¹ 3კ-385-03 21 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “კ-ის” დირექტორმა ჯ. რ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქარელის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 მაისის განჩინება, რომლითაც შპს “კ-ის” განცხადება, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “კ-ის” დირექტორმა ჯ. რ-ემ. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა კერძო საჩივარი და დაინიშნა მისი განხილვა 2003წ. 23 იანვარს. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის განჩინებით შპს “კ-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ შპს “კ-ს” უწყება გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე, მაგრამ უწყება არ ჩაბარდა იმის გამო, რომ იგი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. რადგან მომჩივანმა არ აცნობა სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში მისი მოსამართლის შეცვლის შესახებ, სსკ-ს 76-ე მუხლის საფუძველზე უწყება ჩაბარებულად ითვლება.
პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა არცერთი მხარე, რაც სსკ-ს 231-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “კ-მა”. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 12 თებერვლის ბრძანებულების თანახმად, შპს “კ-ი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გადავიდა ქონების მართვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რის გამოც შეეცვალათ მისამართი და დროის სიმცირის გამო ვერ მოასწრეს ახალი მისამართის შეტყობინება.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობის გამო უწყება გაიგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო:
სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ვინაიდან მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 იანვრის განჩინება არის ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინება, ის არ გასაჩივრდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “კ-ის” დირექტორის ჯ. რ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.