Facebook Twitter

¹3კ-372-03 13 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: აუქციონის აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ც-ამ სარჩელი აღძრა აღმასრულებელი ი. ჯ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ 2002წ. 22 იანვარს ჩატარებული აუქციონის ოქმის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება აღმასრულებელი ი. ჯ-ას მიერ ნაწარმოებია კანონის უხეში დარღვევით. კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად აღმასრულებელმა იგი გააფრთხილა ნებაყოფლობით გადაეხადა ვალი ხუთი დღის ვადაში. 2001წ. 21 სექტემბერს მან აღმასრულებელს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა სააპელაციო წესით, ის არ იყო შესული კანონიერ ძალაში და არ უნდა გაცემულიყო სააღსრულებო ფურცელი. გაფრთხილების მიუხედავად აღმასრულებელი მაინც აგრძელებდა მოქმედებებს. აღწერა მისი ქონება, რის შესახებაც აქტი შედგენილია 2001წ. 21 სექტემბერს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე, 48-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ასევე დარღვეულია 28-ე მუხლის პირველი პუნქტი და 71-ე მუხლის “ა” და “ვ” პუნქტები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ მის მიერ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ამ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ც-ას გ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნის 2002წ. 22 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო ი. ც-ას სახელზე რიცხულ სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი 2001წ. 17 ოქტომბერს. გ. ჯ-ემ 2001წ. 2 ოქტომბერს მიმართა აღმასრულებელს განცხადებით და მოითხოვა ი. ც-ასათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით ამ უკანასკნელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით.

ი. ც-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება დაყადაღებული იქნა მოპასუხის მიერ 2001წ. 21 სექტემბერს.

აღმასრულებლის მიერ ი. ც-ას მიეცა წინადადება თვითონ მოეხდინა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე შპს “ე-მა” გასცა საკონსულტაციო აქტი, რომლითაც ი. ც-ას სახელზე რიცხული სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი შეფასდა 6880 ლარად.

წყალტუბოს რაიონული საამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი შპს “ე-ის” 2001წ. 15 ოქტომბრის ¹023 საკონსულტაციო აქტი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ყადაღის დადების აქტში შენობის საბაზრო ღირებულება მითითებული არ ყოფილა, რითაც აღმასრულებელმა დაარღვია “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი და 63-ე მუხლის მოთხოვნები

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული კანონის 72-ე მუხლის თანახმად აუქციონი იწყება მისი გახსნითა და ქონების საწყისი ფასის გამოცხადებით. საწყისი ფასი დადგენილი უნდა იქნეს აღსრულების საწყის ეტაპზე თანახმად ამ კანონის 47-ე მუხლისა. გაყიდული ქონების საწყისი ფასი გამოცხადდა და შედგა საჯარო ვაჭრობა შპს “ე-ის” შეფასების საფუძველზე. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ აუდიტის აქტის ბათილად ცნობა იძლევა საფუძველს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ აღმასრულებელს დარღვეული აქვს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის II და III ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, ი. ც-ას სახელზე აღსრულების შესახებ უწყება გაგზავნილი არ ყოფილა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასევე დარღვეულია 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად აღმასრულებელი ვალდებული იყო მხარეებისათვის უწყების გადაცემით ეცნობებინა აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ.

აღნიშნული საფუძვლებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აღმასრულებელი ი. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად უცვლელად დარჩა ამ საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აღმასრულებელმა ი. ჯ-ამ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა, რადგან აუქციონის აქტი და საჯარო ვაჭრობა მის მიერ ჩატარებულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ აღმასრულებელმა დაარღვია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულ ნორმათა თანახმად აღმასრულებელს ყადაღის დადების აქტში უნდა მიეთითებინა აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება. დადგენილია, რომ ყადაღის დადების აქტში შენობის საბაზრო ღირებულება მითითებული არ ყოფილა.

აღნიშნული კანონის 72-ე მუხლის თანახმად აუქციონი იწყება მისი გახსნითა და ქონების საწყისი ფასის გამოცხადებით. ქონების საწყისი ფასი დადგენილი უნდა იქნეს აღსრულების საწყის ეტაპზე თანახმად ამ კანონის 47-ე მუხლისა.

დადგენილია, რომ გაყიდული ქონების საწყისი ფასი აღსრულების საწყის ეტაპზე დადგენილი არ ყოფილა. საჯარო ვაჭრობა შედგა შპს “ე-ის” შეფასების საფუძველზე. აღნიშნული აუდიტის აქტი სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი, რაც წარმოადგენს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს.

საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგნილია, რომ აღმასრულებელს დარღვეული აქვს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მოთხოვნები, კერძოდ, ი. ც-ას სახელზე აღსრულების შესახებ უწყება გაგზავნილი არ ყოფილა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღმასრულებელს დარღვეული აქვს ასევე ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად აღმასრულებელი ვალდებულია მხარეებს უწყების გადაცემით აცნობოს აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რაც არ იქნა შეფასებული და გამოკვლეული სასამართლოს მიერ და გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მის მიერ საჯარო ვაჭრობა ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს მითითებული კანონის დარღვევა და შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.