3კ-391-03 14 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს “ბ-ას” დაეკისრა 27181 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ემყარება იმ გარემოებას, რომ 1988 წ. “ბ-ის” მიერ 9-სართულიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ჟ. მ-ის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გადაეცა მშენებარე ორგანიზაციას. “ბ-ა” ვალდებული იყო, ჟ. მ-ისათვის გადაეხადა კომპენსაცია – 120181 აშშ დოლარი სახლისა და მიწის ნაკვეთისათვის და გამოეყო მისთვის 15000 აშშ დოლარად ღირებული სამოთახიანი ბინა.
2002წ. 20 მაისს სს “ბ-ამ” განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი გარემოებების საფუძველზე:
1. 2002წ. 10 მაისს ურეხის თემის საკრებულოს გამგეობამ წერილობით მიმართა “ბ-ს” დირექტორს და აცნობა, რომ საკრებულოს მიერ ადრე გაცემულ ცნობებში, რომელიც ეხებოდა ჟ. და ნ. მ-ეების კომლს, დაშვებული იყო შეცდომა და განმარტა, რომ 1981წ. 15 მაისს ჟ. მ-ე ცალკე კომლად გამოეყო ძირითად კომლს, რის შემდეგ მის საკუთრებაში იყო საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი და 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი. დანარჩენი ნაწილი დარჩა ნ. მ-ეს, რომელიც მან 1997 წელს გაასხვისა. ჟ. მ-ის სახელზე რიცხული სახლი და მიწის ნაკვეთი დღესაც ჟ. მ-ეს ეკუთვნის და არა სააქციო საზოგადოებას.
2. სს “ა-ის” 2002წ. 22 აპრილის წერილით და საგადასახადო დავალებით ირკვევა, რომ ჟ. მ-ემ წინასწარ მიიღო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით საკომპენსაციო თანხის ნახევარი – 4268 მანეთი და 75 კაპიკი. განმცხადებელი თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები მისთვის ადრე ცნობილი რომ ყოფილიყო, სასამართლო მიიღებდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებს, რაც სსკ-ს 423-ე მუხლით საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
მოწინააღმდეგე მხარემ შესაგებელში მიუთითა, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 სექტემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ მიიჩნია საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. კერძოდ, სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ მიიჩნია ჟ. მ-ეზე სახლის ნაწილისა და 0, 08 ჰა მიწის ნაკვეთის შესახებ საკომლო წიგნში ჩანაწერის არსებობა. განმცხადებელმა 2001წ. 11 მაისს ანალოგიური საფუძვლით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადება შეიტანა სასამართლოში. აღნიშნული განცხადება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება უცვლელად დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 13 თებერვლის განჩინებით და იგი კანონიერ ძალაშია შესული.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქმის წარმოების განახლების თაობაზე განმცხადებლის მიერ მითითებული მეორე გარემოება და მიიჩნია, რომ ჟ. მ-ისათვის საკომპენსაციო თანხის ნაწილის გადახდა ძირითადი საქმის განხილვის პერიოდში ცნობილი უნდა ყოფილიყო განმცხადებლისათვის, რადგან მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი მასთან ინახებოდა.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ბ-მ”.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 სექტემბრის განჩინება. ასევე გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება ემყარება იმ ფაქტს, რომ 1988 წელს “ბ-ის” მიერ 9 _ სართულიანი სახლის მშენებლობის დაწყებისას ჟ. მ-ის სახლი და მიწის ნაკვეთი გადაეცა “ბ-ს”, რომელიც ვალდებული იყო, ჟ. მ-ისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადა თანხა და მიეცა 3 ოთახიანი ბინა.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ურეხის თემის საკრებულოს გამგეობის 2002წ. 10 მაისის წერილით ირკვევა, რომ ჟ. მ-ის სახელზე ირიცხებოდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ნაწილი და 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ჟ. მ-ემ კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიული სამმართველოსაგან წინასწარ მიიღო 4268 მანეთი 75 კაპ., _ საცხოვრებელი სახლისა და ნარგავების ღირებულების ნახევარი. აღნიშნული გარემოება საქმის განხილვის დროს ცნობილი არ იყო განმცხადებლისთვის (მოპასუხისათვის). სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, საფუძვლიანია და მიუთითა სსკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-ემ. იგი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, კერძოდ _ სსკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი. განმცხადებლის მიერ მითითებული ერთ-ერთი გარემოება ერთხელ უკვე იყო სასამართლოს განხილვის საგანი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ივლისის განჩინებით იგი არ იქნა მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საქმის წარმოების განახლებაზე განმცხადებელს უარი ეთქვა.
კასატორს მიაჩნია, რომ საკომპენსაციო თანხის ნაწილის გადახდის შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის განხილვამდე. ამასთან, ორივე დოკუმენტი განმცხადებელს შეეძლო მოეპოვებინა საქმის განხილვის დროს და წარედგინა ისინი სასამართლოში. განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეძლო ამ გარემოებებზე მითითება საქმის განხილვისას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ამავე კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი, რომლითაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საფუძვლით შესაძლებელია მხარემ განცხადებით მიმართოს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გარემოებების შესახებ, მაგრამ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდონარე, საქმის წარმოების განახლების საფუძვლებისა (423-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სამართლებრივი წანამძღვრების არსებობისას შესაძლებელია მოხდეს საქმის წარმოების განახლება.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ უნდა გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან, ჯერ ერთი, საქმის მასალებით დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გარემოება უკვე იყო სასამართლოს განხილვის საგანი. მეორე, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ჟ. მ-ემ “ბ-ს” გადასცა მიწის ნაკვეთი, ხოლო “ბ-მ” (სააქციო საზოგადოებამ) სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება კრედიტორისათვის თანხის ნაწილის გადახდის თაობაზე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან საკომპენსაციო თანხის ნაწილის მიღება კრედიტორს არ უსპობს უფლებას, მოითხოვოს დარჩენილი თანხის ანაზღაურება. ამასთან, მართალია, კრედიტორს უკვე მიღებული თანხის კვლავ მოთხოვნის უფლება არ აქვს, მაგრამ ეს გარემოება საქმის განხილვის დროს მხარისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. პალატა მიუთითებს, რომ თუ ამ გარემოებაზე საქმის განხილვის დროს მხარე მიუთითებდა, მაგრამ შესაბამის მტკიცებულებას ვერ წარადგენდა მისი ბრალის გარეშე, ხოლო შემდეგში ასეთი მტკიცებულებას წარადგენდა, იგი შეიძლება დასაშვებად მიეჩნია სასამართლოს და შემდეგ ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ნოემბრის განჩინება.
სს “ბ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების
განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.