Facebook Twitter

¹3კ-407-03 25 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ........ სანატორიუმ-პროფილაქტორიუმმა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. იმ მოტივით, რომ მათ დაწესებულებაში მუშაობს 84 მუშაკი, რომელიც შედიოდა მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებაში, საიდანაც მოსარჩელე ორგანიზაციის მედპერსონალი ღებულობდა ხელფასს 1995 წლიდან. მათ კი 1999-2000 წლებში არ მიუღიათ ხელფასი 38065 ლარის ოდენობით და მოითხოვეს აღნიშნული სახელფასო დავალიანების თანხის საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის დაკისრება.

მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი ი. კ-ე სარჩელს არ სცნობს და განმარტავს, რომ მოდავე მხარე მათ სტურქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს. არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელე ორგანიზაციასა და ფონდს შორის. შრომითი ურთიერთობა კი წარმოიშობა მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შედეგად.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის ......... სანატორიუმ-პროფილაქტორიუმის სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდს თბილისის ....... სანატორიუმ-პროფილაქტორიუმის სასარგებლოდ დაეკისრა 38065 ლარის გადახდა.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება განსჯადობის მიხედვით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის, რადგან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 მაისის ¹181 ბრძანებულების შესაბამისად ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და მის მიმართ წამოჭრილი ყველა დავა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 7 მაისის ¹181 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ამდენად, იგი საჯარო სამართლის სუბიექტია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება განახორციელოს კონკრეტული ქმედება კერძოდ, აანაზღაუროს მიუღებელი ხელფასები, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ს “ებზე დაყრდნობით; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები მათი შემადგენლობის შექმნის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.