გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-358-03 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხი.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 დეკემბერს მ. ჭ-ის წარმომადგენელმა თ. ნ-მ რ. ტ-ის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ რ. ტ-მა მ. ჭ-ისაგან ისესხა 6000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 2% სარგებლით. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიტვირთა რ.ტ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა.
ვინაიდან რ. ტ-მა არ დააბრუნა სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი, მ.ჭ-ემ მოითხოვა ძირითად თანხის _ 6000 აშშ დოლარზე, 6 თვის პროცენტზე _ 720 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,3%-ის და ადვოკატის ხარჯების 300 აშშ დოლარზე გადახდის ბრძანების გაცემა.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 19 დეკემბერს გაცემულ იქნა გადახდის ბრძანება.
რ.ტ-მა 2002წ. 8 თებერვალს აღნიშნულ გადახდის ბრძანებასთან დაკავშირებით წარადგინა პროტესტი. მან მიუთითა, რომ მან სინამდვილეში ისესხა მხოლოდ 4000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებაში სესხის ოდენობად 6000 აშშ დოლარის მითითება განაპირობა იმან, რომ 6 თვის ვადაში პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 2000 აშშ დოლარს, რაც პირდაპირ აისახა სესხად გაცემულ თანხაში. მას ერთდროულად გადახდილი აქვს 1400 აშშ დოლარი, 2002წ. აპრილის ჩათვლით ასევე გადახდილი აქვს პროცენტიც.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 იანვრის განჩინებით პროტესტი მიღებულ იქნა და საქმის განხილვა დაინიშნა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა.
მოპასუხის საჩივრის საფუძველზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი თანხის, 6000 აშშ დოლარის, პროცენტის სახით 720 აშშ დოლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების, 300 აშშ დოლარის, გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ტ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი: ადვოკატის მომსახურების ხარჯების გადახდის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის 2001წ. 5 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ. ჭ-ემ რ. ტ-ს ასესხა 6000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 2%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დადგინდა 0,3%-ის გადახდა.
სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოპასუხის მიერ არ იქნა წარდგენილი ვალდებულების შესრულების მტკიცება, მას სკ-ს 623-ე და 316-ე მუხლების შესაბამისად უნდა დაკისრებოდა როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე _ პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სასამართლო ხარჯების გაწევის გარემოებანი და ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ თავისთავად არ წარმოადგენდა უკვე გაწეული ხარჯების მტკიცების საშუალებას.
კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მტკიცებულებებს, ხოლო მის მოთხოვნაზე _ მოწმეები დაეკითხა, სასამართლომ უარი თქვა. სასამართლომ მას არ მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინა მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა ადვოკატის სახაზინო წესით გამოყოფის შესახებ, რითაც დაირღვა მისი უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს იმასაც ნიშნავს, რომ, როცა წერილობითაა დადებული სესხის ხელშეკრულება, მისი ნამდვილობა არ შეიძლება გაქარწყლდეს მოწმეთა ჩვენებით. წერილობით სესხის ხელშეკრულებაში სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობის (ოდენობა, პროცენტი, ვალუტის სახე, დაბრუნების დრო, ადგილი, პირგასამტეხლო და ა.შ.) განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ზეპირად, მაგრამ მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ანალოგიურად წერილობითი სახის სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა (სესხად მოცემული ვალუტის ან დასაბრუნებელი ვალუტის დაბრუნების ადგილისა და დროის და ა.შ.) შეიძლება ზეპირადაც მოხდეს, მაგრამ საცილობისას მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს წერილობითი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული გასესხებული თანხის სერთო რაოდენობისა და პროცენტის არანამდვილობა.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, როიმ თითქოს მან იმის დასადასტურებლად, რომ მხოლოდ 4000 აშშ დოლარი ისესხა, სასამართლო პროცესზე მოითხოვა მოწმეთა დაკითხვა. მართალია, იგი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ამ გარემოებას დაადასტურებდნენ მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მოწმეები, მაგრამ ამ მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე არ დაუყენებია.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მისი უფლება სახაზინო წესით დაცვის შესახებ.
