Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-361-03 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ., ე. და ი. კ-ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ი. ჩ-ის მიმართ. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ 1994წ. მაისის თვის მდგომარეობით შემნახველ სალაროში შეტანილი ჰქონდათ ოჯახის დანაზოგი 465667 მანეთის ოდენობით.

სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკი, რომლის მმართველადაც დაინიშნა მოპასუხე ი. ჩ-ი, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ შემნახველ სალაროებში შეტანილი ანაბრები გადაეტანათ ახლად ჩამოყალიბებულ ბანკში და შესაბამის მოგებას მიიღებდნენ. 1994წ. მაის-ივნისის თვეში მათ ჩარიცხეს თავიანთი ანაბრები და გახდნენ საპაიო-კომერციული ბანკის მეპაიე-დამფუძნებლები. 1994წ. 21 მარტის ¹71 ბრძანებულებით მოხდა კომერციული ბანკების გაერთიანება, მათ შორის საპაიო კომერციული ბანკის ,,ა-ის” გაერთიანება და ჩამოყალიბდა სს “გ-ი”, რომელიც აღარ უბრუნებს შენატანს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეს გადასახდელად დაკისრებოდა 74308 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლომ სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად დაადგინა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადო მოპასუხე იყო სს “გ-ი” და არა ი. ჩ-ი. სასამართლომ შესთავაზა მოსარჩელეებს შეეცვალათ თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, რასაც მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ, რადგან მიიჩნიეს, რომ სათანადო მოპასუხე იყო ი. ჩ-ი. აღნიშნულის გამო, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ს 874-ე მუხლი და სკ-ს 85-ე მუხლი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ი. კ-ეებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მათი სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ განჩინება დაუსაბუთებელია.

კასატორების მოსაზრებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 874-ე მუხლი. კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა არ განიხილა და გვერდი აუარა მათი აქციების უკანონოდ გაყიდვის ფაქტს. საოლქო სასამართლოში მათთვის არ შეუთავაზებიათ მოპასუხის შეცვლა. სასამართლოს განჩინებაში არასწორად სწერია თითქოსდა ისინი არ ეთანხმებიან არასათანადო მოპასუხის შეცვლას სათანადო მოპასუხით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

ამავე კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ფულადი თანხა შეიტანეს საკრედიტო დაწესებულებაში, რომელმაც მასზე მოიპოვა საკუთრების უფლება. საკრედიტო დაწესებულება წარმოადგენს იურიდიულ პირს და იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს. სწორედ იგი არის ვალდებული დააბრუნოს მიღებული თანხა და არა რომელიმე დამფუძნებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ფიზიკური პირი ი. ჩ-ი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს და სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორები მიუთითებენ, რომ საოლქო სასამართლოში მათთვის არ შეუთავაზებიათ მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით, განჩინებაში არასწორად არის მითითებული, რომ თითქოს ისინი არ ეთანხმებიან მოპასუხის შეცვლას.

საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორებს, რომ საოლქო სასამართლოში მათ არ შესთავაზეს მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სსკ-ს 85-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია (არ არის ვალდებული) შეცვალოს მოპასუხე. ამასთან მოსარჩელეებს მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით შესთავაზა რაიონულმა სასამართლომ, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ. სწორედ აღნიშნულ გარემოებაზეა მითითებული სააპელაციო პალატის განჩინებაში.

ამდენად, კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატის განჩინებაში არასწორად არის ასახული მითითებული გარემოება არასწორია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. და ი. კ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.