Facebook Twitter

საქმე # 080100120004003653

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №647აპ-23 ქ. თბილისი

ბ–ე ი., 647აპ-23 28 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მისი შემსუბუქების კუთხით, შემდეგი არგუმენტებით: ი. ბ–ს გააჩნია პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ, იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას და გულწრფელად ინანიებს, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რისი გათვალისწინებითაც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის წესით, ხოლო საბოლოოდ შეეფარდოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2625 (ორი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით ი. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ , მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობით მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2625 (ორი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2625 (ორი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარი.

გაუქმდა ი. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. ბ–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 23 აგვისტოდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ–მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

ი. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით ი. ბ–მ, რომელიც ითვლებოდა ნასამართლევად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ: 2020 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 05:35 საათზე, ი. ბ–მ წინასწარ შეთანხმებულ, გამოძიებით დაუდგენელ რამდენიმე პირთან ერთად, კარის გატეხვის გზით, შეაღწია ქ. ქ–ში ...........ს გამზირ N..-ში მდებარე შპს ,,... ჯგუფის“ მაღაზია ,,მ–ს“ ფილიალში, სადაც შეეცადა შპს ,,.........ს“ ჩასარიცხი აპარატის ძალაყინით გატეხვას, მასში არსებული თანხისა და ასევე მაღაზიაში არსებული სხვა ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაუფლებას, მაგრამ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ვინაიდან ი. ბ–ე დანაშაულის ჩადენისას პოლიციის თანამშრომლებმა ამხილეს.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, მისი შემსუბუქების კუთხით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. ბ–სისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ, მსჯავრდებულს განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტების სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. ამასთან, სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებულ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) ერთად, ასევე გაითვალისწინა - ი. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება (დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში) და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ი. ბ–ს სასჯელი შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რაც სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ბ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი