გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-367-03 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ.კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ბ-ა მუშაობდა სს “.. ..-ში ჩრდილოეთ რეგიონის დიდუბის ბიზნეს ცენტრის ...ად. 2002წ. 4 თებერვლის ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბ-ამ მიიჩნია თავისი უფლების დარღვევად და სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. გ. ბ-ა სარჩელში მიუთითებს, რომ მას და სს “.. ..-ს შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2000წ. 16 ივნისს. ხელშეკრულებით კონტრაქტის ვადა მთავრდებოდა 2001წ. 30 ნოემბერს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მასთან დაიდო ახალი ხელშეკრულება 1 თვის ვადით. ასე განმეორდა რამდენჯერმე და ბოლო კონტრაქტი დაიდო 2002წ. 1 თებერვლამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს იმის გამო, რომ განთავისუფლებულია საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში. ამასთან, ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს არ მოუთხოვიათ ხელშეკრულების შეწყვეტა და შესაბამისად ხელშეკრულება დადებულად უნდა ჩათვლილიყო განუსაზღვრელი ვადით. შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთთვიან კონტრაქტს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტი, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ გ.ბ-ას განთავისუფლება ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მიჩნეულ იქნა კანონიერად. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ კონტრაქტის ვადის გასვლის გამო სამსახურიდან პირის განთავისუფლების შემთხვევაში ვერ გავრცელდება შკკ-ს 34-ე მუხლი, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა არ წარმოადგენს ისეთი სახის დარღვევას, რომ მუშაკის განთავისუფლება ჩაითვალოს უკანონოდ.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ბ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ კონტრაქტის შინაარსი ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობას. ამასთან, ვინაიდან საგამოცდო 6 თვიან ვადაში დროებით შრომისუუნარობის პერიოდი არ ითვლება, მისი ავადმყოფობის პერიოდი უნდა გამოაკლდეს საკონტრაქტო ვადას კანონის ანალოგიის თანახმად.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის განჩინებით გ.ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ას სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა კანონის დაცვით საკონტრაქტო ვადის გასვლის გამო და აღნიშნულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება შკკ-ს 34-ე მუხლი.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ამ და მიუთითა, რომ სამუშაო, რაზეც იგი მუშაობს, მუდმივია და არ უნდა ყოფილიყო ერთი ან ორი თვით კონტრაქტით მომუშავე. ამასთან, კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შრომისუუნარობის ფურცელზე გადასვლის მთელი პერიოდისათვის მუშაკს ადმინისტრაციასთან ისევ აქვს შრომითი და სოციალური ურთიერთობა, ვინაიდან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ მასზე პერიოდულად გავრცელდა სოციალური დაზღვევა და აუნაზღაურეს ხელფასი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გ. ბ-ა სს “.. ..-ში მუშაობდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეთა შორის რამდენჯერმე გაგრძელდა კონტრაქტის ვადა, ბოლო ხელშეკრულება გაგრძელდა 2002წ. 1 თებერვლამდე. ვადის გასვლის შემდეგ გ. ბ-ა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით დაწესებული ვადის გასვლის გამო შრომის ხელშეკრულების უპირობო შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლი არ კრძალავს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნას შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს. მითითებული საფუძვლით მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციის ინიციატივით შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, თანახმად შკკ-ს 34-ე მუხლისა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს შკკ-ს 34-ე მუხლი. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ კასატორზე გავრცელდა სოციალური დაზღვევა და აუნაზღაურეს ხელფასი, ამიტომ მას ჰქონდა სოციალური და შრომითი ურთიერთობა ადმინისტრაციასთან, საკასაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს თანახმად სსკ-ს 407-ე მუხლისა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება ასახული არაა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში და საქმის მასალებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.