Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-343-03 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: საერთო სარგებლობის დერეფნიდან მოპასუხის სკივრის გატანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. პ-ი, ლ. ბ-ა და ტ. დ-ა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები არიან. ნ. პ-მა და ლ. ბ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ტ. დ-ას მიმართ და მოითხოვეს ტ. დ-ის კუთვნილი სკივრის გატანა დერეფნიდან, რადგან ეს დერეფანი მოსარჩელეთა საერთო სარგებლობაშია და მოპასუხის ნივთი ხელს უშლის მათ.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 3 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმის გამო, რომ მოპასუხე ტ. დ-ა და მისი წარმომადგენელი ი. ღ-ი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მათთვის ცნობილი იყო სასამართლოს სხდომის დრო სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ტ. დ-ას წარმომადგენელმა ადვოკატმა ი. ღ-მა გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან ავადმყოფობის გამო დააგვიანა პროცესზე და ამის თაობაზე სასამართლოს დროულად ვერ შეატყობინა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებით ტ. დ-ას და მისი წარმომადგენელი ი. ღ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ტ. დ-ას წარმომადგენელმა ი. ღ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს განჩინებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ტ. დ-ას რწმუნებული ი. ღ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინება. სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა იმის გამო, რომ პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი, მოწინააღმდეგე მხარემ კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

ტ. დ-ას წარმომადგენელმა ი. ღ-მა გაასაჩივრა სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უწყებები მას და მის მარწმუნებელს არ მიუღიათ.

სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის განჩინებით ტ. დ-ას წარმომადგენელი ი. ღ-ის საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და სხდომის დღე დაინიშნა 2002წ. 3 ოქტომბერს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ტ. დ-ას სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინება და საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2001წ. 3 სექტემბერს, 11 საათზე, აღნიშნულის შესახებ გაფრთხილებულ იქნა ტ. დ-ას რწმუნებული ი. ღ-ი, მაგრამ თვითონ ტ. დ-ას კი არ გაეგზავნა შეტყობინება სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნულის გამო კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა სასამართლოს.

ნ. პ-მა და ლ. ბ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეტანილ იქნა სასამართლოში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არა მე-10 დღეს, არამედ მე-11 დღეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი იყო ვადის დარღვევით. ტ. დ-ას და მის წარმომადგენელს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება არ მოუთხოვიათ იმ საფუძვლით, რომ უშუალოდ მოპასუხეს სასამართლო უწყება არ გაგზავნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. პ-ის და ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 2001წ. 28 ივნისს დანიშნული, ნ. პ-ის და ლ. ბ-ას სარჩელის განხილვა ტ. დ-ას მიმართ გადაიდო 2001წ. 3 სექტემბერს 11 საათისათვის, მაგრამ სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინება უშუალოდ ტ. დ-ას არ გაგზავნია სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გააუქმა რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სსკ-ს 233-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობოთ სასამართლო სხდომის ჩატარების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ საჩივარი შეტანილი იყო არა კანონით დადგენილ 10 დღეში, არამედ _ მე-11 დღეს. დადგენილია, რომ ტ. დ-ას წარმომადგენელმა ი. ღ-მა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2001წ. 1 ოქტომბერს, საჩივარი კი შეიტანა 2001წ. 11 ოქტომბერს. სსკ-ს 237-ე მუხლში მითითებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. სკ-ს 122-ე მუხლით კი განისაზღვრება ვადის ათვლის დრო. ამ ნორმის თანახმად, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. ხსენებული ნორმების საფუძველზე ტ. დ-ას წარმომადგენელს არ დაურღვევია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე საჩივრის შეტანის ვადა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. პ-ის და ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.