გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-375-03 30 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე,
დავის საგანი: მეზობელი მიწის ნაკვეთიდან ზემოქმედების აღკვეთა და მიჯნის აღმართვა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ-მა სარჩელი აღძრა შ. ი-ის წინააღმდეგ. სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ მოპასუხის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მოსარჩელის ეზოს მიჯნაზე. მიჯნის კედელზე უნებართვო ფანჯრებია, რომელზეც დამაგრებულია კონდიციონერი. სასაზღვრო მიჯნაზე მოპასუხეს დადებული აქვს 4 კვ.ტ. სიმძლავრის გენერატორი, რაც იწვევს ხმაურს და ზიანს აყენებს მოსარჩელეს. მოპასუხემ 2000წ. 17 თებერვალს თვითნებურად დაანგრია ქვის გალავანი, რის გამოც ქუჩის მხრიდან დაუცველი გახდა მოსარჩელის ეზო. მოსარჩელემ მოითხოვა მიჯნის კედელზე განთავსებული ფანჯრების ამოშენება და შესაბამისად, კონდიციონერის სხვა ფანჯარაზე გადატანა; დანგრეული ღობის აღდგენა და გენერატორის გადატანა სასაზღვრო მიჯნიდან სხვა ადგილზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1936 წელს და სახლს ფანჯრის ღიობებიც ამ დროიდან აქვს. რაც შეეხება კონდიციონერს და გენერატორს, მათ ხმა საერთოდ არ აქვთ და გამორიცხულია რაიმე მავნე ზემოქმედება გამოიწვიონ. საკუთარი ღობის დანგრევა კი საჭიროდ მიიჩნია და მოსარჩელის რაიმე უფლება არ დაურღვევია.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ. ი-ს დაევალა გენერატორი 0,5 მ-ით მიწაში ჩადგას, რათა აღკვეთილი იქნეს ხმაური. შ. ი-ს დაევალა აღადგინოს დანგრეული კედელი. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) შ. ი-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება გენერატორის 0,5 მეტრით მიწაში ჩადგმის დავალების ნაშილში და ახალი გადაწყვეტილებით: შ. ი-ს აეკრძალა გენერატორის ფუნქციონირება. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
სასამართლომ გაიზიარა აპელანტ შ. ი-ის მოსაზრება, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს, რადგან მოსარჩელე არ ითხოვდა ელ.გენერატორის მიწაში ჩადგმას, როგორც ეს სასამართლომ გადაწყვიტა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და გენერატორის სხვა ადგილზე გადატანის ნაცვლად მოითხოვა მისი ფუნქციონირების აკრძალვა, რასაც დაეთანხმა აპელანტი შ. ი-ი, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ღობე, რომელიც შ. ი-მა დაანგრია, აშენებულია გ. მ-ის მიერ. აღნიშნული ღობის მოშლით ქუჩის მხრიდან დაუცველია არსებული საცხოვრებელი სახლი და ეზო, რითაც, ცხადია, გ. მ-ს ხელი შეეშლება ამ ქონებით ისარგებლოს. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კასატორ შ. ი-ს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დავის საგნის შეცვლა სარჩელის დაზუსტებად. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 83-ე, 381-ე მუხლები და არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის დავის საგნის შეცვლის თაობაზე. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 172-ე მუხლი.
გ. მ-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სარჩელი სრულიად არ დაკმაყოფილდა. კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება, თუ მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მეზობელი მიწის ნაკვეთიდან ზემოქმედებისა და ხელშეშლის აღკვეთა, სასამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა დავა, რომ არ დაადგინა თუ რაში გამოიხატება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან ზემოქმედება ან მესაკუთრისათვის საკუთრებით სარგებლობაში სხვაგვარი ხელშეშლა.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) შეცვალა დავის საგანი. სსკ-ს 387-ე მუხლის საფუძველზე დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დასაშვებია საქმის განხილვისას (და არა საქმის ზეპირი განხილვისას) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა დავის საგნის შეცვლას, მაგრამ სხდომის ოქმით ასეთი გარემოება არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ს 387-ე მუხლის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საპროცესო ნორმის დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაანგრია (მოშალა) საკუთარი ღობე. სასამართლომ ისე მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორად და ღობის აღდგენის ნაწილში უცვლელად დატოვა იგი, რომ არ დაასაბუთა თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გამო მიიჩნია იგი კანონიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დამატებით უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი: მეზობელი მიწის ნაკვეთიდან არსებობს თუ არა რაიმე ზემოქმედება და ამასთან, იგი არსებითია თუ არა. მესაკუთრის მიერ ღობის (მიჯნის) მოშლით მოსარჩელის რა უფლებაა ხელყოფილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.