საქმე # 330100122006429497
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №533აპ-23 ქ. თბილისი
ფ. მ. 533აპ-23 14 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ფ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 30 მარტს შპს ,,მ–ს“ და მ. ფ–ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N............., რომლის საფუძველზეც შპს ,,მოგომ“ 3500 ლარად შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, 1998 წელს გამოშვებული ,,MERCEDES BENZ C230’’-ის მარკის ავტომანქანა, ვინ კოდით ................, სახელმწიფო ნომრით N.........., რომელიც 2017 წლის 30 მარტს გადასცა ლიზინგის მიმღებს - მ. ფ–სეს - ფლობის, სარგებლობის და შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით, სალიზინგო საზღაურად კი 6209.28. ლარი, რომელიც მ. ფ–ს უნდა გადაეხადა გრაფიკის მიხედვით - თვეში 258,72 ლარი. მ. ფ–ს არ ჰქონდა ხსენებული ავტომანქანის მესამე პირისათვის სამართავად გადაცემისა და მით უფრო, გასხვისების უფლება. მ. ფ–ე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, შპს ,,მ–ში“ გადაიხადა მხოლოდ 306 ლარი და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს ,,მ–ს“ კუთვნილ ავტომანქანას, კერძოდ კი, 2019 წლის აპრილის თვეში, ქ. თ–ში, ............ის გამზირ N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა დაშალა ნაწილებად, გაყიდა 1200 ლარად და მოიხმარა პირადად, ვინაიდან 2021 წლის 17 ივნისს შპს ,,მ–ს“ პრობლემური აქტივები გადაეცა შპს ,,..........ს“, მ. ფ–ს დანაშაულებრივი ქმედებით შპს ,,...........ას“ მიადგა 3983 ლარისა და 41 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განაჩენით:
3.1. მ. ფ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა სალომე გულიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ მ. ფ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, მის მიმართ ჯარიმაზე მკაცრი სახის სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ მ. ფ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, მის მიმართ ჯარიმაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ პროკურორმა, მხოლოდ სასჯელის ნაწილში მისი დამძიმების კუთხით.
8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს მ. ფ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც მ. ფ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის განსაზღვრა განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და პატიმრობის ultima racio ხასიათის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი. ამასთან, ოჯახს აქვს მძიმე სოციალური პირობები.
9.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22).
9.4. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე