Facebook Twitter

¹3კ-371-03 20 მაისი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ნ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვა სააქციო საზოგადოება “ქ-ისათვის” 94000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1990წ. 14 თებერვალს სს “ქ-ის” კუთვნილი ავტომანქანა დაეჯახა ავტომანქანას, რომელშიც იჯდა დ. ნ-ე. ავტოავარიის შედეგად დ. ნ-ემ დაკარგა შრომის უნარი: დაკარგა მხედველობა და დაინვალიდდა. სს “ქ-ის” კუთვნილი ავტომანქანის მძღოლის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1992წ. 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, სს “ქ-ის” მაღაროთა სამმართველოს სარჩელის საფუძველზე, ავტომანქანის მძღოლ რ. ბ-ეს რეგრესის წესით “ქ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 3260 მანეთისა და 80 კაპიკის გადახდა. მასვე დაეკისრა ყოველთვიურად 56 მანეთისა და 40 კაპიკის გადახდა დ. ნ-ის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იყო 1997წ. 26 ივნისამდე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 26 ნოემბრის ახალი გადაწყვეტილებით სს “ქ-ს” დ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4978 ლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,ქ-ს” დ. ნ-ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 1998წ. 1 დეკემბრიდან 2001წ. 1 მარტამდე დაეკისრა 3829 ლარის გადახდა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით _ ყოველთვიურად 146 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა მომვლელის ხარჯის, 40 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე საზოგადოება დაკისრებულ თანხას იხდიდა იძულებით მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით, რის გამოც მას მიადგა ზარალი, კერძოდ, იღებდა პროცენტიან ვალებს, გაყიდა ძვირფასი ავეჯი, დააგირავა სამკაულები, რომლებიც პროცენტის გადაუხდელობის გამო ბანკმა გაუყიდა.

მოსარჩელის აზრით, დაგვიანებით მიღებული თანხა შეადგენს 11360 ლარს. მოსარჩელემ სულ მოითხოვა 94000 ლარი, პროცენტის სახით_ 80000 ლარი, ინფლაციისათვის – 14000 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სარჩელს ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სს “ქ-ს” მოსარჩელისთვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან მას ვალდებულების შესრულების ვადისათვის არ გადაუცილებია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ემ. აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მას კუთვნილი სარჩო 12 წლის განმავლობაში არ მიუღია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სს ,,ქ-ის” ბრალით გადაცილებულ იქნა ვლდებულების შესრულების ვადა.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 389-ე მუხლის თანახმად, ინფლაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს ნომინალიზმის პრინციპის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალე ვალდებულია, ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

აღნიშნული განჩინება დ. ნ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების, როგორც უკანონოს, გაუქმება და მოპასუხე სს “ქ-ისათვის” 10 წლის მანძილზე მიუღებელი სარჩოს გამო მიყენებული ზიანის, 98000 ლარის, გადახდევინება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ დ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დადგენილია, რომ 1990წ. 14 თებერვალს მოხდა ავტოავარია, რის შედეგადაც დ. ნ-ე გახდა შრომისუუნარო, პირველი ჯგუფის ინვალიდი. ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1991წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ქ-ს” დაეკისრა ერთდროულად 3166 მანეთის და ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის, 56 მანეთისა და 40 კაპიკის, გადახდა, რაც ამ უკანასკნელმა გადაიხადა და რასაც თვით ნ-ის წარმომადგენელიც არ უარყოფს.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1992წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ქ-ის” სარჩელი, რომლითაც დ. ნ-ეზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა ავტომანქანის მძღოლ რ. ბ-ეს.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სს “ქ-ის” მიერ თანხის დაგვიანებით გადახდამ ზიანი მიაყენა დაზარალებულს, რადგან 1992წ. 14 აპრილიდან 1998წ. 26 ნოემბრამდე სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის გადახდა დაკისრებული ჰქონდა რ. ბ-ეს.

მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ საზოგადოების ბრალით გადაცილებულ იქნა ვალდებულების შესრულების ვადა, რის გამოც მოსარჩელემ მატერიალური ზიანი მიიღო.

პალატას მიაჩნია, რომ 1998წ. 26 ნოემბრიდან სააქციო საზოგადოებას კვლავ წარმოეშვა ვალდებულება _ ნ-ისათვის გადაეხადა თანხა. თანხის გადახდა საზოგადოებამ დაუყოვნებლივ დაიწყო. გადახდა ხდებოდა პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, რაც დასტურდება საქმეში არსებული გადახდის ქვითრებით.

საქმეში არსებობს მოსარჩელის წარმომადგენლის, ნ. ს-ის, განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს: “ვითვალისწინებ რა სს “ქ-ის” მძიმე მდგომარეობას, მაქვს თხოვნა ჩემი მეუღლისათვის კუთვნილი დახმარების თანხა თანამშრომლებთან ერთად ამინაზღაურდეს პერიოდულად”.

საქმის მასალებში ასევე არსებობს სს “ქ-ის” და დ. ნ-ის მიერ ხელმოწერილი ორმხრივი ურთიერთშეთანხმების აქტი.

მოცემული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სს “ქ-ში” შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მხარეთა შორის იმ დროისათვის არსებული ვალდებულების შესრულება დროში რეგულირდებოდა თვით მხარეების მიერ დამატებითი შეთანხმებების საფუძველზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დასაბუთებულია საოლქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სს “ქ-ი” 1991წ. 18 იანვრიდან 1992წ. 14 აპრილამდე თანხის გადახდის შესახებ წარმოშობილ ვალდებულებას და 1998წ. 26 ნოემბრიდან შემდგომ პერიოდში ჯეროვნად ასრულებდა.

სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.