საქმე # 330100122006499640
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №549აპ-23 ქ. თბილისი
კ. რ.549აპ-23 27 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–სეს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. კ–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. კ–ე, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, სატელეფონო კომუნიკაციას და ჩაცმის სტილს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა ი. კ–ს მიმართ, კერძოდ, მარცხენა ხელი ჩაავლო მარჯვენა მკლავზე, ხოლო შემდგომ მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში. რ. კ–ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ი. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.თ–ში, ზ–ს უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ..-ე კორპუსის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. კ–სემ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. კ–ე, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, სატელეფონო კომუნიკაციას და ჩაცმის სტილს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სამსახურში მიაკითხა ი. კ–სეს და ყვიროდა, რომ „გამობუგავდა“ მას, მოგვიანებით კი, ქ. თ–ში, ზ–ს უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალადობის განხორციელების პროცესში, რ. კ–სე კვლავ დაემუქრა ი. კ–ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ გაგუდავდა და მოკლავდა მას. რ. კ–ს მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა ი. კ–სემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2022 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ.თ–ში, ზ–ს უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურში ყოფნის დროს და სატელეფონო კომუნიკაციისას, თანაცხოვრების განმავლობაში და დაშორების შემდგომ, რ. კ–ე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. კსე, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, სატელეფონო კომუნიკაციას და ჩაცმის სტილს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კვირაში რამდენჯერმე, სისტემატურად, მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. კ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას. რ. კ–ს მიერ განხორციელებული შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის მხედველობაში მიღებით, ი. კ–სე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2.4. რ. კ–სე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი. კ–ე, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, სატელეფონო კომუნიკაციას და ჩაცმის სტილს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ი. კ–ს, კერძოდ, 2020 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე და 2021 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თ–ში, ზ–ს უბნის დასახლება, მე-.. კვარტალი, ..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურში ყოფნის დროს, სატელეფონო კომუნიკაციის გზით უთხრა, რომ „ყელს გამოჭრიდა“, „ტყვიას დააჭედებდა“ და“ ტვინს გაასხმევინებდა“, ხოლო 2022 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, სამსახურში ყოფნისას მივიდა ი. კ–სთან და უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. რ. კს მიერ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა ი. კ–მ თითოეულ შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
3.1. რ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა,საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე - ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 სექტემბრის და 2021 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 სექტემბრის და 2021 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და რ. კ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი;
3.3. რ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 13 სექტემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას რ. კ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ რ. კ–სის აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ი. კ–ს და მოწმეების: გ. თ–ს, შ. ნ–ს, დ. ჩ–ს, ზ. ნ–ს, ტ. ნ–ს, ე. ა–ს და გ. კ–ს გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნა, ამბოლატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. კ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც რ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12.1. სააპელაციო სასამართლომ რ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ რ. კ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას, აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის სამართლებრივ შედეგებს და მოცემულ შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი უნდა „ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე