Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-377-03 27 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე,

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ავტომანქანა “ნისან-ბლუბიორდი” სარეგისტრაციო ნომერი…... , გამოშვებული 1988 წელს, არის კ. ა-ის საკუთრება, რომელმაც 2000წ. 17 ივლისს ო. გ-ს მისცა მინდობილობა აღნიშნული ავტომანქანის მართვისა და გასხვისების უფლებით და ავტომანქანა გადასცა მას მფლობელობაში.

2002წ. 18 თებერვალს კ. ა-მა გააუქმა მის მიერ გაცემული მინდობილობა, ხოლო 2002წ. 1 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ო. გ-ის უკანონო მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ავტომანქანა გადასცა მოპასუხეს, რომლის ვალიც ჰქონდათ ძმებს კ-ებს. მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან. ურთიერთანგარიშის გასწორების შემდეგ ან დაუბრუნებდნენ ავტომანქანას ან გადაიხდიდნენ ავტომანქანის საფასურს. იმის გამო, რომ გ-მა და მისმა პარტნიორებმა პირობა არ შეასრულეს, მან გააუქმა მინდობილობა. მიუხედავად ამისა, მოპასუხე ავტომანქანას არ აბრუნებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ძმებ კ-ებთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. მისგან შეიძინეს საქონელი, რა დროსაც დააკლდათ ფული, რის გამოც მინდობილობით გაუფორმეს კ. ა-ის ავტომანქანა. მინდობილობით მას უფლება ჰქონდა გაეყიდა ავტომანქანა. მოსარჩელემ გააუქმა მინდობილობა ისე, რომ მისი ვალი გასტუმრებული არ არის.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. ა-ის სარჩელი, ო. გ-ის უკანონო მფლეობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომანქანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ავტომანქანა გადასცა ძმები კ-ების თხოვნით. კერძოდ, მათ მოპასუხისათვის თხილის ბიზნესიდან გამომდინარე გადასახდელი ჰქონდათ გარკვეული ოდენობის თანხა. ამ თანხის გადახდამდე მოპასუხეს გადასცეს ავტომანქანა. ავტომანქანის მფლობელობაში გადაცემა მოხდა კანონით დადგენილი წესით. გაფორმდა მინდობილობა ავტომანქანის მართვისა და გასხვისების უფლებით და ავტომანქანა მფლობელობაში გადაეცა მოპასუხეს.

დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სკ-ს 254-ე მუხლით დადგენილ სანივთო ურთიერთობას – გირავნობას, რომლის მიხედვით მოძრავი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა გადაცემაც სხვა პირისათვის დასაშვებია, შეიძლება გამოყენებული იქნას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ დაცულია სკ-ს 255-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად მოძრავი ნივთების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა გადაცემული იქნა მფლობელობაში. ნოტარიულად გაფორმებულ იქნა მინდობილობა ანუ დაცული არის ავტომანქანის ნასყიდობისათვის დადგენილი წესი.

სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ დამგირავებელი (მოსარჩელე) არ არის გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე და უზრუნველყოფა მოხდენილია სკ-ს 261-ე მუხლის საფუძველზე ნივთის გადაცემით მოგირავნის მფლობელობაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს მოპასუხის მხრიდან ნივთის უკანონო ფლობას, ასევე არ არსებობს სკ-ს 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნივთის უკან დაბრუნების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ 2002წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და კ. ა-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა სკ-ს 254-ე მუხლით დადგენილ ურთიერთობას – გირავნობას, რადგან მას ნივთი არ დაუგირავებია და აღნიშნულზე არ ყოფილა ამავე კოდექსის 255-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული პირობები, რომლის თანახმად გირავნობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ არ არსებობს სკ-ს 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნივთის უკან დაბრუნების საფუძველი. მან სასამართლოს განუმარტა, რომ მანქანის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა და აღნიშნულის გამო გააუქმა მინდობილობა, სასამართლომ კი აღნიშნული არ შეიტანა ოქმში და მიუთითა, რომ დაბრუნების საფუძველი არ დასტურდება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება.

სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ შემთხვევაში სამი წინაპირობის არსებობისას არის შესაძლებელი. პირველი უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, მეორე უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მესამე მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ მოსარჩელე სადავო ავტომანქანის მესაკუთრეა. დადგენილია ასევე, რომ სადავო ავტომანქანას ფლობს მოპასუხე. სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა განხილულ იქნეს არის თუ არა მოპასუხე ავტომანქანის კანონიერი მფლობელი.

დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან, რომ მოპასუხის მიერ ავტომანქანის ფლობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მესამე პირების (ძმები ჯ. და კ. კ-ები) თხოვნით, მათი ვალის უზრუნველსაყოფად გადასცა მოპასუხეს ავტომანქანა.

დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ ავტომანქანის ფლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს გირავნობის უფლება, რომელიც წარმოიშობა სკ-ს 254-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაცვით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას ავტომანქანა არ დაუგირავებია, რადგან აღნიშნულზე არ ყოფილა სკ-ს 255-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, გირავნობა არ ყოფილა დამოწმებული სანოტარო წესით.

სკ-ს 255-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავი ნივთის დაგირავება ხორციელდება მისი შეძენისათვის დადგენილი წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი აქ უთითებს სკ-ს 186-ე მუხლით გათვალისწინებულ წესზე, რომლის თანახმად “მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი”. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილ უფლებად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მესაკუთრე (მოსარჩელე) გამოხატავდა ნებას ავტომანქანის დაგირავებისას. მან თავად გადასცა ავტომანქანა მოპასუხეს მესამე პირების ვალის უზრუნველსაყოფად.

სკ არ ითვალისწინებს მოძრავი ნივთების დაგირავებისას სავალდებულო სანოტარო წესის გამოყენებას. სკ-ს 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ გირავნობა გააფორმონ სანოტარო წესით. მაგრამ ამ შემთხვევაში გირავნობა წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად ისე, რომ გირაოს გადაცემა მოგირავნის მფლობელობაში სავალდებულო არ არის. ასეთი გირავნობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, რადგან გირაო გადაეცა მოპასუხეს მფლობელობაში და აქედან გამომდინარე არ იყო სავალდებულო სანოტარო წესის გამოყენება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ არ არსებობს სკ-ს 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნივთის უკან დაბრუნების საფუძველი, რადგან კასატორი აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ნივთის დაბრუნების ვერცერთ საფუძველზე ვერ მიუთითებს (საგნის დაღუპვა ან მისი ღირებულების არსებითი შემცირების საფრთხე). იგი სარჩელით სულ სხვა საფუძვლით მოითხოვდა ავტომანქანის დაბრუნებას. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ ვალის დაუბრუნებლობით მას ავტომანქანის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს კანონის (სკ-ს 254-ე მუხლი) თანახმად უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხეს აქვს ნივთის ფლობის უფლება და მოსარჩელის მოთხოვნა ნივთის უკან დაბრუნებაზე უსაფუძვლოა, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.