Facebook Twitter

საქმე # 190100123006811477

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №674აპ-23 ქ. თბილისი

გ. მ.674აპ-23 10 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ–სეს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 5 აგვისტოს N......... ბრძანებით დაინიშნა შპს „................ის’’ (ს/ნ ............) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 26.09.2017 წლიდან 01.05.2020 წლამდე.

შპს ................სი“(ს/ნ ..............) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 26 სექტემბერს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 30 იანვარს, საქმიანობის საგანია ბაზალტის ბორდიურების რეალიზაცია.

გადამხდელს შეძენილი აქვს 2 438 მ3 ბორდიური და რეალიზებული აქვს 13 825 მ3. საბაჟო ოპერაციები არ უფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით და წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით 2020 წლის 22 თებერვლიდან საქონლის შეძენისა და რეალიზაციის ოპერაციები და საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობა არ უფიქსირდება.

შესამოწმებელ პერიოდში შპს ................სის’’ (ს/ნ...........) დირექტორი იყო

მ. გ–ე (პ/ნ ...................). 2020 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2020 წლის 28 სექტემბრის N.............. ბრძანება და ამავე თარიღის N.............. საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, შპს-ს საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა 276 687 ლარი, მათ შორის, ძირითადი - 149 800 ლარი, ჯარიმა 102 958 ლარი და საურავი - 23 929 ლარი.

აღნიშნულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2020 წლის 13 ნოემბერს, ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 14 ოქტომბერს, ხოლო პირადად გამომძიებლის მიერ გაეცნო 2021 წლის 1 თებერვალს.

N........... საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელმა გაასაჩივრა 2020 წლის 13 ნოემბერს შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 დეკემბრის N......... ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა 2021 წლის 3 ივნისის N.......... ბრძანება და 2021 წლის 13 მაისის დასკვნა და N......... საგადასახადო მოთხოვნა.

კორექტირებული მოთხოვნის თანახმად, საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა 294 062 ლარი, მათ შორის ძირითადი - 149 800 ლარი, ჯარიმა - 101 758 ლარი და საურავი - 42504.96 ლარი.

ახალი საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა 2021 წლის 30 ივლისს ფოსტის საშუალებით, ხოლო გამომძიებლის მეშვეობით გაეცნო 2021 წლის 1 თებერვალს.

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის წერილით დგინდება, რომ შპს ................სი’’-ს (ს/ნ .............) მიერ 2021 წლის 3 ივნისის N.......... საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს არ გაუსაჩივრებია, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 ივნისის წერილით ირკვევა, რომ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს არ გაუსაჩივრებია არც მათთან, საგადასახადო მოთხოვნა არ გასაჩივრებულა არც სასამართლოში.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისთვის მიუმართავს.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით:

3.1. მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 3 წელი;

3.2. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. გ–ს დაეკისრა მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებლის ადგილის მიხედვით;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრგიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ მ. გ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას მ. გ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით - კასატორი ითხოვს არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ მ. გ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, მ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მ. გ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მ. გ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, და, შესაბამისად, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წინაპირობები. ამასთან, მსჯავრდებულისვე განმარტებით, იგი სოციალურად დაუცველია, კმაყოფაზე ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მამა.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, ... სწორედ არასაპატიმრო სასჯელები უნდა იქნეს გამოყენებული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი