სახით. თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები გ. ს–ს მიერ „კასტეტიანი“ ხელის დარტყმის თაობაზე სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმად ვ. ს–ს სხეულზე – თავის, კისრის, გულმკერდის და მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოებში აღინიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად.

18. დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ დანიშნა მხოლოდ მისთვის საინტერესო ექსპერტიზები; გამოძიებისას განზრახ არ იქნა მოპოვებული ცალკეული ნიმუშები საექსპერტო კვლევისათვის, გამომძიებლებმა არ გამოკითხეს შემთხვევის ადგილზე მდგარი ავტომანქანის მძღოლები, იმასთან დაკავშირებით, შემთხვევის დროს ხომ არ იყო მათი ავტომანქანები აღჭურვილი ვიდეო რეგისტრატორებით ან სხვა სახის სამეთვალყურეო სისტემით; ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ბრალდების მხარემ მოხსნა ყველა ის მოწმე, რომელიც შემთხვევის ადგილთან ცხოვრობდა ანდა ჰქონდა სხვაგვარი მჭიდრო შემხებლობა შემთხვევის ადგილთან; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დასაკითხად მოწმეთა მხოლოდ 30% წარმოადგინა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკასაციო საჩივარში მითითებული ექსპერტიზისა თუ სხვა საპროცესო/საგამოძიებო მოქმედების საკუთარი ინიციატივით ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). ასევე არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა/არ მიეცა კონკრეტული პირების გამოკითხვა/დაკითხვის შესაძლებლობა.

19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ განსახილველი საქმის მიმართ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა ზედმეტად მძიმე გავლენა იქონია საქმის შედეგზე – კერძოდ, ცალკეულმა ჯგუფებმა მიზნად დაისახეს განსახილველი საქმის ე.წ. ნეოფაშისტური მოძრაობის ჭრილში წარმოდგენა და გაუგებრობაზე დამყარებული კამათის მოტივი რასისტულ მოტივად გარდასახეს, ხოლო სასამართლო ვერ გათავისუფლდა მცდარი გავლენისაგან და მოსამართლემ ერთგვარად ირიბად დაასახელა ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივი და სასჯელი აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების ფარგლებში გამოიტანა.

19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ს–სა და ა. კ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი – განზრახ მკვლელობა ჩადენილი ეროვნული შეუწყნარებლობის გამო. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

20. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ა. კ–სა და გ. ს–ს თავდაპირველი კვალიფიკაციით – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მკვლელობის ჩადენა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, შეკრებილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული.

20.1 საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეუწყნარებლობის „მოტივის დამტკიცება ხშირად საკმაოდ რთულია პრაქტიკაში. მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულება გამოიძიოს ძალადობრივი ქმედების რასისტული მოტივი არის საუკეთესო ძალისხმევის განხორციელების და არა – აბსოლუტური ვალდებულება (იხ. მაგალითად, Šečić v. Croatia, no. 40116/02, §66, ECtHR, 31/05/2007). თუმცა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს გონივრულად, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Fedorchenko and Lozenko v. Ukraine, no. 387/03, §66, ECtHR, 20/09/2012 ). კერძოდ, შეაგროვოს და დაიცვას მტკიცებულებები, სიმართლის დასადგენად გამოიკვლიოს ყველა პრაქტიკული საშუალება და მიიღოს დასაბუთებული, მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები, ყურადღების მიღმა არ დატოვოს ის საეჭვო ფაქტები, რომლებიც შეიძლება იყოს დანაშაულის რასობრივი ხასიათის ინდიკატორი (Lakatošová and Lakatoš v. Slovakia, no. 655/16, §76, ECtHR, 11/12/2018; იხ. Bekos and Koutropoulos v. Greece, no. 15250/02, §69, ECtHR, 13/12/2005; Balázs v. Hungary, no. 15529/12, §52, ECtHR, 20/10/2015);

20.2. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, უშუალოდ დაზიანებების მიყენებისას მსჯავრდებულები გარდაცვლილს იხსენიებდნენ ,,ებრაელად“, ასევე დაკითხული მოწმეების (მათ შორის, გ. მ–ს, ს. ბ–ის) ჩვენებების თანახმად, ისინი სხვა რასისა თუ ეროვნების პირთა მიმართ იყვნენ არაკეთილგანწყობილნი, აღნიშნული, ცალკე აღებული არ გამორიცხავს მათი მხრიდან მკვლელობის მითითებული მოტივის – ეროვნული შეუწყნარებლობის გამო – გარეშე ჩადენას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმეები, რომლებიც უთითებენ მათ დამოკიდებულებაზე სხვა ერების მიმართ, არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ზ. ა-ს ჩვენებას (მოწმემ განმარტა, რომ არის ფერადკანიანი, ქართველებისგან განსხვავდება ეროვნებითაც და კანის ფერითაც; გ. ს–ს იცნობს ბარ ,,შ–დან‘‘. მასთან და მის მეგობრებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია. ა. კ–ს მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს და არც შეურაცხყოფა მიუყენებია).

