Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-349-03 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა, აუქციონის შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ლ-მა 2001წ. 5 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ. ლ-ისა და მცხეთის ნოტარიუსის მიმართ, ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვისა და ბინაზე აუქციონის შეჩერების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ.მცხეთაში, ... მდებარე 84,30 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა და 4,0 კვ.მ დამხმარე ფართის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინის ნახევარი მას ეკუთვნოდა; ვინაიდან არავინ ჰყავდა მომვლელი, 1995წ. 4 აგვისტოს სახლის თავისი წილი აჩუქა მაზლიშვილს, შ. ლ-ს იმ პირობით, რომ პატრონობას გაუწევდა გარდაცვალებამდე და იცხოვრებდა მასთან ერთად მის ბინაში. 2002წ. მაისში მ. ლ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე შ. ლ-მა მასთან შეთანხმების გარეშე ბანკიდან გამოიტანა სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად დატვირთა ნაჩუქარი ბინა. ამჟამად მცხეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დანიშნულია აუქციონის წესით სადავო ბინის გაყიდვა, რაც აყენებს მოსარჩელეს გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის განჩინებით, მ. ლ-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა აღსრულება ქ.მცხეთაში, ... მდებარე შ. ლ-ის ბინაზე. ამავე სასამართლოს 2001წ. 24 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა შ. ლ-ის შუამდგომლობა და სს “გ-ი” (მცხეთის რაიონული ფილიალი) ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

2002წ. 7 სექტემბერს შეტანილი დამატებითი სარჩელით მ.ლ-მა მოითხოვა 1995წ. 8 აგვისტოს გაფორმებული გირავნობისა და ნაჩუქრობის ხელშეკრულებების გაუქმება, საცხოვრებელი ბინის თავისი წილის დაბრუნება. სს “გ-ის” წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა აუქციონის შეჩერების თაობაზე მიღებული განჩინების გაუქმება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ოქტომბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1995წ. 4 აგვისტოს მ. ლ-სა და შ. ლ-ს შორის გაფორმებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება გაუქმდა ნაწილობრივ; ქ.მცხეთაში, ... მდებარე, შ. ლ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 1/2 დაუბრუნდა საკუთრებაში მ. ლ-ს; არ დაკმაყოფილდა სს “გ-ის” შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ; შეჩერებულ იქნა გირავნობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მ.ლ-ის დამატებითი სარჩელის განხილვა, ასევე გირავნობის ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ სს “გ-ის” შეგებებული სარჩელის განხილვა, მოცემული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “გ-ის” წარმომადგენელმა გ. ო-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. ლ-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით აღსრულების შეჩერების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის განჩინება.

გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) ნორმებით, მაგრამ, მხარეები რომ შეთანხმებულიყვნენ და მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებულიყო სკ-ს 530-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე მაინც ვერ გამოითხოვდა გაჩუქებულ ნივთს, რადგან მან უხეში გაუფრთხილებლობით მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა შ. ლ-ს დაეთანხმა სადავო ბინის დაგირავებაზე.

საააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ლ-ის უფლებამონაცვლე ნ. ქ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):

მ. ლ-ი შ. ლ-ის ვალის _ 15000 ლარის _ დასაფ-ად შეიტანს სს “გ-ში” 15000 ლარს, აქედან დაუყოვნებლივ 2000 ლარს, დანარჩენ 13000 ლარს შეიტანს სს “გ-ის” ანგარიშზე ორი წლის განმავლობაში, 2003წ. ივლისიდან 2005წ. ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად 541 ლარისა და 6 თეთრის ოდენობით;

ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სს “გ-ი” უფლებას იტოვებს, სკ-ს 304-ე მუხლის შესაბამისად, ვალის დასაფარად აღსრულება მიაქციოს ქ.მცხეთაში, ... მდებარე, შ. ლ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო 2003წ. 26 ივნისის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

მ. ლ-ი შ. ლ-ის ვალის – 15000 ლარის _ დასაფ-ად შეიტანს სს “გ-ში” 15000 ლარს, აქედან დაუყოვნებლივ – 2000 ლარს, დანარჩენ 13000 ლარს შეიტანს სს “გ-ის” ანგარიშზე ორიწ. განმავლობაში, 2003წ. ივლისიდან 2005წ. ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად 541 ლარისა და 6 თეთრის ოდენობით.

ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სს “გ.” უფლებას იტოვებს სკ-ს 304-ე მუხლის შესაბამისად ვალის დასაფ-ად აღსრულება მიაქციოს ქ.მცხეთაში, ... მდებარე შ. ლ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე;

2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;

3. გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განჩინება;

მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.