საქმე # 330100122006641285
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №575აპ-23 ქ. თბილისი
კ. ნ. 575აპ-23 4 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 8 ნოემბერს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორის მიერ ნ. კ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებილი ორდერი N.........., რომლითაც ნ. კ–ს აეკრძალა წარსულში მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ვ. ბ–ს, სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა; ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონით, სოციალური ქსელითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით. 2022 წლის 11 და 20 ნოემბერს ნ. კ–ი სოციალურ ქსელ ,,მესენჯერით’’ დაუკავშირდა, ქ. თ–ში, გ–ს შესახვევი N..-ში მყოფ ვ. ბ–სას და გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 2022 წლის 21 ნოემბერს, ნ. კ–სი სოციალურ ქსელ ,,მესენჯერით’’ კვლავ დაუკავშირდა ქ. თ–ში, მეტროსადგურ ,,.........ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ვ. ბ–ს. გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, ასევე დაუკავშირდა ტელეფონით და მოსთხოვა თანხის ჩარიცხვა. აღნიშნულით ნ. კ–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;
2.2. 2022 წლის 21 ნოემბერს, ნ. კ–ი სოციალურ ქსელ ,,მესენჯერით’’ დაუკავშირდა, ქ. თ–ში, მეტროსადგურ ,,..........ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ვ. ბ–სას. გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, ასევე დაუკავშირდა ტელეფონით და მოსთხოვა თანხის ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ,,ყელის გამოჭრით’’. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. კ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;
3.3. ნ. კ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2022 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით;
3.4. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ ნ. კ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი უნდა განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ ნ. კ–სათვის ორივე ეპიზოდთან მიმართებით, თავისუფლების აღკვეთის საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ნ. კ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ნ. კ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ნ. კ–სის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ ნ. კ–სის ნაწილობრივ აღიარებასთან (აღიარა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; უარყო ვ. ბ–სადმი მუქარა) ერთად წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის, დაზარალებულ, ვ. ბ–ს ჩვენება, მოწმე ნ. კ-ს და თავად ნ. კ–ს ჩვენება; ასევე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: ა. დ–ს, გ. კ–ს, ნ. ყ–ს, ნ. ჯ–ს, ვ. შ–ს გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის №...... ოქმი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. კ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ნ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ნ. კ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც ნაწილობრივ აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და, შესაბამისად, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წინაპირობები.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე