Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-350-03 14 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის გზით.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. თ-ესა და ა. ა-ეს შორის 2000წ. 16 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შ. თ-ემ მოპასუხეს ასესხა 5000 აშშ დოლარი უპროცენტოდ. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ბინა, მდებარე თბილისში, ... მოპასუხეს სესხის სანაცვლოდ მისი ფირმის სახელით შ. თ-ისათვის უნდა დაექირავებინა მოქალაქე გ. წ-ის ბინა, რომლის ქირა თვეში 250 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მას. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის ქირა, დანარჩენი კი გადაიხადა მოსარჩელემ.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შ. თ-ემ აღძრა სარჩელი ა. ა-ის მიმართ და მოითხოვა 6500 აშშ დოლარის გადახდა, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია, აღნიშნული ბინიდან ვ. შ-ს გამოსახლება და სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნა.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმულმა ვ. შ-მ მოითხოვა ა. ა-ეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სესხად აღებული 5300 აშშ დოლარი და შ. თ-ესა და ა. ა-ეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმულმა შ. ნ-მა მოითხოვა მის სასარგებლოდ ა. ა-ეს დაკისრებოდა 3500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი.

მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული არცერთი სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებს ურთიერთობა ჰქონდათ ფირმასთან, რომლის გენერალური დირექტორი იყო იგი. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებით ფიზიკური პირის მიმართ მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით, შ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 6500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა და აღნიშნული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოპასუხის ბინის იძულებით გაყიდვა. შ. თ-ის მოთხოვნა სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სადავო ბინიდან ვ. შ-ს გამოსახლების შესახებ.

ვ. შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 5300 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებაზე ეთქვა უარი.

შ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. ა-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ვ. შ-ს გამოსახლებაზე და სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნაზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას შ. თ-ემ უარი განაცხადა ვ. შ-ს გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვა მხოლოდ ყადაღის მოხსნაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ა. ა-ის სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, მოსალოდნელი სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტის ბრძანებით ყადაღა დაედო ბრალდებულ ა. ა-ის კუთვნილ 7 ბინას, მათ შორის შ. თ-ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ ბინას. აღნიშნული ბრძანება უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 21 მარტის განჩინებით.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი და მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო წარმოება ყადაღის გაუქმების სხვა წესებს ითვალისწინებს და ვინაიდან სადავო ბინაზე ყადაღა დადებულია სისხლის სამართლის საქმეთან დაკავშირებით, იპოთეკა ვერ გახდება ყადაღის გაუქმების საფუძველი.

აღნიშნულის გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით შ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთული სადავო ბინის ყადაღისაგან განთავისუფლება და ამავე ბინიდან ვ. შ-ს გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატის განჩინებაში არასწორად არის აღნიშნული, რომ თითქოს მან უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე ვ. შ-ს გამოსახლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. ფაქტიურად მხარეთა შორის მოხდა მორიგება და სააპელაციო პალატას სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, რითაც ამავე კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად მიეცემოდა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა განჩინება ამ ნაწილში. სააპელაციო პალატას არ გაურკვევია მოპასუხეები ეთანხმებოდნენ თუ არა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას.

კასატორს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი ა. ა-ის ბინაზე ყადაღის მოხსნაზე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის თანახმად მას უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება სსკ-ს 198-ე მუხლის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ შ. თ-ემ სააპელაციო სასამართლოში მისი სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ყადაღის მოხსნის ნაწილში, ხოლო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე ვ. შ-ს გამოსახლების ნაწილში უარი განაცხადა, რაზეც თანხმობა განაცხადა ვ. შ-ს წარმომადგენელემა ვ. ს-ემ. სასამართლო სხდომის ოქმი შ. თ-ის მიერ არ გასაჩივრებულა სსკ-ს 291-ე მუხლით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას არ გაურკვევია ვ. შ-ა ეთანხმებოდა თუ არა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას. ამასთან,M სსკ-ს 378-ე მუხლით დაცულია არა იმ პირის უფლებები, რომელიც უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე, არამედ მოწინააღმდეგე მხარის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე გამოსახლების ნაწილში არის ვ. შ-ა და მის მიერ განჩინება არ გასაჩივრებულა.

კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას მხარეთა მორიგების გამო უნდა შეეწყვიტა გამოსახლების ნაწილში საქმის წარმოება, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება მხარეთა მორიგების შესახებ რაიმე დამადასტურებელი საბუთი.

ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება, რადგან აღნიშნული ნორმით ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო ბინა არ არის შ. თ-ის ქონება, არამედ სადავო ბინა ეკუთვნის ა. ა-ეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.