საქმე # 160100122006185784
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №574აპ-23 ქ. თბილისი
მ. ნ.574აპ-23 29 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 7 აგვისტოს დაახლობით 17:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ნ. მ–სის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სიტყვიერი შელაპარაკებისას გაბრაზებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. მ–სმა, ხელით თმები მოქაჩა, წააქცია და ფეხი დაარტყა თავის მარცხენა არეში მეუღლე ზ. მ–ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 7 აგვისტოს დაახლობით 17:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ნ. მ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სიტყვიერი შელაპარაკებისას გაბრაზებული, ალკოჰოლით მთვრალი ნ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ზ. მ–ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2022 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ნ. მ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე, ალკოჰოლის ყიდვაზე მომხდარი შელაპარაკებისას გაბრაზებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. მ–მა ორჯერ დაარტყა მუშტი ზურგში მეუღლე ზ. მ–ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.4. 2022 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში მდებარე ნ. მ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე, ალკოჰოლის ყიდვაზე მომხდარი შელაპარაკებისას გაბრაზებული, ალკოჰოლით მთვრალი ნ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ზ. მ–ს, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით:
3.1. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 7 აგვისტოს ეპიზოდი);
3.2. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 7 აგვისტოს ეპიზოდი);
3.3. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი);
3.4. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი);
3.5. გამართლებულ - ნ. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას;
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ზ. მ–მ, ასევე მოწმე გ. მ–მ (დედა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის - ნ. მ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ნ. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას და ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
12. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების (ორი ეპიზოდი) ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. მ–ს ქმედებით დაზარალებულისთვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
14. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმზე, მართალია, დაზარალებულმა ზ. მ–მ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ნ. მ–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (2022 წლის 7 აგვისტოს და 2022 წლის 14 აგვისტოს), თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა და შემთხვევის თვითმხილველმა მოწმემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება ნ. მ–ს მუქარის დაზარალებულის მიერ რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას.
16. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
17. დაზარალებულმა ზ. მ–მ და მოწმე გ. მ–მ (დედა) ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ. მ–სის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო დაზარალებულმა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე. ანალოგიური მსჯელობა მიემართება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მითითებულ ვიზუალური დათვალიერების ოქმსა და სამედიცინო ბარათს, სადაც ასახულია დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია მეუღლის მიერ მის მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სასამართლოში არ დაუდასტურებია.
20. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტყუარობის კუთხით, ცალ-ცალკე და ერთობლივად; ასევე - მათი საკმარისობის თვალსაზრისით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ვიზუალური დათვალიერების ოქმი, რომლებშიც ასახულია დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაცია, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი და მათი გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
22. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ნ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.
23. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
23.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
25. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
28. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე