Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-378-03 25 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: უკანონო მიშენების მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 სექტემბერს მ. ლ-მა მ. კ-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ისინი ცხოვრობენ ოთხოთახიან ბინაში, რომელის ორი ოთახი დაკავებული აქვს მას, ხოლო ორი ოთახი – მოპასუხეს. საერთო სარგებლობაში გააჩნიათ 10 კვ.მ დერეფანი და 100 კვ.მ ეზო.

მოპასუხემ საერთო სარგებლობის ეზოში საერთო სარგებლობის დერეფნის წინ უნებართვოდ ააშენა სათავსო, რომელშიც მოაყოლა საერთო, დერეფანის შესასვლელი კარებიც. ამ სათავსის ორ კედლად გამოიყენა მისი ბინის კედლები, რომელსაც შემდეგ მიაშენა აბაზანა-ტუალეტი. კედელზე დაამაგრა წყლის ავზი, რამაც გამოიწვია მისი ბინის კედლის დაზიანება. გარდა ამისა, მან ეზოს მთელ სიგრძეზე ააშენა ავტოსადგომი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მოქმედებით აღეკვეთა დერეფნის მეშვეობით ბინაში შესვლის საშუალება, ვერ სარგებლობს ეზოთი, ზიანდება მისი ბინის კედლები.

მოსარჩელემ მოითხოვა საერთო სარგებლობის დერეფნის, ეზოს და ბინის კედლების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რაც უნდა განხორციელდეს დერეფანზე უნებართვოდ მიშენებული სათავსის, ეზოში უნებართვოდ აშენებული ავტოსადგომის აღებით, მის კედლებზე მიშენებულ აბაზანა-ტუალეტის, წყლის ავზისა და ეზოს გადახურვის კარკასის მოშლით. მანვე მოითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა მისი დაზიანებული კედლების აღდგენა.

2002წ. 8 იანვარს მ. ლ-მა მ. და დ. კ-ების წინააღმდეგ დამატებითი სარჩელი წარადგინა იმავე სასამართლოში. მან დამატებითი სარჩელით საქმეში მოპასუხედ ჩააბა დ. კ-ც და მოითხოვა მათ მიერ საერთო ეზოში წამოწყებული მშენებლობის მოშლა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის მოსამზადებელი სხდომის საოქმო განჩინებით დაზუსტებული სარჩელი არ იქნა მიღებული.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თუ რით შეილახა მოსარჩელის ინტერესები. მოსარჩელის მიერ მითითებული ნაგებობები ათეულობით წელია არსებობს, რაც ასახულია შენობის გენგეგმაშიც. მიწის ნაკვეთი მხარეებს შორის გაყოფილია, საიდანაც 55 კვ.მ. ეკუთვნის მოპასუხეს, ხოლო 60 კვ.მ. მოსარჩელეს, გამიჯვნა მომხდარია 30წ. უკან. უკანონო მშენებლობას სადავო სახლთმფლობელობაში ადგილი არა აქვს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეებს ბინაში საერთო შესასვლელი არ გააჩნიათ. 15-17 წლის უკან მხარეთა შეთანხმებით საზიარო უფლებები გაუქმდა, როგორც საერთო შესასვლელზე, ისე ეზოსთან მიმართებაში.

მოსარჩელე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფლობს 63 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, საიდანაც 8 მეტრი მიწის ნაკვეთი გადის მოპასუხის სარგებლობაში არსებულ 69 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც აუცილებელი გზა, რომლითაც მოსარჩელე დამოუკიდებელი შესასვლელით უკავშირდება თავის ბინას. კედელზე წყლის ავზის მოშლის გამო მოსარჩელემ მოთხოვნა ამ ნაწილში მოხსნა, მაგრამ მან რაიმე მტკიცება ვერ წარმოადგინა ამ ავზით კედლის დაზიანების თაობაზე.

