Facebook Twitter

¹3კ-381-03 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ბინის ქირის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. და გ. ლ-ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხეების დ. გ-ასა და მ. ს-ის, მათი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლება, ქირის, 720 ლარის, ელექტროენერგიის, წყლისა და ტელეფონის გადასახადის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: თბილისში, დიდ დიღომში, ..... მდებარე ბინა მიაქირავეს დ. გ-ას, რომელიც სადავო ბინაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს უნდა გადაეხადა გადასახდელი თანხის 30%. მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, მოპასუხეები არ იხდიან ბინის ქირას, რითაც არღვევენ ხელშეკრულების პირობებს. სასამართლო სხდომაზე მოსამარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ბინის ქირის გადახდევინება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით გ. და მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს: დ. გ-ასა და მ. ს-ს დაეკისრა ბინის ქირის, 720 ლარის, გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ 1997წ. 15 მარტს გ. ლ-ესა და დ. გ-ას შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს უნდა გადაეხადა ბინის ქირა თვეში 60 ლარის ოდენობით. მოსამზადებელ პროცესზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, სასამართლომ სსკ-ს 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სარჩელი დააკმაყოფილა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ლ-ემ. სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ იგი თავის სასარჩელო განცხადებაში ითხოვდა მოპასუხეების გამოსახლებას სადავო ბინიდან, ასევე ელექტროენერგიის, წყლის გადასახადის გადახდევინებას და გადაუხდელი თანხის 30%-ს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის წარმომადგენელ ო. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ. ს-ს და დ. გ-ას დაეკისრათ ბინის ქირის დავალიანების სახით 720 ლარი, ხოლო ელექტროენერგიის, წყლის და ტელეფონის დავალიანების სახით _ 173 ლარი და 80 თეთრი, სულ 893 ლარი და 80 თეთრი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის საგანს რაიონულ სასამართლოში წარმოადგენდა ბინის ქირის დავალიანების გადახდა 720 ლარის ოდენობით 2002წ. 1 მარტამდე, ბინის დაკეტვამდე. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მოითხოვა ბინის ქირის გადახდა ბინის დაკეტვის შემდეგ, ასევე წყლის, ელექტროენერგიის და ტელეფონის დავალიანების გადახდა სულ 173 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით, ბინის ქირის დავალიანების გამო მისი ოდენობის 30%-ის გადახდა და ბინის გამოთავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია დავის საგნის გადიდებად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე მ. ს-მა თანხმობა განაცხადა დავის საგნის გაზრდაზე წყლის ტელეფონისა და ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილში, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ის მოთხოვნა, რომელიც შეეხება ბინის გამონთავისუფლებას, 30%-ის დამატებით ბინის ქირის დაკისრებას, 2002წ. 1 მარტიდან ქირის გადახდას ბინის გამონთავისუფლებამდე, არ განიხილა, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა ამ ნაწილში დავის საგნის გაზრდაზე. სააპელაციო სასამართლომაც აღნიშნული არ მიიჩნია მიზანშეწონილად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლოში გაიზარდა დავის საგანი და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, რაზეც რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია, მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო. ლ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაირღვა მთელი რიგი პროცესუალური ნორმები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს არასწორად დაეკისრათ ბინის ქირის 720 ლარის გადახდა 2002წ. 1 მარტამდე. კასატორი განმარტავს, რომ რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში არ არის შეტანილი მისი მოთხოვნები, მას უარი განუცხადეს სხდომის ოქმის გაცნობაზე. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-ემ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 2002წ. 18 ივლისს დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მხოლოდ ბინის ქირის, 720 ლარის, გადახდევინება. აღნიშნული სარჩელი ცნო მოპასუხე მხარემ და დააკმაყოფილა რაიონულმა სასამართლომ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ლ-ემ მოითხოვა ბინის ქირის გადახდა მოპასუხეების მიერ ბინის დაკეტვის შემდეგ, ასევე წყლის, ელექტოენერგიის და ტელეფონის დავალიანების გადახდა 173 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით. ასევე, ბინის ქირის დავალიანების გამო დავალიანების 30%-ის გადახდა და ბინის გამოთავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ ლ-ის ახალი მოთხოვნები მოსაზრების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ ცნო დავის საგნის გაზრდა იმ ნაწილში, რასაც მოპასუხე არ ეთანხმებოდა. სსკ-ს 381-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო თვითონ არის უფლებამოსილი, მოპასუხის მოსაზრების გათვალისწინებით იმსჯელოს დავის საგნის გადიდების მიზანშეწონილობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ ჩათვალა ბინის გათავისუფლებისა და ქირის ოდენობის 30%-ის დამატებით დაკისრების ნაწილში სარჩელის გადიდება, რისი უფლებაც მას აღნიშნული მუხლის საფუძველზე ჰქონდა. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კასატორ ლ-ეს შეუძლია დარჩენილ საკითხებზე რომლებზედაც არ იმსჯელა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელით მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება