Facebook Twitter

საქმე # 200100123006739151

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №679აპ-23 ქ. თბილისი

გ. ნ. 679აპ-23 18 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. გ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 18 მაისს მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდა შპს “კ.გ.თ“(ს/ნ ...........), რომლის დამფუძნებლები იყვნენ შ. თ–ი (პ/ნ .............) 50%-იანი წილის მფლობელი და თ. ქ–ი - 50% წილის მფლობელი. ორგანიზაციის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

2011 წლის 15 ნოემბრის, პარტნიორთა კრების N.. ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, 2011 წლის 2 დეკემბერს, ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნა ნ. გ–ი (პ/ნ ...............), რომელიც 25.07.2022 წლამდე იმყოფებოდა აღნიშნულ პოზიციაზე.

2016 წლის 5 აპრილს, შ. თ–ს 50%-იანი წილი გადაფორმდა მის სიძეზე, ნ. ზ–ზე (პ/ნ ............), ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან, თ. ქ–ის 50%-იანი წილის მმართველი გახდა მისი შვილი დ. ქ–ი.

ნ. გ–ს, როგორც შპს “კ.გ.თ“–ს (ს/ნ ..........) დირექტორს დაკისრებული მოვალეობები უნდა შეესრულებინა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, საქართველოს კანონმდებლობის და შპს „კ.გ.თ–ს“ წესდების შესაბამისად.

მიუხედავად ამისა, ნ. გ–სმა განიზრახა მისი, როგორც შპს “კ.გ.თ–ის“ დირექტორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შ. თ–ისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით.

ნ. გ–სთვის ცნობილი იყო, რომ შპს “კ.გ.თ–ის“ მიერ, შესაბამისი რწმუნებულებით აღჭურვილი პირების - თ. კ–ს და კ. მ–ს მეშვეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატაში და გურჯაანის რაიონულ სასამართლოში აღძრული იყო სამოქალაქო დავები შ. თ–იის წინააღმდეგ.

კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კასატორი - შპს “კ.გ.თ–ის“ მიერ, წარმომადგენლების - თ. კ–ს და კ. მ–ს მეშვეობით, შეტანილი იყო საკასაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარე - შ. თ–ს წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხე მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების მოთხოვნით.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა - შ. თ–სთვის შპს „კ.გ.თ–ს“ სასარგებლოდ თანხის - 336 000 ლარის და მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2019 წლის 20 დეკემბრის, განჩინებით, შპს „კ.გ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.

ამავე დროს, ნ. გ–სთვის ცნობილი იყო, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოსარჩელე - შპს „კ.გ.თ–ის“ მიერ, წარმომადგენლების - თ. კ–ს და კ. მ–ის მეშვეობით შეტანილი იყო სამოქალაქო სარჩელები მოპასუხე შ. თ–იის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა - შპს „კ.გ.თ–ის“ სასარგებლოდ შ. თ–სთვის 154 680,48 აშშ დოლარის და 182 040 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოს განჩინებით სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ნომერი 2/104-19.

შპს „კ.გ.თ–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, დირექტორმა ნ. გ–სმა, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება, რა დროსაც შ. თ–სთვის გამორჩენისა და უპირატესობის მინიჭების მიზნით, შპს „კ.გ.თ–ის“ ინტერესის საზიანოდ, 2020 წლის 5 თებერვალს, განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ. თ–ს და მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ, 2019 წლის 28 თებერვალს, 2019 წლის 6 მარტს და 2019 წლის 23 აპრილს, დამოწმებული რწმუნებულებების გაუქმება, რომლებითაც შპს „კ.გ.თ“- ის დირექტორი ნ. გ–სი შპს “კ.გ.თ–ის“ წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ანიჭებდა თ. კ–სას (პირადი N............, დაბ. .... წელს) სახვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლოში.

ნ. გ–სის განცხადებების საფუძველზე, ნოტარიუს ნ. თ–სის მიერ, 2020 წლის 5 თებერვალს, გამოცემული N............., N.......... და N............ აქტებით გააუქმდა ზემოთ ხსენებული რწმუნებულებები.

2020 წლის 22 თებერვლის, განცხადებით, შპს “კ.გ.თ–ის“ დირექტორმა ნ. გ–მა ასევე თავადვე გააუქმა მის მიერ, 2018 წლის 11 აპრილს, კ. მ–სის (პ/ნ N..........) სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომლითაც ამ უკანასკნელს ანიჭებდა შპს “კ.გ.თ–ის“ ინტერესების წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ყველა ინსტანციაში, მათ შორის სასამართლოებში.

აღნიშნული ქმედებებით, ნ. გ–მა - თ. კ–ს და კ. მ–ს მოუსპო შპს “კ.გ.თ–ის“ ინტერესების სასარგებლოდ, რაიმე მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოსა, თუ სხვა დაწესებულებაში.

