Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-399-03 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 3 ნოემბერს რ. გ-სა და ლ. მ-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის – 15500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ... მდებარე რ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების საფუძველზე. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2002წ. 30 იანვარს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გაიხსნა სააღსრულებო წარმოება იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის თაობაზე.

2002წ. 13 მარტს რ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ ლ. მ-ს სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თანხა მისთვის არ გადაუცია, არამედ გადასცა მისი ყოფილი მეუღლის ნაცნობს – კორპორაცია “მ-ის” წარმომადგენელ ე. ს-ეს. აღნიშნული გარემოება მოსარჩელემ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიიჩნია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა, რადგან 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მათ მიერ შედგენილი მორიგების აქტი, რითაც აღიარებულია რ. გ-ის მიერ სესხის ვალდებულება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ-მა და მიუთითა, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სსკ-ს 106-ე მუხლი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლოში დავის განხილვისას მხარეები მორიგდნენ, რის გამოც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. მორიგების საფუძველზე რ. გ-მა იკისრა ვალდებულება, რომ ლ. მ-ს გადაუხდიდა 15500 აშშ დოლარს, რის შემდეგაც მხარეთა შორის დადებული 2000წ. 3 ნოემბრის იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შესრულებულად.

რ. გ-მა აღძრა სარჩელი და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 106-ე მუხლი, ვინაიდან მხარეები თავისუფლდებიან იმ ფაქტების დამტკიცებისაგან, რომლებიც დადგენილია იგივე მხარეების მონაწილეობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მოცემულ საქმეზე და მორიგებით დამთავრებულ საქმეზე იგივე მხარეები არიან. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის მტკიცება, რომ მხარეთა შორის სესხი არ არსებობდა, უსაფუძვლოა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 361-ე, 623-ე მუხლები და არ გამოიყენა. კასატორი თვლის, რომ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია, რადგან იგი მართლსაწინააღმდეგოა. ბათილობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სადავო თანხა მას არ მიუღია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობის თაობაზე დავა მორიგებით დასრულდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე რ. გ-მა სარჩელით სადავო გახადა ის სამართლებრივი ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულება), რის საფუძველზეც ლ. მ-ს რ. გ-ის წინააღმდეგ ადრე ჰქონდა მოთხოვნა წარდგენილი სასამართლოში. დავის განხილვისას კი მხარეები მორიგდნენ, ე.ი ახალი გარიგებით (მორიგება სამართლებრივი თვალსაზრისით იგივე გარიგებაა) მათ ისკისრეს ვალდებულებები. ამდენად, რ. გ-მა სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა ვალის – 15500 აშშ დოლარის – არსებობა და განსაზღვრა მისი გადახდის ვადები.

პალატა მიუთითებს, რომ მორიგების თაობაზე მხარეთა შეთანხმების შემდეგ მათი უფლებები და მოვალეობები მორიგების პირობებით განისაზღვრება და არა მორიგებამდე არსებული ვალდებულებების მიხედვით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა რ. გ-ის მოთხოვნა მორიგებამდე არსებული ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, რადგან მხარეებმა მორიგებისას ახლებურად მოაწესრიგეს მათ შორის ადრე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. პალატა თვლის, რომ 2002წ. 3 ნოემბრის ხელშეკრულება ბათილიც რომ ყოფილიყო, მორიგების აქტით იგი ნამდვილი გახდა, რადგან მხარეებმა მათ შორის ფულადი ვალდებულებების არსებობა დაადასტურეს.

ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან სასამართლოს მოცემული დავის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.