Facebook Twitter

¹3კ-355-03 28 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ჩ-მა სარჩელი აღძრა ე. პ-ისა და ც. ც-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 1360 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე ინდივიდუალური მეწარმეა და სოფ. ........ აქვს შერეული მაღაზია. მოპასუხეები დაქირავებული ჰყავს და ისინი მაღაზიაში მუშაობენ გამყიდველად. ჩატარებული აღწერის შედეგად მათ აღმოაჩნდათ მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 1360 ლარის ოდენობით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი მაღაზიაში მუშაობენ 2000წ. თებერვლიდან. გასავალ-შემოსავალს აწარმოებდნენ რვეულებში, რომლებიც მათთან ინახებოდა. გასავლის ჩანაწერებს ახორციელებდა მოსარჩელე.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. პ-სა და ც. ც-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 1360 ლარის გადახდა დაეკისრათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

ჯ. ჩ-ი არის ინდმეწარმე და სოფ. ........ აქვს შერეული მაღაზია. აღნიშნულ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდნენ ე. პ-ი და ც. ც-ი, რომლებიც ხელფასის სახით იღებდნენ 80 ლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. პ-ი და ც. ც-ი იყვნენ დაქირავებული მუშაკები და მხარეთა შორის დავა უნდა მოწესრიგდეს შკკ-ს ნორმებით. სასამართლომ მიუთითა 121-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევებს და მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული ნორმით დადგენილი საფუძვლები მუშაკებზე სრული მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისა.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადასრტურებული თვით დანაკლისის ფაქტიც. მაღაზიის აღწერა ჩატარებულია ისეთი პირის მიერ, რომელსაც ამის უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან არა აქვს სათანადო ორგანოების მიერ გაცემული ლიცენზია ამგვარი საქმიანობის განხორციელების თაობაზე. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მან (ბუღალტერმა) დანაკლისის შესახებ დასკვნა გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯ. ჩ-მა და მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მტკიცებულებად უნდა მიეღო და გაეზიარებინა ჩანაწერების რვეულები. სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 134-ე მუხლი, რადგან ორივე რვეული წერილობითი მტკიცებულებაა და იგი ასეთად არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შკკ-ს 121-ე მუხლი, რადგან მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო სკ-ს 319-ე მუხლის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება დანაკლისის არსებობის თაობაზე, მაშინ როცა პროფესიით ბუღალტრის – ზ. ა-ის მიერ იქნა ჩატარებული მაღაზიის აღწერა და აღწერის აქტები საქმეშია წარდგენილი. საქმეს თან ერთვის ასევე ის რვეულები, სადაც შემოსავალ-გასავლის ჩანაწერები კეთდებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 393-ე მუხლით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით გამოტანილად, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა შკკ-ს 121-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

კერძოდ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის სახეს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულბის წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულბებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ამ ნორმის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეები ასრულებდნენ მომსახურეობას თავიანთი შრომით, ხოლო მოსარჩელე შესრულებული სამუშაოსათვის მოპაუხეებს უხდიდა ყოველთვიურად 80 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას არასწორი შეფასება მისცა და მიიჩნია, რომ მხარეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით Dშრომის კანონთა კოდექსი აწესრიგებს მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციასთან მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმისა. დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ინდივიდუალური მეწარმე. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.1 მუხლით ინდივიდუალური საწარმო არის საწარმოთა ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მაგრამ ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა ყოველთვის არ მიიჩნევა საწარმოს საქმიანობად. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.2. მუხლით ინდივიდუალური საქმიანობა საწარმოს სახეს იღებს იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია სამეწარმეო საქმიანობისთვის აუცილებელი სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასაციო და საბუღალტრო საქმე. დადგენილია, რომ ინდმეწარმის მაღაზია ფუნქციონირებდა საკასო და საბუღალტრო ჩანაწერების გარეშე. ამავე კანონის 13.1 მუხლით ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები თანაბრად ვრცელდება ყველა საწარმოზე (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოზე). 13.1.1. მუხლით საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება უნდა შეუსაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო 13.5 მუხლით დავის შემთხვევაში სასამართლოში შეიძლება წარდგენილი იქნეს საბუღალტრო წიგნები.

აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე (მოსარჩელე) კანონით დადგენილი წესით არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ამიტომ არ შეიძლება დაქირავებულ მუშაკებთან დადებული კონტრაქტი შრომით ხელშეკრულებად იქნეს მიჩნეული. ამასთან, შკკ-ს მე-16 მუხლით შრომის კონტრაქტი არის შეთანხმება საწარმოს ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეები მოსარჩელე და მოპასუხეა და არა საწარმოს ადმინისტრაცია და მუშაკი.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებანი დანაკლისის თაობაზე. სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მხარეს (მოსარჩელეს) უნდა წარმოედგინა საბუღალტრო წიგნები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით იქნებოდა ნაწარმოები.

სსკ-ს 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებაზე სამოქალაქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებანი დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ჯ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

ჯ. ჩ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 54,40 ლარის გადახდა. აქედან 70%-38 ლარი უნდა ჩაირიცხოს ეროვნული ბანკის უზენაესი სასამართლოს ¹000141107 კოდი _ 59 ანგარიშზე, ხოლო 30% 16,32 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.