ამის შემდეგ, შპს “კ.გ.თ–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, დირექტორმა ნ. გ–სმა კვალავ ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება, რა დროსაც შ. თ–ისთვის გამორჩენისა და უპირატებიბის მინიჭების მიზნით, შპს “კ.გ.თ–ის“ ინტერესის საზიანოდ, 2020 წლის 24 თებერვალს, განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და უარი განაცხადა გურჯაანის რაიონული სასამართლოს წარმოებაში შპს “კ.გ.თ–ის“ სახელით არსებულ სასარჩელო მოთხოვნებზე. მანვე, მოითხოვა N2/104-19 სამოქალაქო საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა ნ. გ–სის მოთხოვნა; შეწყდა შპს „კ.გ.თ“- ის სარჩელთან დაკავშირებით დაწყებული სამოქალაქო საქმის წარმოება შ. თ–ს მიმართ ზიანის ანაზღაურების და თანხის დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო; გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიებები, რითაც შ. თ–ის აკრძალული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამავე განჩინებით, განმარტებული იქნა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება - განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

2020 წლის 3 ივნისს, ნ. გ–სმა კვლავ განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ამჯერად, 2020 წლის 10 მარტის, განჩინების გასაჩივრებაზეც უარი განაცხადა.

2020 წლის 26 თებერვალს, შპს “კ.გ.თ–ის“ დირექტორმა ნ. გ–სმა, განცხადებით ასევე მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შპს “კ.გ.თ–ის“ საკასაციო საჩივრის გამოხმობის მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით (საქმე Nას-114-2019) შპს “კ.გ.თ–ის“ დირექტორის, ნ. გ–ს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა და შეწყდა წარმოება შპს “კ.გ.თ–ის“ მიერ სარჩელის გამო, შ. თ–ს წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე. დადგენილია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

შპს “კ.გ.თ–ის“ დირექტორის ნ. გ–სის ქმედებების საფუძველზე, შპს “კ.გ.თ–ს“ მოესპო საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარე - შ. თ–იის მიმართ, საერთო ჯამში 341 000 ლარის და 336 720,38 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით არსებულ საქმეებზე, სამართლებრივი დავების წარმოების შესაძლებლობა, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა შპს „კ. გ. თ.“- ს.

საბოლოო ჯამში, ნ. გ–ს ქმედებებმა მატერიალური ზიანის მიყენების გარდა, ასევე შელახა საწარმოს საქმიანი რეპუტაცია და ორგანიზაციის მიერ სამართლებრივი დავის წარმოების კანონიერი ინტერესი, აგრეთვე რისკის წინაშე დააყენა შპს “კ.გ.თ–ს“ გადახდისუნარიანობა.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით:

3.1. ნ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა - 2000 ლარი ჯარიმა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა ნ. გ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ნ. გ–ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ნ. გ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. კ–მ, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენით:

5.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენში ნ. გ–სის მიმართ შევიდა ცვლილება;

5.2. ნ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 20 000 ლარი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

6.1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი მანანა თანდაშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ნ. გ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ნ. გ–ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

6.2. მსჯავრდებული ნ. გ–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმებას და მისთვის თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული 2000 ლარი ჯარიმის უცვლელად დატოვებას.

6.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ნ. გ–მა, რომელმაც მოითხოვა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა;

6.4. მსჯავრდებულმა ნ. გ–მა 2023 წლის 30 ივნისსა და 3 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტები.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ნ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო მსჯავრდებული ნ. გ–ი მისთვის განსაზღვრული ჯარიმის შემცირებას 2000 ლარამდე.

7.1. სასამართლო ითვალისწინენს, რომ საკასაციო საჩივარში ნ. გ–ი ასევე უთითებს დოკუმენტაციაზე, რომელიც კასატორის მტკიცებით არ იქნა მოძიებული და გამოკვლეული სამართალწარმოების ფარგლებში(საკასაციო საჩივარს ერთვის დანართად).

7.1.1. საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო წარმოების ფარგლებში არც ახალი ინფორმაციის მატარებლების მტკიცებულებად ცნობის და არც ახალი მტკიცებულების წარდგენის თუ გამოკვლევის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარე კასატორის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებითად გამოკვლევის, შეფასების და მის საფუძველზე გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის უფლებამოსილებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და პატიმრობის ultima racio ხასიათის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

10. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, ... სწორედ არასაპატიმრო სასჯელები უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).

11. საკასაციო სასამართლო დაზარალებულ დ. ქ–ს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილ განცხადებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22).

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული რესოციალიზაციის და პრევენციის მიზნების არსს; იმ გარემოებას, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).

13. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ერთის მხრივ ბრალდების მხარეს და მეორეს მხრივ მსჯავრდებულ ნ. გ–ს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება ან შემსუბუქება.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ნ. გ–ს მიერ 2023 წლის 30 ივნისსა და 3 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილი განცხადებები წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ით საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია მათზე მსჯელობის შესაძლებლობას.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე