¹3კ-402-03 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ-ი 1997წ. 25 აპრილიდან მუშაობდა შპს “მ-ის” აფთიაქში მზა წამლების რეალიზაციის განყოფილების ფარმაცევტ-გამყიდველად. 1999წ. 2 თებერვალს შპს “მ-ის” ადმინისტრაციამ მასთან დადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2000წ. 2 თებერვლამდე. მზა წამლების საწყობში დანაკლისის აღმოჩენის გამო შპს “მ-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება თანამშრომლებისაგან, მათ შორის, გ. მ-ისგანაც და ამასთან ერთად გაათავისუფლა ისინი სამუშაოდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ. მ-ის და სხვათა მიმართ სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.
გ. მ-მა 2002წ. 17 იანვარს სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის და სამუშაოზე აღდგენის დღემდე განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “მ-ს” გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი დროის ოთხი თვის ხელფასის 720 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და გ. მ-ი აღდგენილ იქნა შპს “მ-ში” წინანდელ სამუშაოზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. ამასთან, შპს “მ-ს” დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 6180 ლარის, აპელანტის სასარგებლოდ გადახდა. გადაწყვეტილებით პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა _ 720 ლარი და 6180 ლარი ერთად წარმოადგენს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასს და აქ არ იგულისხმება ხელფასის ის ოდენობა, რაც კონტრაქტის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში უნდა მიეღო მოსარჩელეს.
შპს “მ-მა” საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 1999წ. 1 ოქტომბრიდან 2000წ. 2 თებერვლამდე. საქმეში არსებული 2000წ. 24 იანვრის ¹5 ბრძანებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გ. მ-ს 2000წ. 2 თებერვლიდან შეუწყდა ვადიანი შრომის ხელშეკრულება შეთანხმებული ვადის გასვლის გამო შკკ-ს 30-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანება არავის არ გაუუქმებია. თუ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით გ. მ-ი აღადგინა წინანდელ სამუშაოზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, შესაბამისად, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მოიცავს მხოლოდ იმ პერიოდს. ამდენად, 6180 ლარის დაკისრება ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია. გ. მ-ის სამუშაოზე აღდგენა ხელშეკრულებაში მითითებული ვადით მთლიანად გამორიცხავს შესაძლებლობას, შეასრულოს თავისი შრომითი ფუნქციები 2000წ. 2 თებერვლის შემდგომ პერიოდში. საქმის მასალებით, კერძოდ, 1999წ. 5 ოქტომბრის აქტით, 2000წ. 7 თებერვლის გასავლის ორდერით, მოპასუხე მხარის და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მ-ს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ აღუდგინა, ისე, რომ მოსარჩელეს აღნიშნული არ მოუთხოვია. მოპასუხემ საოლქო სასამართლოში წარადგინა ფორმით შესაგებელი, ხოლო შინაარსით შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა აპელანტის ყველა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შპს “მ-სა” და გ. მ-ს შორის 1999წ. 2 თებერვალს დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2000წ. 2 თებერვლამდე. შპს “მ-ის” 1999წ. 28 სექტემბრის ¹46 ბრძანებით შრომის ხელშეკრულება შეწყდა 1999წ. 1 ოქტომბრიდან, ე.ი. ოთხი თვით ადრე. ბრძანების საფუძვლად მითითებულ იქნა შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტი. გ. მ-ის ხელფასი შეადგენდა თვეში 180 ლარს.
ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული გ. მ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ოთხი თვის ხელფასის, 720 ლარის, შპს “მ-ისათვის” დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, დადგენილია გ. მ-ის სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის გარემოება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სწორად იქნა დადგენილი საოლქო სასამართლოს მიერ.
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გ. მ-ს უნდა აუნაზღაურდეს არა ოთხი თვის, არამედ სამუშაოდან დათხოვნიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.
მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობას შკკ-ს მე-16 მუხლის თანახმად საფუძვლად უდევს მხარეთა შეთანხმება, რომლის ძალითაც ორივე მხარე იძენს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი პირობების შესაბამისად. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის “გ” პუნქტი კი ადგენს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების შესაძლებლობას. ამ ვადის გასვლა შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით იწვევს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა შორის ნების გამოხატვით ან ფაქტობრივად გრძელდება შრომითი ურთიერთობა. მხოლოდ ამ ორი უკანასკნელი პირობის არსებობის შემთხვევას უკავშირებს კანონმდებელი ვადიანი ხელშეკრულების გაგრძელებას.
მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით და ზემოხსენებული ნორმების ანალიზის საფუძველზე პალატა თვლის, რომ შპს “მ-ს” არ გამოუხატავს ნება გ. მ-თან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე. ეს ურთიერთობა განსაზღვრული ვადის დადგომისას – 2000წ. 2 თებერვალს შეწყდებოდა. ამასთან, მხარეთა შეთანხმება შრომით ურთიერთობაზე და მათ შორის ხელფასზეც, მოიცავს განსაზღვრულ ვადას, ანუ გ. მ-ს სადავო ხელშეკრულებით უნდა ემუშავა ერთი წელი ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით ხელფასის მიღების უფლებით. უდავოა, რომ გ. მ-ის ინტერესი მხარისგან შრომითი ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მოთხოვნისა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო შეთანხმებული ანაზღაურების მიღებით, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. მ-ს სრულად მიღებული აქვს. შესაბამისად, გ. მ-ის სამუშაოზე აღდგენა უსაფუძვლოა იმის გამოც, რომ მას მატერიალური შედეგი, რაც გ. მ-ის ინტერესებშია, ვერ მოჰყვება.
სააპელაციო პალატამ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას შკკ-ს 207-ე მუხლზე დაყრდნობით არასწორად მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების არსებობისას შეთანხმებული ვადის გარეშე არსებული პერიოდიც. მითითებული ნორმა ადგენს, რომ სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. კანონის ეს დანაწესი ვრცელდება როგორც ვადიან, ისე უვადო შრომით ხელშეკრულებებზე. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების არსებობისას იძულებით გაცდენილი დრო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული დროის ფარგლებში უნდა მოექცეს, ვინაიდან, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი გულისხმობს მხარისათვის უეჭველად მისაღებ შემოსავალს, თუკი მიუღებლობა მეორე მხარის ბრალეული ქმედებითაა განპირობებული.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შპს “მ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
უარი ეთქვას გ. მ-ს სამუშაოზე აღდგენის და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის 6180 ლარის შპს “მ-ისათვის” გადახდის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.