გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-374-03 2 მაისი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 იანვარს ც. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ მ-ეებს ასესხა 2000 აშშ დოლარი 10%-იანი დარიცხვით ორი თვის ვადით. თანხის გადაცემის დროს მოპასუხეებმა ერთი თვის პროცენტი, 200 აშშ დოლარი, წინასწარ გადაიხადეს. აღნიშნულის შემდეგ ნასესხები თანხა არ დააბრუნეს და არც პროცენტი გადაიხადეს. მათი განმარტებით, თანხა მოტყუებით სხვამ მიითვისა. მოსარჩელემ მოითხოვა ლ. და ლ. მ-ეებისათვის ძირითადი ვალის _ 2000 აშშ დოლარის და ვადის გადაცილებისათვის, 1300 აშშ დოლარის, დაკისრება. ც. ბ-ემ სულ მოითხოვა 3300 აშშ დოლარის გადახდა და მოპასუხის ბინაზე ყადაღის დადება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო ლ. მ-ის სახელზე რიცხულ, თბილისში, ... მდებარე ბინას.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ლ. კ-ე-მ-ეს დაეკისრა ძირითადი ვალის _ 2000 აშშ დოლარის და 13 თვის 5%-ის, 1300 აშშ დოლარის, სულ 3300 აშშ დოლარის გადახდა; გაუქმდა სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის განჩინება თბილისში, ... მდებარე, ლ. მ-ეზე საკუთრების უფლებით რიცხულ სახლზე ყადაღის დადების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-ემ და მოითხოვა სახლზე ყადაღის მოხსნის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ თანხა ისესხა შვილებისთვის და გადახდაც უნდა მოხდეს სოლიდარულად.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ლ. მ-ის სახელზე რიცხულ სახლზე ყადაღის მოხსნას. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სახლზე ყადაღის დადების ნაწილში ლ. კ-ე-მ-ემ და ლ. მ-ემ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დაყადაღებული ბინა არის არა ლ. კ-ის, არამედ _ მისი შვილის, ლ. მ-ის საკუთრება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 198-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
დადგენილია, რომ ლ. და ლ. მ-ეები სოლიდარული მოვალეები არ არიან; დადგენილია, რომ თბილისში ... მდებარე ბინა არის ლ. მ-ის საკუთრება, სესხი აღებულია მისი დედის, ლ. კ-ე-მ-ის მიერ. სსკ-ს 198-ე მუხლის შესაბამისად ყადაღის დადება ხდება იმ ქონებაზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის. მოცემულ Aშემთხვევაში მოპასუხე ლ. კ-ე-მ-ეა. არ შეიძლება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნეს იმ ქონების მიმართ, რომელიც არ ეკუთვნის ვალდებულ პირს.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ თანხა სამივე მოპასუხეს სოლიდარულად არ უნდა დაეკისროს, რადგან სოლიდარულია ისეთი მევალეები, რომელთაგან თითოეული ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში. იგივე გადაწყვეტილებით ყადაღა ედება ბინას, რომელიც ლ. კ-ე-მ-ეს არ ეკუთვნის და მისი შვილის ლ. მ-ის საკუთრებაა, ანუ Aყადაღა ედება ქონებას, რომელიც მევალეს არ ეკუთვნის.
გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ერთადერთი მოპასუხე შეიძლება იყოს ლ. მ-ე, არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ. მ-ის სახელზე რიცხულ სახლზე ყადაღის მოხსნის შესახებ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.
თბილისში, ... მდებარე ლ. მ-ის სახელზე რიცხულ სახლს მოეხსნას ყადაღა.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.