Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-357-03 25 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ვალის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისათვის იძულებითი აუქციონის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 13 აპრილს ნ. მ-ს (გამსესხებლი) და ზ. ნ-ეს (მსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა მიიღო 21000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ზ. ნ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, ... იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრაციაში გატარდა საჯარო რეესტრში. მოვალემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალი არ გადაიხადა.

ნ.მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვალის გადახდა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ნოემბრის გადახდის ბრძანებით ზ.ნ-ეს დაეკისრა 21000 აშშ დოლარის გადახდა. ზ. ნ-ემ კანონით დადგენილ ვადაში გადახდის ბრძანების მიმართ შეიტანა შესაგებელი და მოითხოვა საქმის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა.

საქმის განხილვისას ზ.ნ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2001წ. 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი მოჩვენებითი გარიგებაა. კერძოდ, 1997წ. 3 მარტს ზ.ნ-ესა და საამშენებლო კომპანია “კ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, (130 კვ.მ ფართობში – 20000 აშშ დოლარი) საამშენებლო კომპანია ზ.ნ-ეს საკუთრებაში გადასცემდა თბილისში, ახალშენის და ჩ-ის ქუჩებს შორის ტერიტორიაზე აშენებული კორპუსის მე-4 სართულზე ოთხოთახიან ბინას. ზ.ნ-ემ 2001წ. დასაწყისში მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, გადაწყვიტა გაეყიდა უფლება ბინაზე და გაზეთში გააკეთა განცხადება. ნ.მ-ი დაუკავშირდა მას და სურვილი გამოთქვა ბინის ყიდვაზე. ზ.ნ-ემ ნ.მ-ი დააკავშირა “კ-ის” პრეზიდენტთან და ბინის ნახვის შემდეგ ისინი შეთანხმდნენ. ნ.მ-მა “ბე”-ს სახით ნ.ნ-ეს გადასცა 1000 აშშ დოლარი, ხოლო 2001წ. 9 მარტს ნ.მ-სა და “კ-ს” შორის წერილობით დაიდო ხელშეკრულება ბინის ნასყიდობის შესახებ. იმავე დღეს ნ.მ-მა ბინის საფასური, 20000 აშშ დოლარი, შეიტანა საამშენებლო ფირმის საბანკო ანგარიშზე. “კ-მა” ვერ შეასრულა დამკვეთთა წინაშე თავისი ვალდებულებები, რის გამოც ნ.მ-მა მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, მაგრამ უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, იძულებისა და მუქარის საფუძველზე, ზ.ნ-ეს მოაწერინეს ხელი იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რის გამოც მას ეს გარიგება ბათილად მიაჩნია.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 13 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ზ.ნ-ეს ნ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21000 აშშ დოლარის გადახდა და იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინა მიქცეულ იქნა სარეალიზაციოდ იძულებით აუქციონზე.

ზ.ნ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 13 აპრილის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულება სესხის ნაწილში, ხოლო იპოთეკის ნაწილში უცვლელად დარჩა. ზ.ნ-ეს ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 1372,45 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

თბილისში, ახალშენისა და ჩ-ის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე მშენებარე სახლში, ბინაზე საკუთრების უფლების გასხვისების თაობაზე _ “კ-ის” წარმომადგენელსა და ზ.ნ-ესთან შეთანხმებით ნ.მ-მა ბინის ღირებულებიდან 20000 აშშ დოლარი ჩარიცხა “კ-ის” ანგარიშზე “...ში”, ხოლო 1000 აშშ დოლარი გადასცა ზ.ნ-ეს. პალატამ მიიჩნია, რომ თანხის გადახდით ნ.მ-მა შეასრულა ზ.ნ-ის მიმართ ვალდებულება. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 373-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ შესრულება მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა – საამშენებლო კომპანია “კ-მა” _ რასაც გამყიდველი ზ.ნ-ე დაეთანხმა. ე.ი. ნ.მ-მა ვალდებულება შეასრულა, ზ.ნ-ემ კი თავის მხრივ ვალდებულება ვერ შეასრულა, რადგან ნ.მ-სა და “კ-ს” შორის დადებული ხელშეკრულება არარა გარიგებაა (ფორმის დაუცველად დადებული გარიგება). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითა სასამართლომ, ნ.მ-ს ზ.ნ-ის მიმართ წარმოეშვა ბინის ღირებულების დაბრუნების მოთხოვნის უფლება. ზ.ნ-ემ თავის მხრივ აღიარა ნ.მ-ის მიმართ ფულადი ვალდებულება და სკ-ს 341-ე მუხლის (ვალის აღიარება) მოთხოვნის შესაბამისად, 2001წ. 13 აპრილს მხარეებმა გააფორმეს სესხისა (21000 აშშ დოლარი) და იპოთეკის ხელშეკრულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარიგება ვალის არსებობის აღიარებაა და არა სესხის ხელშეკრულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ზ.ნ-ეს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ნ-ემ და მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები იურიდიულად დაუსაბუთებელია. კერძოდ, 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება უკანონოდ მიაჩნია, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სკ-ს 198-ე, 199-ე მუხლები. უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ნ.მ-თან ზ. ნ-ეს დადებული ჰქონდა მშენებარე ბინაზე საკუთრების უფლების ნასყიდობა და რომ სკ-ს 373-ე მუხლის საფუძველზე სადავო თანხა არაუფლებამოსილმა პირმა მიიღო. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ აღნიშნული ნორმა არასწორად განმარტა, რადგან მოვალე არის “კ-ი”, რომელსაც ბინა უნდა გადაეცა ზ.ნ-ისათვის, ხოლო ნ.მ-ი ჩაენაცვლა რა ზ.ნ-ეს, მოვალედ კვლავ საამშენებლო ფირმა დარჩა.

კასატორს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ასევე სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ.მ-ს თანხა უნდა დაუბრუნოს ზ.ნ-ემ და არა “კ-მა”. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო თანხა “კ-მა” მიიღო და არა მოპასუხემ.

ვინაიდან კასატორი 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, მიაჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც მას სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა, გასაუქმებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2001წ. 13 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ზ.ნ-ემ ნ.მ-ის მიმართ აღიარა ვალი და მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სანივთო უფლებით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება.

კასატორს მიაჩნია, რომ ზ.ნ-ეს, ნ.მ-სა და “კ-ს” შორის არსებული ურთიერთობების თაობაზე სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი და ასევე მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რის გამოც გადაწყვეტილება გასაუქმებელია. პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას რადგან, ჯერ ერთი, სასამართლომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით და სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა, მეორე სააპელაციო სასამართლომ ზ.ნ-ეს თანხის გადახდა დააკისრა არა იმ საფუძვლით, რომ ნ.მჭედლიშილმა სადავო თანხა “კ-ს” გადაუხადა, არამედ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ვალის არსებობის აღიარება.

პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 341-ე მუხლით იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება. ვალის არსებობის აღიარება ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია. ამასთან, იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. მოცემულ შემთხვევაში ზ.ნ-ემ ვალი აღიარა კანონით დადგენილი წესით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე “კ-ს” და მხარეთა შორის ადრე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სადავოც რომ იყოს, მას ვალის არსებობის აღიარების ნამდვილობისათვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე უსაფუძვლოა.

პალატა თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიუთითოს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მითითება სასამართლო ხარჯების განაწილებაზე და, მით უმეტეს, თუ მოთხოვნაც არსებობს ამ ხარჯების დაკისრების თაობაზე, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი სსკ-ს 53-ე მუხლის საფუძველზე. თუ კი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელებს სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.