¹ 3კ-344-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. გორში ... მდებარე სამოთახიანი ბინის მესაკუთრეა თ. კ.-ე.
თ. კ.-მ 1995წ. ნოემბერში სესხად მიიღო გ. ლ.-ისაგან 1000 აშშ დოლარი სარგებლის გადახდის გარეშე შვიდი თვის ვადით. გარიგების თანახმად კრედიტორს თანხის დაბრუნებამდე უნდა ეცხოვრა მოვალის ბინაში, რომლის შეკეთებაზეც გ. ლ.-ის მიერ გაწეულ იქნა გარკვეული ხარჯები.
თ. კ.-მ 2001წ. ივნისსი გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადაეხადა გ. ლ.-ისათვის 2000 აშშ დოლარი, მათ შორის 1000 აშშ დოლარი ვალის დასაფარად, ხოლო 1000 აშშ დოლარი – ბინის რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
გ. ლ.-მ 2000 აშშ დოლარის მიღებაზე და ბინის გამოთავისუფლებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თ. კ.-მ უნდა აუნაზღაუროს ვალის დაბრუნების დაგვიანებით მიყენებული ზარალი, რაც მისი მტკიცებით 10000 ლარს შეადგენს.
2002წ. იანვარში თ. კ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. ლ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს მის კუთვნილ ქონებას.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა სარჩელი.
გ. ლ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას.
კასატორი მიუთითებს, რომ სკ-ს 159-ე მუხლის თანახმად იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ მფლობელს, რომელსაც მხოლოდ კუთვნილი თანხის მიღების შემდეგ უნდა დაევალოს ბინის გამოთავისუფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.გორში ... მდებარე ბინა ¹30 სამოთახიანი ბინა ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით ირიცხება თ. კ.-ის სახელზე.
დადგენილია, რომ 1995წ. ნოემბერში თ. კ.-მ გ. ლ.-ისაგან ისესხა 1000 აშშ დოლარი შვიდი თვის ვადით.
თ. კ.-მ მისი კუთვნილი სამოთახიანი ბინა გ. ლ.-ს დაუთმო იმ პირობით რომ ეს უკანასკნელი ბინას გამოათავისუფლებდა ვალის დაბრუნებისთანავე.
სკ-ს ნორმები არ ივალისწინებს ვალდებულების შესრულების უზრუფნველყოფის ისეთი საშუალების გამოყენებას, როგორიცაა ვალის გადახდამდე ბინის საცხოვრებლად დათმობა. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული. მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
გარიგება იმის თაობაზე, რომ მევალე ისარგებლებს მოვალის ბინით ვალის დაბრუნებამდე არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იგი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს.
დადგენილია, აგრეთვე რომ მხარეები შეთანხმდნენ ბინის სახურავის შესაკეთებლად გ.ლ.-ის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.
კასატორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თ.კ.-მ 2001წ. ივნისში სცადა დაებრუნებინა მისთვის აღებული სესხი და ბინის რემონტზე გაწეული ხარჯები სულ 2000 აშშ დოლარი.
გ. ლ.-მ ვალის დაფარვის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვა 10000 ლარის გადახდა რაც შეადგენს ცალკე დავის საგანს.
სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვიდრე კ.-ე არ დააბრუნებდა ვალს, გ. ლ.-ი წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელს. მხარეთა შორის დადებული გარიგებით გ. ლ.-ს ვალის დაბრუნებამდე გააჩნდა ამ ბინით სარგებლობის უფლება.
2000წ. ივნისიდან, როდესაც გ. ლ.-მ უარი განაცხადა თ.კოროშიძისაგან თანხის დაბრუნებაზე და ბინის გამოთავისუფლებაზე კასატორი მიჩნეულ უნდა იქნეს არამართლზომიერ მფლობელად.
სკ-ს 434-ე მუხლის შესაბამისად თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, მოვალე უფლებამოსილია ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისგან.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში კ.-ეს არ გამოუყენებია კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, მაგრამ უდავოა, რომ შესრულება ვერ მოხერხდა კრედიტორის – გ.ლ.-ის ბრალით, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა თანხის მიღებაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გ. ლ.-ის მიერ სადავო ბინის ფლობა ჩაითვალა არამართლზომიერად რის გამო დაკმაყოფილდა მესაკუთრის მოთხოვნა მისი გამოსახლების შესახებ.
გ. ლ.-ის მოთხოვნა ვალის დაბრუნების თაობაზე არის ცალკე დავის საგანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება გ. ლ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული სარჩელის უზრუნველსაყოფად კ.-ის ბინაზე დადებულია ყადაღა.
სააპელაციო პალატამ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყფოილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გაუქმდეს განკარგულება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.