მართალია, აპელანტმა 2002წ. 28 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის დაენიშნათ ადვოკატი სახაზინო წესით და ეს შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს არ განიხილავს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში 2002წ. 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე აპელანტმა განაცხადა რა, რომ სასამართლოს წინაშე რაიმე შუამდგომლობა არ გააჩნდა, ცხადია, სასმართლოს არ უმსჯელია და არც იმსჯელებდა აპელანტისათვის ადვოკატის სახაზინო წესით დანიშვნის თაობაზე.
სსკ-ს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს, ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილება ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია.
მართალია, ამ ნორმის შესაბამისად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, მაგრამ სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსახილველი საქმე მნიშვნელოვანი და რთული უნდა იყოს, ხოლო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო _ მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, ცხადია, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა მხარის მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ საქმე თავისი შინაარსით მნიშვნელოვანი და რთულია. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი საქმე არც თავისი მნიშვნელობითა და არც სირთულით არ გამოირჩეოდა. იგი წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულებასთან წამოჭრილ დავას შეეხებოდა და ამ დავაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული სესხის რაოდენობა, ვალუტის სახე, გადახდის ვადა, პროცენტი, პირგასამტეხლოს რაოდენობა და ა.შ. ამიტომ მარტოოდენ იმ მიზეზით, რომ მხარეს ეკონომიურად არ ჰქონდა შესაძალებლობა ადვოკატის აყვანისა, მისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დაქირავება მიზანშეუწონელი იყო. თუმცა, სასამართლო სხდომაზე აპელანტმა მოხსნა ეს შუამდგომლობა და განაცხადა, რომ რაიმე შუამდგომლობა არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ვალის ნაწილის დაბრუნების შესახებ. მართალია, ვალის დაბრუნების შესახებ ფორმის დაცვის სავალდებულობას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მისი დაბრუნების ფაქტის დადგენა შეიძლება მოწმეთა ჩვენებითაც, მაგრამ სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნის შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს დამადასტურბელი დოკუმენტი. აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ როგორც სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე სკ-ს 624-ე მუხლის მესამე წინადადების შესაბამისად ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სესხის ხელშეკრულების შესრულების დროს ვალდებულების შესრულების სადავოობისას ვალდებულების შესრულება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმის ჩვენებით. შესრულების სადავობის დროს შესრულების დასადასტურებლად აუცილებელია სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა. ვინაიდან ამგვარი დოკუმენტები ხელთ არ გააჩნდა აპელანტს, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ იგი ვერ ადასტურებდა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს.
სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
ამავე კოდექსის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აქედან გამომდიანრე, საკასაციო სასამართლოს მაიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა უნდა შესრულდეს სრულყოფილად, როგორც ძირითადი ვალის დაბრუნების, ისე _ მისი პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტები გადახდილი სასამართლო ხარჯების შესახებ, ამ მოტივით მისი მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გადახდილი ან გადასახდელი ხარჯების გაანგარიშების შესახებ მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც სსკ-ს 246-ე მუხლის საფუძველზე გადაეწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი და წაგებული მხარისათვის გადასახდელად დაეკისრებინა თანხა რაოდენობის მითითების გარეშე, რაც მოგებულ მხარეს შემდგომში არ დაუკარგავდა უფლებას დაეზუსტებინა თავისი მოთხოვნა გაწეული ხარჯების შესახებ და ახალი, დაზუსტებული სარჩელი წარედგინა ხარჯების მოცულობასთან დაკავშირებით (ამ შემთხვევაში სასამართლო ხარჯები გაწეული რომ არის, დადგენილია, მაგრამ არ იყო დაზუსტებული მისი რაოდენობა).
ვინაიდან ხარჯების ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის გასცდეს კასაციის ფარგლებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლი 30 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.