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გადახურვის კარკასისა და ავტოსადგომის მოშლის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ისინი განლაგებული არ არის მოსარჩელის ეზოში და წარმოადგენს მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას. ასევე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოთხოვნა უნებართვოდ მიშენებული სათავსოს მოშლის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის შესაბამისად, ეს სათავსო კანონიერ ნაგებობადაა აღრიცხული.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი. მართალია, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მ. ლ-ის სარჩელი ბინის მზიდ კედელზე მოწყობილ 500 ლიტრი ტევადობის ავზის მოშლის ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. საერთო სარგებლობის დერეფანზე მიშენებული სათავსოს, აბაზანა-ტუალეტის კარკასის მსუბუქი კონსტრუქციის ავტოფარეხის მოშლისა და ბინის დაბზარული კედლის აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხემ სათავსოს, აბაზანა-ტუალეტის და ეზოს მსუბუქი გადახურვის მოწყობა მოახდინა 17-20 წლის წინ, ხოლო მსუბუქი კონსტრუქციის ავტოფარეხის მოწყობა მოხდა 1991 წელს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე, 84-ე მუხლები, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001 წელს. მაშინ, როცა საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლება დაირღვა განისაზღვრებოდა 3 წლით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე იმ მოტივით, რომ მას არ სურდა მეზობელთან დავა. წყლის ავზის მოშლის ნაწილში საქმე შეწყვიტა იმიტომ, რომ ამ ნაწილში მოსარჩელემ მოხსნა მოთხოვნა.

2003წ. 22 იანვარს მ. ლ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი მხარეთა შეთანხმების გამო, საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. მოპასუხე დ. და მ. კ-ები მოაწყობენ ლაბორატორიის კედლიდან 480 სანტიმეტრში (აღმოსავლეთის მხრიდან) საერთო სარგებლობის ეზოში 910 სანტიმეტრის სიგრძის გამმიჯნავ კედელს, ყოველგვარი ღიობების გარეშე.

მეორე კედელი კი იქნება გაგრძელება არსებული ბინების საერთო კედლისა, რომლითაც მოხდება მხარეთა ერთმანეთისაგან იზოლირება.

დ. და მ. კ-ები თავისი აბაზანა-ტუალეტის ფართს გადასცემენ მ. ლ-ს საკუთრებაში 2004წ. 1 იანვრამდე.

2. დ. და მ. კ-ები მ. ლ-ს გადაუხდიან 900 აშშ დოლარს 2003წ. 10 ივლისამდე.

3. მ. ლ-ი, თავის მხრივ, თმობს გამმიჯნავი კედლის მიღმა დარჩენილი ეზოს ტერიტორიას, რაც რჩება კ-ების მუდმივ მფლობელობაში.

დ. და მ. კ-ები კისრულობენ ვალდებულებას გამმიჯნავი კედელი მოაწყონ 2004წ. 1 იანვრამდე.

სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, თუ მხარეები მორიგდნენ სასამართლო, მხარეთა განცხადებით წყვეტს საქმის წარმოებას.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს წარმოდგენილი აქვთ მორიგების აქტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და მისი დამტკიცება შესაძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. დაკმაყოფილდეს მოცემულ საქმეზე მხარეთა თხოვნა და დამტკიცდეს 2003წ. 18 ივნისის მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. მოპასუხე დ. და მ. კ-ები მოაწყობენ ლაბორატორიის კედლიდან 480 სანტიმეტრში (აღმოსავლეთის მხრიდან), საერთო სარგებლობის ეზოში 910 სანტიმეტრის სიგრძის გამმიჯნავ კედელს ყოველგვარი ღიობების გარეშე.

მეორე კედელი კი იქნება გაგრძელება არსებული ბინების საერთო კედლისა, რომლითაც მოხდება მხარეთა ერთმანეთისაგან იზოლირება.

დ. და მ. კ-ები ათავისუფლებენ თავის აბაზანა-ტუალეტის ფართს და გადასცემენ მ. ლ-ს საკუთრებაში 2004წ. 1 იანვრამდე.

2. დ. და მ. კ-ები მ. ლ-ს გადაუხდიან 900 აშშ დოლარს 2003წ. 10 ივლისამდე.

3. მ. ლ-ი, თავის მხრივ, თმობს გამმიჯნავი კედლის მიღმა დარჩენილი ეზოს ტერიტორიას, რაც რჩება კ-ების მუდმივ მფლობელობაში.

დ. და მ. კ-ები კისრულობენ ვალდებულებას გამმიჯნავი კედელი მოაწყონ 2004წ. 1 იანვრამდე.

ბ. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდეს.

გ. სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.