საქმე # 010100121005351861
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №539აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ა ი., 539აპ-23 14 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: პროკურორს მიაჩნია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულის ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ი. ბ–მ ჩაიდინა მუქარა; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი ი. ბ–ს მეგობრები არიან და ცდილობენ, რომ მან თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ბ–ას ბრალად ედება გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბ–ში, ლ–ს ქუჩა №...-ს მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მასზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ი. ბ–სა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. გ–ს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ი. ბ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ი. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ ი. ბ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. ბ–ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ:
9. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ლ. გ–ს ჩვენებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი ჩვენების გარდა, ბრალდების მხარეს ი. ბ–ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია ისიც, რომ, მართალია, დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე მიცემული მისი ჩვენების გამოქვეყნებისას, დაადასტურა მუქარის ფაქტი, მაგრამ განაცხადა, რომ ჩვენების მნიშვნელოვანი ნაწილი ,,ეუცხოვა“. დარწმუნებული არ არის მოუყვა თუ არა გამომძიებელს გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტების შესახებ. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მოწმე ლ. გ–ე არ არის შემთხვევის უშუალო შემსწრე პირი და იგი გამოსცემს მხოლოდ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რის გამოც მისი ჩვენება ირიბია, და, ამდენად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ლ. გ–სა და ი. ბ–ას შორის მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი პირი - მ. ი–ე, ხოლო კიდევ ერთი შემსწრე პირის - ა. ი–ს ჩვენება გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით. ამ პირთა ჩვენებებით დგინდება, რომ ი. ბ–სა და ლ. გ–ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ი. ბ–ა ლ. გ–სეს არ დამუქრებია. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ი. ბ–ს ბრალეულობასთან მიმართებით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ, ურთიერთშეთანხმებულ, დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი