3კ-394-03 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურება და მოწინააღმდეგე მხარისათვის 14123 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში სოლიდარულად დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. პ-ამ და გ. კ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების: შპს “ს-ოს” და შპს “შ-ოს” მიმართ და მოითხოვეს შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურება და 14123 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის სოლიდარულად მოპასუხეებისათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
1996წ. 1 აგვისტოს ო. პ-ას, გ. კ-ესა და მაშინდელი “ს-ოს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ო. პ-ა და გ. კ-ე გაგზავნილ იქნენ ინგლის-საქართველოს ერთობლივ კომპანია “ა-ას“ კუთვნილ თბომავალ “ვ-ეზე” მეზღვაურებად. ხელშეკრულებით თითოეულს ხელფასი დანამატებით განესაზღვრა 1185 ლარის ოდენობით, მეზღვაურებმა კი უფლება მისცეს მენეჯერს, გადაერიცხა მთლიანი ხელფასის 35% საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის ანგარიშსწორებისა და სოციალურ მოთხოვნათა დასაფინანსებლად. ხელშეკრულებითვე გათვალისწინებულ იქნა ხელფასის 10%-იანი ზრდა ქიმიური ტვირთების გადატანისას მოსარჩელეები გემზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 თვის ნაცვლად შემცვლელი შემადგენლობის გამოუგზავნელობის გამო დარჩნენ 9 თვე. 1997წ. 14 აპრილს, მუშაობის მეცხრე თვეს, სამუშაო საათების შემდეგ, 23 საათზე, მოსარჩელეებმა დალიეს წყალში გარეული სპირტი, მესამე დღეს იგრძნეს ჯანმრთელობის გაუარესება. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და მეზღვაურებმა 99%-ით დაკარგეს მხედველობა. 1997წ. 21 მაისის ბრძანებით მოსარჩელეები გაათავისუფლეს მცურავთა შემადგენლობიდან და უარი ეთქვათ შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურებაზე. საქართველოს შრომის ინსპექციის მეშვეობით, სანაოსნოს დირექტორის 1997წ. 30 მაისის ბრძანების საფუძველზე სანაოსნოს ბუღალტერიას დაევალა მეზღვაურებისათვის შრომისუუნარობის ფურცლების ანაზღაურება, რაც გაჭიანურდა საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო. საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბებულმა შპს “ს-ომ” ჯერ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, შემდეგ კი აანაზღაურა შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის 6 თვე – 87 ლარი, რასაც მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს შრომისუუნარობის ფურცლის ყოველთვიური ხელფასის მიხედვით ანაზღაურება.
ამ პერიოდში სანაოსნოში კვლავ რეორგანიზაცია მოხდა და შპს “ს-ოს” გარდა ჩამოყალიბდა შპს “შ-ო”, რომელთა წინააღმდეგაც აღიძრა სარჩელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად და მოპასუხეებს შპს “ს-ოს” და შპს “კ-ას” სალიდარულად დაეკისრათ 14123 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “კ-ამ”, ხოლო შპს “ს-ოს” აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 იანვრის განჩინებით შპს “კ-ის” კასაცია დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის განჩინებით შპს “კ-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
უზენაესი სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა შპს “კ-ამ” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თუმცა საქმის განხილვისას მხარეები მორიგდნენ. მათ წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს საკასაციო პალატის მიერ მისი დამტკიცება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნორა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობებს, მიიჩნია, რომ იგი უნდა დამტკიცდეს, ვინაიდან თანახმად სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილისა, მხარეებს შეუძლიათ საქმე მორიგებით დაამთავრონ. მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი საქმეს თან ერთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მორიგება მოპასუხეებს: შპს “კ-ას”, შპს “ს-ოსა” და მოსარჩელეებს: გ. კ-ესა და ო. პ-ას შორის შემდეგი პირობებით:
1. გ. კ-ე და ო. პ-ა აღიარებენ შპს “კ-ის” საკასაციო საჩივარს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
2. შპს “კ-ა” არც 1996წ. შრომის კოლექტიური ხელშეკრულებისა და არც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ აღიარებს თავს ვალდებულად, აუნაზღაუროს ო. პ-ასა და გ. კ-ეს 1997წ. მაისიდან 1987წ. ნოემბრამდე გაცემული შრომისუუნარობის ფურცელი და მხოლოდ მათი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით გადაუხდის გ. კ-ესა და ო. პ-ას ერთჯერად თანხას, თითოეულს – 3500 აშშ დოლარს.
გადახდა განხორციელდება შემდეგი გრაფიკით:
ა. 3500 დოლარი დაიფარება 2003წ. 20 ივნისამდე.
ა. დარჩენილი 3500 დოლარი დაიფარება 2003წ. 20 აგვისტომდე.
3. შპს “კ-იდან” 7000 დოლარის მიღების შემდეგ გ. კ-ე და ო. პ-ა სამუდამოდ უარს აცხადებენ შპს “კ-ის”, მისი შვილობილი კომპანიების, გემებისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ყოველგვარი სარჩელის შეტანასა და რაიმე პრეტენზიაზე.
4. შპს “ს-ო” იღებს ვალდებულებას, 3000 აშშ დოლარი 2003წ. 1 აგვისტომდე გადაუხადოს ო. პ-ასა და გ. კ-ეს.
5. მოცემულ საქმეზე სარჩელით წარმოდგენილი შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურებაზე გ. კ-ეს და ო. პ-ას პრეტენზია არ ექნებათ.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ო. პ-ას და გ. კ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების: შპს “ს-ოსა” და შპს “კ-ის” მიმართ შრომისუუნარობის ფურცლის ანაზღაურების და თანხის დაკისრების თაობაზე და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.