გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-387-03 30 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ., ქ. მ-ეებმა და ნ. კ-ემ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დ. ბ-ას მიმართ და აღნიშნეს, რომ შ. მ-ემ და მისმა არასრულწლოვანმა დამ ქ. მ-ემ, მამიდის ლ. მ-ისაგან, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეებმა, თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული სადავო ბინა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეების შ. და ქ. მ-ეების სახელზე, როგორც მათი საკუთრება, მაგრამ იმის გამო, რომ ბინა დაკავებული აქვს მოპასუხე დ. ბ-ა-მ-ს, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, ისინი ვერ სარგებლობენ სადავო ბინით და მოითხოვენ მოპასუხის ბინიდან გამოსახლებას თანმხლებ პირებთან ერთად.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით შ., ქ. მ-ეებისა და ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. (დ.) ბ-ა-მ-ი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
მ. ბ-ა-მ-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ... საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ. და ქ. მ-ეების სახელზე. სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხეს, არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას ნივთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ა-მ-მა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება თბილისის საოლქო სასამართლოში, რადგან სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორმა მოითხოვა საქმის განხილვის შეჩერება იმ საფუძვლით, რომ რაიონულ სასამართლოში იხილება სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ბინაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილობას და ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. მ-ე, მცხოვრები თბილისში, ... გარდაიცვალა 2001წ. 1 ივნისს. მის დანაშთ ქონებაზე, მათ შორის საცხოვრებელ სახლზე მდებარე ... კანონისმიერი მემკვიდრეობა აღიდგინეს მისმა ძმისშვილებმა შ. და ქ. მ-ეებმა.
2001წ. 4 დეკემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე, შ. და ქ. მ-ეები საჯარო რეესტრში აღირიცხნენ ლ. მ-ის სამკვიდრო ქონების მესაკუთრეებად.
კასატორი დ. ბ-ა-მ-ის ლ. მ-ის ნათესავი იყო და წლების მანძილზე მესაკუთრის თანხმობით ცხოვრობდა მის საცხოვრებელ სახლში.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ზემოთ მითითებული 2001წ. 4 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობისა და დადგენილების გაუქმების მოთხოვნით სარჩელის განხილვამდე სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა.
სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული წესით.
საქმის მასალების მიხედვით, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში იხილება მ., ზ., ნ. შ-ებისა და ნ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე მ-ეებისა და სანოტარო ბიუროს მიმართ, მოპასუხეების სახელზე გაცემული 2001წ. 4 დეკემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობისა და ნოტარიუსის ამავე თარიღის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გადაწყვეტილი დავის საგანს კი წარმოადგენს დ. ბ-ა-მ-ის მფლობელობის შეწყვეტა ანუ მისი გამოსახლება სადავო სახლიდან. დ. ბ-ა-მ-ი არ წარმოადგენს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში განსახილველი სამოქალაქო საქმის მხარეს, რაც ბუნებრივია გამორიცხავს აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას. გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ განსახილველი საქმე ნებისმიერი სამართლებრივი შედეგის მიუხედავად, არ შეიძლება იყოს დამოკიდებული რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
სკ-ს 170-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით კი მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი რაიმე სამართლებრივი საფუძვლით არ ფლობს სადავო ნივთს. მისი მფლობელობა ემყარებოდა მამკვიდრებლის კეთილ ნებას, რაც ამჟამად არ აძლევს მას მფლობელობის მართლზომიერების საფუძველს, მესაკუთრეები არ იმყოფებიან კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასაბუთა გასაჩივრებული განჩინება სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლებით. განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ბ-ა-მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.