Facebook Twitter

¹3კ-362-03 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. წ-ი მუშაობდა შპს “ს-ის” ფილიალი “თ-ის” უფროსად. 2001წ. 26 აპრილს ზ. წ-ი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. წ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

შპს “ს-ა” გენერალური დირექტორის 2001წ. 27 სექტემბრის ¹15-02/34 ბრძანებით ზ. წ-ი აღდგენილი იქნა ფილიალ “თ-ის” უფროსის თანამდებობაზე. 2001წ. 5 ოქტომბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.

2001წ. 6 და 25 ოქტომბერს ზ. წ-მა განცხადებებით მიმართა შპს “ს-ის” გენერალურ დირექტორს, რომლითაც თანამშრომლების თხოვნის გათვალისწინებით თანხმობა განუცხადა ფილიალის უფროსის მოადგილედ გადასვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

შპს “ს-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 30 ოქტომბრის ბრძანებით ¹15-02/367 ზ. წ-ი შკკ-ს 26-ე მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად გადაყვანილ იქნა შპს “ს-ას” ფილიალი “თ-ის” უფროსის მოადგილედ.

2001წ. 27 დეკემბერს ზ. წ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში შპს “ს-ის” მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ქონდა დევნას, შევიწროებას; ორჯერ იყო განთავისუფლებული სამუშაოდან და აღდგენილ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; ემუქრებოდნენ და ამხედრებდნენ მის წინააღმდეგ ფოსტის თანამშრომლებს; ზეწოლის შედეგად გახდა ავად და იმყოფებოდა საავადმყოფოში ფურცელზე.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ზ. წ-ის გადაყვანა ფოსტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მოხდა შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით.

ზ. წ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მიუთითა რომ არ მიეცა შეფასება ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ განხირციელებულ დევნის ფაქტს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სამეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

ზ. წ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას რადგან თვლის, რომ დაირღვა შკკ-ს 26-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ზ. წ-მა 2001წ. 6 ოქტომბერს შპს “ს-ის” გენერალურ დირექტორის სახელზე შედგენილი განცხადებით გამოთქვა თანხმობა შპს “ს-ის” ფილიალი “თ-ის” უფროსის მოადგილედ გადასვლაზე. ანალოგიური შინაარსის ნოტარიალური წესით დამოწმებული განცხადება ზ. წ-მა შეიტანა 2001წ. 25 ოქტომბერს.

შპს “ს-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 30 ოქტომბრის ბრძანება შპს “ს-ის” ფილიალის “თ-ის” უფროსის მოადგილედ გადაყვანის შესახებ ზ. წ-მა მიიღო 2001წ. 5 ნოემბერს. აღნიშნული ბრძანება კასატორმა სადავოდ გახადა 2001წ. 27 დეკემბერს სასამართლოში შეტანილი სარჩელით.

ის გარემოება, რომ ზ. წ-ი ფილიალ “თ-ის” უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ განცხადებაში მიუთითებდა თანამშრომელთა აზრის გათვალისწინების თაობაზე და ამ განცხადების სანოტარო წესით დადასტურება მის მიმართ ზეწოლად.

შკკ-ს 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა სამუშაოზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ მუშის თუ მოსამსახურის თანხმობით. ზ. წ-ს გამოთქმული აქვს თანხმობა სხვა სამუშაოზე, კერძოდ, “თ-ის” უფროსის მოადგილედ გადაყვანაზე.

შრომის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული მოსამსახურის მიერ სხვა სამუშაოზე გადაყვანის თაობაზე თანხმობის გამოთქმის შემთხვევაში თუ რა ვადაში უნდა გამოიცეს შესაბამისი ბრძანება.

კანონით არ არის აკრძალული საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში სხვა სამუშაოზე გადასვლაზე თანხმობის მიცემის დაფიქსირება.

გასათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ ზ. წ-მა მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანა სადავოდ გახადა მის მიერ გადაყვანაზე თანხმობის მიცემის განცხადებების შეტანიდან ორი თვის შემდეგ, ხოლო გადაყვანის ბრძანების გამოცემიდან გასული იყო ერთი თვე და 22 დღე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არ დასტურდება ზ. წ-ის მიმართ ზეწოლის განხორციელების ფაქტი.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ზ. წ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წარმოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება დატოვებული იქნეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.