Facebook Twitter

საქმე # 340100122005746195

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №558აპ-23 ქ. თბილისი

ნ–ი ო., 558აპ-23 19 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ო. ნ–ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, შემდეგი ძირითადი მოტივებით: დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს ო. ნ–ს მიერ დაზარალებულ გ. ს–სათვის ხანჯლის გამოყენებით სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ ო. ნ–ს არ გააჩნდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს მიაყენა მხოლოდ ერთი დაზიანება, რის შემდეგაც მას ხელს არავინ და არაფერი უშლიდა, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ო. ნ–ი, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ო. ნ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვე, 12 (თორმეტი) დღე. საბოლოოდ, ო. ნ–ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.

მსჯავრდებულ ო. ნ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 6 იანვრიდან.

გაუქმდა ო. ნ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ნ–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა; ცივი იარაღის ტარება, ესე იგი განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

ო. ნ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე გ. ს–ის საცხოვრებელ სახლში, ო. ნ–სმა, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით, სახის, ყელისა და გულმკერდის არეში დანის დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - გ. ს–ს, რომლის სიცოცხლის გადარჩენაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა.

- 2022 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ო. ნ–ი, ატარებდა ცივ იარაღს - ხანჯალს, რითაც სცადა ყოფილი სიმამრის, გ. ს–სის განზრახ მკვლელობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო. ნ–მა და ასევე მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ტ–მა. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ო. ნ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ საკვანძო მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ო. ნ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

9. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს, რომ გ. ს–სს დაზიანებები დანით სწორედ ო. ნ–მა მიაყენა და მისი ქმედებები მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს - დაზარალებულისათვის მიყენებულ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას, არამედ - კასატორის საკამათო საგანს წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებული არა მკვლელობის, არამედ - ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით მოქმედებდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ო. ნ–ს ქმედებაში არ იკვეთება მკვლელობის მცდელობის შემადგენლობა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის განზრახვის დადგენისას სავსებით სწორად გაამახვილა ყურადღება შემდეგ გარემოებებზე: დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებაზე, კერძოდ, გიორგი ნაცვლიშვილმა დანაშაული ჩაიდინა დიდი (40 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის) ზომის დანით (ხანჯლით), რომელსაც აქვს ორლესული პირი, რომელიც მან თვითონვე მიიტანა დაზარალებულის სახლში; დაზიანებათა რაოდენობაზე, ხასიათსა და ლოკალიზაციაზე, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ს–ს აღენიშნებოდა კისრის წინა მარცხენა ზედაპირის ნაკვეთი ჭრილობა გარეთა საძილე არტერიის პირველი ჯგუფის ტოტების, ზემო ფარისებრი არტერიის, შიგნითა საუღლე ვენის კედლის, გარეთა საუღლე ვენის ტოტების, მარცხენა ყბისქვეშა ჯირკვლის, შუა კიბისებური კუნთის, წინა კიბისებური კუნთის, მკერდლავიწდვრილისებური კუნთის დაზიანებით. სახის ნერვის ტრავმული დაზიანება. სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, მას აღენიშნებოდა ძლიერი სისხლმდენი, ნაკვეთი ჭრილობა კისრის მარცხენა ნახევარში, რომელიც იწყებოდა ქვედა ყბის მარცხენა ნახევრიდან და გადიოდა კისრის წინა მარცხენა ნახევარზე, სიგრძით 10 სმ. ჭრილობის ფსკერს წარმოადგენდა კისრის მალის მარცხენა ზედაპირი. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ; დაზიანებების მიყენების კონკრეტულ ვითარებაზე, კერძოდ, ო. ნ–მა დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა, თავისსავე სახლში, უწყინარ ვითარებაში, სრულიად მოულოდნელად, როდესაც დაზარალებული იმყოფებოდა შუქჩამქრალ ოთახში და ოჯახის წევრთან ერთად უყურებდა ტელევიზორს. ო. ნ–ს არავინ აქცევდა ყურადღებას, რადგან ყველას ეგონა, რომ ოთახში შევიდა მათი ოჯახის წევრი - გ. ს–ი (დაზარალებულის შვილი), რის გამოც ტახზე წამოწოლილ გ. ს–ს აზრადაც არ მოსვლია თავის დაცვა; ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულებაზე, კერძოდ, ო. ნ–სსა და დაზარალებულ გ. ს–ს შორის არსებობდა უთანხმოება, რომელიც იყო გამწვავებული და წინა შემთხვევებში, კონფლიქტშიც გადაიზადრა, რაც უკავშირდებოდა ო. ნ–ს მიერ თავისი შვილების (რომლებიც გ. ს–სთან ცხოვრობდნენ) მონახულების საკითხს. ო. ნ–ი განაწყენებული იყო ყოფილ სიმამრზე და მიაჩნდა, რომ ის უსამართლოდ და უსაფუძვლოდ უკრძალავდა საკუთარი შვილების ნახვასა და მათთან ურთიერთობას; ქმედების შეწყვეტის მიზეზებზე, კერძოდ, ქმედების შეწყვეტის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ო. ნ–მა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი დანაშაულის ჩადენის იარაღზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ორჯერ სცადა გ. ს–სათვის სხეულში ჩარჭობილი ხანჯლის უკან ამოღება, მაგრამ ვერ შეძლო. ამასთან, დაზარალებულს მიეშველა მისი მეუღლე, რომელმაც აანთო ოთახში შუქი და ატეხა ყვირილი; ბრალდებულის ქცევაზე ქმედების ჩადენის შემდეგ, კერძოდ, ო. ნ–სი ქმედების ჩადენის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ მიუღია არანაირი ზომა დაჭრილის დასახმარებლად.

12. ყოველივე აღნიშნულის ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, ო. ნ–ს ქმედებაში ცალსახად დასტურდება შურისძიების მოტივით მკვლელობის განზრახვა, რაც სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ო. ნ–ს არ ჰქონია აღნიშნული განზრახვა და, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი