Facebook Twitter

საქმე # 200100122005841967

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №554აპ-23 6 ნოემბერი, 2023 წელი

ფ-ი რ., №554აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენით ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:

1.2. რ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ი) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

– საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

– საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენით რ. ფ-ისათვის დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.

– რ. ფ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

1.3. მსჯავრდებულ რ. ფ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ- მ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში, ასევე, მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 12 აპრილს, ქ. თბილისში, ასევე, 2022 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში, --- ტერიტორიაზე, რ. ფ-მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები, ერთ შემთხვევაში – 0,03706 გრამი „მეთადონის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება, ხოლო მეორე შემთხვევაში, 0,3872 გრამი „მეტამფეტამინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება – 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა გ. ლ-ზე, რომლისგანაც 2022 წლის 13 და 19 აპრილს ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ფ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ფ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (გამოკითხვის ოქმები, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმი, ამოღების ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის, ასევე, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენას.

4.3. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს დანაშაულის პროვოკაციის შესახებ, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა დანაშაულის პროვოკაცია და ამ უკანასკნელ გარემოებაზე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, გ. ლ-ი ფლობდა ინფორმაციას რ. ფ-ის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ, რადგან წარსულშიც შეუძენია მისგან ნარკოტიკი. 2022 წლის 12 აპრილს რ. ფ-მა მას გადასცა ნარკოტიკული საშუალება და უთხრა, რომ შემდგომშიც მიჰყიდდა, რაც შეასრულა კიდეც. კერძოდ, მას შემდეგ, რაც 2022 წლის 19 აპრილს შეხვდა გ. ლ-ს, უთხრა, რომ იმავე დღეს მისულიყო მასთან და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებას, შეხვედრამდე კი კვლავ დაუკავშირდა ტელეფონით და მიაწოდა ინფორმაცია გადასაცემი ნარკოტიკული საშუალების ოდენობის შესახებ. ამდენად, საქმეში არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიცირება, რაც, ცხადია, საფუძველს აცლის დანაშაულის პროვოკაციის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს.

4.4. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით, 59-ე მუხლითა და 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს მინიმალურ სასჯელს, რის გამოც, დაცვის მხარის მოთხოვნა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, საფუძველს მოკლებულია.

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ- მ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე