გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-376-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “მ-მა” სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – სულ 49 ოჯახის მიმართ და მოითხოვა მათი გამოსახლება უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართიდან იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... მშენებარე მე-8 კორპუსი ირიცხება ქ. თბილისის მერიის საწარმო შპს “თბილისის მ-ის” ბალანსზე. სადავო კორპუსის მშენებლობა “თ-მა” დაიწყო ჯერ კიდევ 1991 წლიდან. მშენებლობა შეჩერდა 1995 წელს უსახსრობის გამო.
2001წ. 4 სექტემბერს “თ-ის” მიერ მშენებარე საცხოვრებელ სახლში ძალის გამოყენებით შევიდა ლტოლვილთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ათავისუფლებენ დაკავებულ შენობას.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: თ. კ-მ, ვ. დ-მა, გ. ჭ-მ, გ. ყ-მ და ი. ჯ-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ შპს “თბ-ი” მიიჩნია სადავო კორპუსის კეთილსინდისიერ მფლობელად და განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 160-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
თ. კ-მ, ვ. დ-მა, გ. ჭ-მ, მ. ყ-მ, ლ. ბ-მ, ს. გ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორები თავიანთ მოთხოვნას შემდეგნაირად ასაბუთებენ, კერძოდ, 2001წ. სექტემბერში მათ მიერ დაკავებულ იქნა სადავო ფართი, რომელიც 1995 წლიდან უსახსრობის გამო ვეღარ შენდებოდა, იყო მიტოვებული და სადავო შენობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მათი ხარჯებით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა და არ მიიღო მხედველობაში სახელმწიფო მეთაურის 1992წ. 30 დეკემბრის ¹92 განკარგულება, სადაც მითითებულია, რომ “დევნილებს უნდა გამოეყოთ საცხოვრებელი ფართი დროებით სარგებლობისათვის”. ასევე, არ იქნა გაზიარებული 1996წ. ¹643 ბრძანებულება და ¹197/6 სადირექტივო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის მერიებს, რაიონის გამგებლებს, წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელებს “აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მორალური და სოციალური დაცვის მიზნით, კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე დაევალოთ უზრუნველყონ, დროებით თავისუფალ უმოქმედო შენობა-ნაგებობაში დევნილების შესახლება”.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისში, ... მშენებარე ¹8 კორპუსი ირიცხება ქ. თბილისის მერიის საწარმო შპს “თბილისის მ-ის” ბალანსზე. კორპუსის მშენებლობა თ-ნმა დაიწყო ჯერ კიდევ 1991 წლიდან. მშენებლობა შეჩერდა 1995 წელს უსახსრობის გამო.
2001წ. სექტემბერში მშენებარე საცხოვრებელ სახლში ძალის გამოყენებით შევიდა ლტოლვილთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ათავისუფლებენ შენობას; სააპელაციო სასამართლომ შპს “თბ-ი” მიიჩნია სადავო კორპუსის კეთილსინდისიერ მფლობელად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია;
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 160-ე მუხლზე და მოსარჩელე მიიჩნია კეთილსინდისიერ მფლობელად, ისე, რომ მიუხედავად სააპელაციო საჩივრის მოთხოვნისა, არ გაარკვია იყო თუ არა იგი სათანადო მოსარჩელე.
საქმის მასალების მიხედვით თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986წ. ¹ 15. 29 465 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის მ-ის სამმართველოს თხოვნა და მას დამატებითი კორპუსის ასაშენებლად ვარკეთილის საცხოვრებელი რაიონის მე-4 და მე-3 კვარტლებში გამოეყო ¹8 და “დ” კორპუსების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთები. სარჩელი მოპასუხეთა გამოსახლების მოთხოვნით წარდგენილია შპს “მ-ის” მიერ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს “მ-ი” წარმოადგენს თუ არა თბილისის მ-ის სამმართველოს სამართალმემკვიდრეს. საქმეში წარმოდგენილია დადგენილება და ქ. თბილისის მერიის საწარმო “თბილისის მ-ი შპს-ს” წესდება, რომელიც რეგისტრირებულია 2001წ. 17 ოქტომბერს. დადგენილებაში მითითებულია, რომ საწარმო რეგისტრირებულია თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 1997წ. 24 სექტემბრის ¹03/4-724 დადგენილებით. პირველადი რეგისტრაციის მითითებული დოკუმენტები საქმეს არ ერთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს სათანადო მოსარჩელეა თუ არა შპს “თბილისის მ-ი”, წინააღმდეგ შემთხვევაში სსკ-ს 84-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს მისი შეცვლა სათანადო მოსარჩელით.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს ვის საკუთრებას წარმოადგენს სადავო ნაგებობა და ასევე თბილისის მ-ის მიერ მისი ფლობის (თუ ასეთს ადგილი აქვს) სამართლებრივი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში დაყენებული იყო პრეტენზია არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის თაობაზე, სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 377-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული საპროცესო დარღვევის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიეღო. აღნიშნული კი სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვინაიდან არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების აბსოლუტური საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. დ-ის, გ. ჭ-ს, მ. ყ-ს, ლ. ბ-ს, ს. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.