20.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტის წარმოშობის საწყის მიზეზსა და განვითარებაზეც, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ პირველ ეტაპზე ი. ბ–მ საუბარი დაიწყო გ. ს–სთან ქართველობასა და ზოგადად საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. ს–მ ყურადღება არ მიაქცია ი. ბ–ს და სცადა მისი თავიდან მოშორება, მან კვლავ გააგრძელა იგივე თემაზე საუბარი, რაზეც მისცა შენიშვნა – „რა გაახურე საქმე ს–ზე ლაპარაკით“. ამ დროს საუბარში ჩაერთო ვ. ს–ს მეგობარი ო. გ–ი, რომელმაც გაიმეორა გ. ს–ს სიტყვები და იმავდროულად შეიგინა. ნ. შ–მ ო. გ–ს გინება აღიქვა სს შეურაცხყოფად და გამოხატა უკმაყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ ო. გ–სმა განუმარტა, რომ მას სს მისამართით არ შეუგინებია, ა. კ–ი, გ. ს–ე, ნ. შ–ა, ი. ბ–ე, ო. გ–ი, ასევე ვ. ს–ი და ზ. მ–ე სალაპარაკოდ გავიდნენ სხვა ადგილას. აღნიშნულის შემდეგ, მათ შორის – მსჯავრდებულებისათვის ცნობილი გახდა ვ. ს–ს ეროვნული კუთვნილება, თუმცა ამ ინფორმაციის მიღება არცერთი მათგანისათვის არ გახდა კონფლიქტის დამატებითი საფუძველი. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ნ. შ–ს მიერ ვ. ს–სათვის ხელის დარტყმამდე იგი სწორედ მსჯავრდებულებს ესაუბრებოდა. გ. ს–სა და ნ. შ–ს აგრესია განაპირობა ამ უკანასკნელის მიმართ ვ. ს–ს ნათქვამმა კონკრეტულმა სიტყვებმა, რომელიც მათ მიიღეს დამცინავად და არა განცხადებამ მისივე ეროვნული კუთვნილების შესახებ. კერძოდ, მათ შორის – ნ. შ–ს ჩვენების თანახმად, ვ. ს–მა მას მიმართა შემდეგი სიტყვებით: ,,შენ რა მაგარი ბიჭი ხარ‘‘ და თან დასცინა (გააჯავრა) – ,,რა მაგრად მოძრაობ“. ვ. ს–ს ასეთი მიმართვა ნ. შ–მ აღიქვა აგდებულ დამოკიდებულებად, რამაც გააღიზიანა; ო. გ–ს განმარტებით, საუბარში სწორედ ამ დროს ჩაერთო გ. ს–ე და ნ. შ–ს მიმართა: ,,ნახე, ბიჭო, დაგცინის კიდეც‘‘. სწორედ ამის შემდეგ დაარტყა ნ. შ–მ ვ. ს–ს სახეში მუშტი, რის შედეგადაც ვ. ს–ი წაბორძიკდა, ნ. შ–ა კი კვლავ ცდილობდა ვ. ს–სთვის დარტყმას, თუმცა ზ. მ–მ უკნიდან დაქაჩა და წონასწორობადაკარგული ნ. შ–სა თვითონვე დაეცა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულები მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ჩაერთვნენ ფიზიკურ კონფლიქტში, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ა. კ–ი და გ. ს–ე მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვნენ ჩხუბში, რაც მათი მეგობარი ნ. შ–ა დაეცა.

20.4. აღნიშნულის გათვალისწინებით ა. კ–სა და გ. ს–ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის მიზეზი იყო არა ვ. ს–ს ეროვნება, არამედ ვ. ს–სა და ნ. შ–ს შორის მიმდინარე საუბრის (დაცინვის) გამო მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება.

21. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად, რომ მსჯავრდებულებმა მკვლელობა ჩაიდინეს ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, უთითებს მათ ზოგად დამოკიდებულებაზე სხვა რასისა და ეროვნების პირთა მიმართ; უშუალოდ დაზიანებების მიყენებისას მსჯავრდებულების ნათქვამ ფრაზებზე: ,,შენი ებრაელი დედა“ (ა. კ–ი) და ,,მოკალი, ამის ე–ი დედა‘‘ (გ. ს–ე), რაც ასევე a priori არ ადასტურებს დანაშაულის ეროვნული შეუწყნარებლობის გამო ჩადენას;

21.1. დაპირისპირებისა და კონფლიქტის წარმოშობის მიზეზის, განვითრებისა და მიმდინარეობის გათვალისწინებით, მათ შორის – ო. გ–ს (ბრალდების მხარის მოწმე) ჩვენებითა და სს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. კ–სა და გ. ს–ს მიერ ვ. ს–ს განზრახ მკვლელობის ჩადენა სწორედ ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ს–ს ეროვნული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის მიღება მსჯავრდებულებისათვის არ გამხდარა ფიზიკური დაპირისპირების საფუძველი და გ. ს–სა და ნ. შ–სას აგრესია განაპირობა ამ უკანასკნელის მიმართ ვ. ს–ს ნათქვამმა კონკრეტულმა სიტყვებმა, რომელიც მათ მიიღეს დაცინვად (და არა განცხადებამ მისივე ეროვნული კუთვნილების შესახებ), რასაც მოჰყვა ჯერ ნ. შ–ს, შემდეგ კი მსჯავრდებულების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ ვის ეჩხუბებოდა ნ. შ–ა – ეროვნებით ე–ს თუ ქ–ს, სწორედ მისი დაცემის შემდეგ ჩაერთვნენ მსჯავრდებულები ჩხუბში. ამდენად, სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ გ. ს–მ და ა. კ–მა ვ. ს–ი განზრახ მოკლეს მისი ეროვნების გამო და ისინი სხვაგვარად იმოქმედებდნენ ვ. ს–ს ადგილას ეროვნებით ქ–ს ყოფნის შემთხვევაში.

21.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

21.3. იმავდროულად, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

22. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ა. კ–სა და გ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

24. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, ასევე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ბ–სა და მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე