საქმე # 060100122005560272
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №601აპ-23 ქ. თბილისი
ქ–ე გ., 601აპ-23 28 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძისა და მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რობიზონ ხურცილავას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ და მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რობიზონ ხურცილავამ.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გამამართლებელ ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მართალია, დაზარალებულმა გ. ქ–მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ქ–ს ბრალეულობა.
- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. ქ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება გ. ქ–ს მიერ მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი, ვინაიდან სახლიდან „მარიხუანის“ ამოღება არ ნიშნავს, რომ იგი სწორედ გ. ქ–სეს ეკუთვნოდა. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ გ. ქ–ე არის „მარიხუანას“ მომხმარებელი, ხოლო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ სხვა პირებიც, რის გამოც ჩნდება ეჭვი მის კუთვნილებასთან მიმართებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ქ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.
გ. ქ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2022 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ ხ–ში, ჭ–ს ქ. N..-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის სასადილო ოთახში, გ. ქ–მ იძალადა მამაზე - გ. ქ–ზე, კერძოდ: მუშტი მხრების არეში რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ ხ–ში, ჭ–ს ქ. N..-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის სასადილო ოთახში, გ. ქ–მ გ. ქ–ს გასაშლელი დანის დემონსტრირებით, ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, კერძოდ: მოუღერა დანა და უთხრა, რომ თუ არ მისცემდა 1000 (ათასი) ლარს, იმ „დანის წერა“ გახდებოდა.
- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გ. ქ–მ უკანონოდ შეიძინა და ხ–ში, ჭ..ს ქ. N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ შეინახა გამომშრალი „მარიხუანა“, საერთო წონით - 9,57 (ცხრა მთელი ორმოცდაჩვიდმეტი მეასედი) გრამი, რაც 2022 წლის 24 იანვარს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით გ. ქ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გ. ქ–ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ქ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გამამართლებელ ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. პროკურორმა ასევე მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის დამძიმება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის რუსუდან ლაბაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერების დამცველის, ადვოკატ რობიზონ ხურცილავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
გ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გ. ქ–ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ქ–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ არ ეთანხმება, რადგან განსახილველი საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:
9. შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა გ. ქ–მ და მოწმე თ. მ–მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის - გ. ქ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საქმეში წარმოდგენილია მოწმეების, მათ შორის - პოლიციელთა ს. ტ–ს, გ. ხ–ს, დ. ხ–სა და გ. ყ–ს ჩვენებები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი, ისინი გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, შესაბამისად მათი ჩვენებები ირიბია, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. დანაშაულის შესახებ დაზარალებულ გ. ქ–ის განცხადება, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებებად და მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან მათში მითითებული ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი, სხვა რაიმე მტკიცებულებით კი მათში აღწერილი გარემოებები არ დადასტურებულა. საქმეში ასევე წარმოდგენილია დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია გ. ქ–ს სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტი ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მითითებული დაზიანების გ. ქ–ს მიერ მიყენების ფაქტი.
10. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ძალადობასა და გამოძალვაში, ესე იგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გ. ქ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა.
11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში გ. ქ–სის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებისა, მოცემულ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - ს. ტ–ს, დ. ხ–ს, გ.–ს, გ. ხ–სა და კ. ს–ს ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნა, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 2022 წლის 24 იანვრის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ქ–ს მიერ „მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი.
12. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ყველა იმ საკითხზე, რომელთა შესახებ საკასაციო საჩივრებში დაცვისა და ბრალდების მხარეები აპელირებენ. სხვა გარემოებაზე კი, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი შეიძლება გამხდარიყო, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძისა და მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი