გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-400-03 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: კონკურსში გამარჯვებულად ცნობა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მოხელეთა საკვალიფიკაციო კომისიის, ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ და მოითხოვა საგადასახადო შემოსავლების სამსახურის მოხელეთა საატესტაციო-საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1995 წლიდან მუშაობდა თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 5 ივნისის ¹103 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ატესტაცია-კონკურსი ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. საკონკურსო-ტესტური გამოცდა გაიარა და მისი მომზადება კომისიის მიერ შეფასდა 27 ქულით, მაშინ, როცა გამსვლელი ქულა იყო 24. მან ასევე წარმატებით გაიარა გასაუბრება ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო კონკურსში გამარჯვებულად არ ცნეს და არ წარადგინეს თანამდებობაზე დასამტკიცებლად. მისთვის არ აუხსნიათ, საკონკურსო მონაცემების რომელ პირობას არ აკმაყოფილებდა. მოსარჩელემ განაცხადა, რომ იგი “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000წ. 15 ივნისის ბრძანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მოპასუხეებმა დაარღვიეს “საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” ¹103 ბრძანების 26-ე მუხლი, “საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ფუნქციური რეორგანიზაციის გეგმის” მესამე თავის მე-2 მუხლის 22-ე პუნქტი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. მოსარჩელემ შემდეგში დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა კონკურსში გამარჯვებულად ცნობა და შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნა.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება არ წარმოადგენდა იმის ერთადერთ გარანტს, რომ მოსარჩელის კანდიდატურა წამოყენებული იქნებოდა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად. საკონკურსო-საატესტაციო კომისია შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას ითვალისწინებდა სხვა გარემოებებსაც. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით ჯ-ი ჩარიცხულ იქნა სამინისტროს მოხელეთა რეზერვში. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამსახურში აღდგენის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან განხორციელდა თბილისის რაიონული სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების ლიკვიდაცია, ხოლო ლიკვიდირებულ სამსახურში აღდგენა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ი მონაწილეობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ მოწყობილ საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევ კონკურსში. სასამართლომ დაადგინა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 34-ე მუხლის თანახმად საკონკურსო საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. მოსარჩელის კანდიდატურა არ ყოფილა წამოყენებული თანამდებობაზე დასანიშნად, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და სსკ-ს მოთხოვნების თანახმად სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძველია.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჯ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 18 აპრილს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა _ ვ. ჯ-ი აღდგა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვა 2002წ. 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი საფუძვლით: 2002წ. 18 აპრილს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ. ბ-მა, რომელზეც გაცემული იყო რწმუნებულება, ვერ მოახერხა გამოცხადება სასამართლო პროცესზე. მიუხედავად სამინისტროს ოპერატიურობისა, შეუძლებელი გახდა ახალი რწმუნებულებების გაცემა და წარმომადგენელთა საოლქო სასამართლოში გამოცხადება დაგვიანების გარეშე, ამიტომ მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის განჩინებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამინისტრო პროცესის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2002წ. 5 აპრილს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს საკმაო დრო ჰქონდა სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს, ადგილი არ ჰქონია არც მხარის გამოუცხადებლობას საპატიო მიზეზით, რის შესახებაც უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის თავის დროზე. სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს მიერ მითითებული გარემოება არ მიიჩნია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა ან საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: ვ. ჯ-ის როგორც თავდაპირველი, ისე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სამართლებრივად შეუძლებელია მოხელის აღდგენა ლიკვიდირებულ სამსახურში. რაც შეეხება მოთხოვნას კონკურსში გამარჯვებულად ცნობის შესახებ, წარმოადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის კომპეტენციაში შეჭრის მცდელობას, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად კანდიდატის გამარჯვებულად ცნობა და მისი დასანიშნად წარდგენა მხოლოდ კომისიის პრეროგატივას წარმოადგენს. ვ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის წარმოების შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა, ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას შეტყობინება არ მიუღია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ განყოფილებაში უნდა დაინიშნოს მოსარჩელე, დღეისათვის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არ არის ვაკანტური საშტატო ერთეული და არც არსებობს სხვა მოხელის გათავისუფლების საფუძველი. საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხეები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და ამდენად, ისინი არიან ადმინისტრაციული ორგანოები. ამავე მუხლის ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების, საჯარო შრომითი ურთიერთობის დადება და შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტით, ასევე სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.