Facebook Twitter

¹ 3კ-401-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

თ. კობახიძე

დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ.-ე და ლ. გ.-ე 1981 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში, 1992 წელს, შეიძინეს ქ. თბილისში, ... მდებარე 44-ე ბინა. ეს ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულია ლ. გ.-ის საკუთრებაში. ამ ბინის თაობაზე 2000წ. 30 მარტს იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა სს “ს.-სა” და ლ. გ.-ს, შპს “ყ.-ის” გენერალურ დირექტორ _ მ. ბ.-ს შორის, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ა. ქ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. ბ.-ის, ლ. გ.-ის, სს “ს.-ის” მიმართ და მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებაა და მისი თანხმობის გარეშე მოხდა ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ქ.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ა. ქ.-ის რწმუნებულმა დ. გ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ვინაიდან, ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ლ. გ.-ს, ამიტომ ამ ბინის თაობაზე იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას არ იყო საჭირო მისი მეუღლის ა. ქ.-ის წერილობითი თანხმობა. ასეთი თანხმობის არარსებობა კი არ წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს. სკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სს “ს.-ისათვის” საჭირო იყო მხოლოდ მესაკუთრის, ლ. გ.-ის თანხმობა. ნოტარიუსს კი, უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ევალება, სახლის მესაკუთრეს მოსთხოვოს ოჯახის წევრების თანხმობა, მით უფრო, რომ ა. ქ.-ე არ იყო ფორმა ¹1-ში რეგისტრირებული. მხარეები არ უარყოფენ, რომ ა. ქ.-ისათვის ცნობილი იყო სესხის თაობაზე და ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილი იყო ბინის იპოთეკით დატვირთვის შესახებ. 1160-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისას იგულისხმება მეორე მეუღლის თანხმობა, რაც გამომდინარეობს მესამე პირთა ინტერესებიდან.

ა. ქ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: იპოთეკის ხელშეკრულება სადავო ბინის თაობაზე ნოტარიუსმა გააფორმა მისი თანხმობის გარეშე. ეს ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს სკ-ს 1158-ე მუხლით. 1159-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრების ქონების მართვა მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გარიგება 1160-ე მუხლით ბათილია. სასამართლომ არასწორად განმარტა 1160-ე მუხლი, როცა მიუთითა, რომ საერთო საკუთრების ქონების გასხვისებისას იგულისხმება ორივე მეუღლის თანხმობა, რაც გამომდინარეობს მესამე პირთა ინტერესებიდან. სასამართლო განჩინება ვარაუდზე არ უნდა იყოს დამყარებული. ბინაში რეგისტრაცია კი არ წარმოშობს მეუღლეთა თანასაკუთრებას, არამედ ქორწინების რეგისტრაცია, ამიტომ საჭირო იყო კასატორის თანხმობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ქ...-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. გ.-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მართალია იგი ა. ქ...-ესთან ქორწინების პერიოდში შეიძინა ლ. გ.-მ, მაგრამ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მხოლოდ მის საკუთრებაშია ეს ბინა რეგისტრირებული.

2000წ. 30 მარტს იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა ამ ბინის თაობაზე ერთი მხრივ სს “ს.-ის” წარმომადგენელი პიტერ შოუს, მეორე მხრივ შპს “ყ.-ის” წარმომადგენელ მ. ბ.-ს და ბინის მესაკუთრე ლ. გ.-ეს შორის შპს “ყ.-ის” ვალის უზრუნველსაყოფად. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ა. ქ...-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მისი, როგორც ბინის თანამესაკუთრის, თანხმობის გარეშე, ამიტომ ეს ხელშეკრულება ბათილია სკ-ს 1160-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაში შედის, ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული გარიგება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მეუღლის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების განმკარგავ მეუღლეს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება და დამტკიცებული იქნება, რომ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მას ასეთი უფლება არ ჰქონდა.

მართალია სკ-ს 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რაიმე არ არის დადგენილი. მაგრამ მხარეები სადავოდ არ ხდიან და დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო ბინა იპოთეკით დატვირთვისას საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ლ.გ.-ის სახელზე.

ა. ქ.-ე სადავო ბინის თანამესაკუთრე გახდა მისი შეძენის მომენტში ლ. გ.-ესთან ერთად და მას სრული უფლება ჰქონდა, განეხორციელებინა საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, რაც არ გაუკეთებია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ა. ქ.-ის უფლება, აღრიცხულიყო სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში და ესარგებლა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, განეკარგა ქონება, დაუთმო მეუღლეს ლ. გ.-ს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სკ-ს ზოგიერთი ნორმის მიხედვით (მაგალითად 1513-ე, 1433-ე მუხლები) პირი მესაკუთრედ ითვლება, ერთ შემთხვევაში, სკ-ს ამოქმედების, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, მაგრამ კანონი ორივე შემთხვევაში იმპერატიულად მოითხოვს სანივთო სამართლებრივი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

აღნიშნული მუხლების შესაბამისად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გაფორმება საბოლოოდ წარმოებს სწორედ სკ-ით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესებით, რაც ამ უფლების წარმოშობის ერთ-ერთი წინაპირობაა (სკ-ს 183-ე მუხლი).

საკასაციო პალატა თვლის, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, სკ-ს 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად.

სკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რაიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზეა რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

სადავო ბინის მესაკუთრედ ლ. გ.-ე 1992 წლიდანაა რეგისტრირებული და ა. ქ.-ს წლების განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია ასეთი ჩანაწერის უზუსტობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სკ-ს 312-ე მუხლი.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.