Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-393-03 4 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. მ-მა ნ. ლ-ის რწმუნებულ გ. მ-თან 1998წ. 22 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა. ეს ბინა აღირიცხა შ.მ-ის საკუთრებაში ტექინვენტარიზაციის ბიუროში. ბინის მესაკუთრე შ.მ-მა 1998წ. 19 ნოემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე თ. მ-ის გამოსახლება ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინიდან იმ მოტივით, რომ მოპასუხე იქ ყოველგვარი ნებართვის გარეშე ცხოვრობს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: კასატორი თ.მ-ი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან იმ საფუძვლით, რომ ბინა წარმოადგენს მოსარჩელე შ.მ-ის საკუთრებას, ხოლო მოპასუხე თ.მ-ი ბინაში ცხოვრობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

თ. მ-ის წარმომადგენელმა ლ.ჭ-მ 2001წ. 16 მარტს განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა შემდეგზე: შ.მ-ის სარჩელი თ.მ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შ.მ-ი იყო კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან ნ.ლ-ი, რომლისგანაც ბინა შეიძინა შ.მ-მა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ. ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 2001წ. 6 მარტს გაცემული ცნობით კი ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული 2001წ. 2 მარტისათვის. აღნიშნული გარემოება სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო მოცემული საქმის განხილვის დროისათვის, მაშინ თ.მ-ისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება გამოვიდოდა.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ.მ-ის განცხადება უსაფუძვლობის გამო.

თ.მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს განჩინებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ნოემბრის განჩინებით თ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის განჩინება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ თ.მ-მა 1998წ. 20 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდა სადავო ბინა ნ.ლ-ს. ნ.ლ-მა კი 1998წ. 22 აგვისტოს აღნიშნული ბინა მიყიდა შ.მ-ს. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სადავო ბინა რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში, ეს ახლად აღმოჩენილი გარემოებაა და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, რადგან სკ-ს 1515-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განეხორციელებინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს. სადავო ბინა ნასყიდობის დროს აღრიცხული იყო ტექბიუროში და ამდენად, აპელანტს ძირითადი საქმის განხილვის დროს რომ ეს სცოდნოდა, მაინც ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი სხვა გადაწყვეტილების მიღებას. სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რომლებიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. როგორც ზემოთ აღინიშნა განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი ვერ გამოიწვევდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას.

თ.მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ სკ-ს 1515-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განეხორციელებინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს. სადავო ბინა ნასყიდობის დროს აღრიცხული იყო ტექბიუროში და ამდენად, აპელანტის განცხადება უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მას ძირითადი საქმის განხილვის დროსაც რომ სცოდნოდა, ეს ვერ გამოიწვევდა საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა განემარტა, რომ სკ-ს 311-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საჯარო რეესტრის ორგანიზაციის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით, ხოლო ეს კანონი არის საქართველოს კანონი “მიწის რეგისტრაციის” შესახებ, რომელიც სწორედ განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ორგანიზაციისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონი მიღებულ იქნა 1996წ. 14 ნოემბერს. სხვა კანონი, რომელიც არეგულირებს საჯარო რეესტრის ორგანიზაციის წესს, არ არსებობს. რაც შეეხება იმ საკითხს, იყო თუ არა ჩამოყალიბებული სადავო ბინის ნასყიდობის დროს საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური, როგორც ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2001წ. 7 ივნისის ¹4137-01 წერილიდან ირკვევა, საჯარო რეესტრის ერთიანი სამასახური ჩამოყალიბდა 1998წ. 20 იანვარს, როდესაც ძალაში შევიდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998წ. 10 იანვრის ¹2/5 ბრძანება “მიწის (უძრავი ქონების) სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების ჩამოყალიბებისა და საჯარო რეესტრის (საადგილმამულო წიგნის) ფორმულარების დამტკიცების შესახებ”, ამდენად 1998წ. 20 იანვრიდან ერთიანი საჯარო რეესტრი უკვე ჩამოყალიბებული იყო და სავალდებულო იყო მასში მესაკუთრედ რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ როგორც საოლქო, ისე პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ სკ-ს 311-ე მუხლი. ამის გამო მათ გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ, გამოიყენეს 1515-ე მუხლი და შესაბამისად არ გამოიყენეს სკ-ს 210-ე მუხლი, რაც გახდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ.მ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ნ.ლ-ი, რომლისგანაც ბინა შეიძინა შ.მ-მა, არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში სადავო ბინის მესაკუთრედ. ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 2001წ. 6 მარტს გაცემული ცნობის თანახმად ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული 2001წ. 2 მარტისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია აღნიშნული გარემოება საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილში კი იმპერატიულად არის აღნიშნული, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალით გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.მ-მა ვერ დაადასტურა, თუ რატომ არ მიუთითა სასამართლოში მოცემული საქმის არსებითად განხილვისას ზემოაღნიშნულ გარემოებაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს თ.მ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან 1998წ. 20 იანვრიდან ჩამოყალიბდა ერთიანი საჯარო რეესტრი, ამიტომ სავალდებულო იყო მასში მესაკუთრედ რეგისტრაცია. სკ-ს 1515-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებს განახორციელებენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. ამიტომ თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1998წ. ჩანაწერები და საჯარო რეესტრის ჩანაწერები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.