Facebook Twitter

¹3კ-408-03 13 მარტი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბრძანების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “მ-ის” 2002წ. 4 იანვრის ¹003 ბრძანების გაუქმება უხელფასო შვებულებაში მისი გაშვების შესახებ და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1998წ. 1 ნოემბრიდან შპს “მ-ში” შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა .......-ად. 2002წ. 4 იანვარს მასთან შეთანხმებისა და მისი თანხმობის გარეშე ¹003 ბრძანებით 6 თვის ვადით სამსახურიდან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, რითაც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციისა და შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები. მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს “მ-თან” დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა “მ-ის” ინიციატივით და მხარეთა შეთანხმების გარეშე 6 თვის ვადით უხელფასო შვებულებაში გაშვებას. ხელშეკრულების თანახმად უხელფასო შვებულების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მუშის ან მოსამსახურის განცხადებით და თანაც მოკლე ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს შპს “მ-ის” ¹003 ბრძანების გაუქმებას და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა შპს “მ-ის” 2002წ. 4 იანვრის ¹003 ბრძანება მ. ბ-ის უფასო შვებულებაში გაშვების შესახებ; შპს “მ-ს” მ. ბ-ის სასარგებლოდ განაცდურის სახით დაეკისრა. 2002წ. 11 იანვრიდან 2002წ. 30 აპრილის ჩათვლით 4 თვის ხელფასის _ 1200 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “მ-სა” და მ. ბ-ეს შორის 1998წ. 2 ნოემბერს განისაზღვრა შრომის პირობები. ხელშეკრულების თანახმად თანამშრომელს უფასო შვებულება ეკუთვნის მხოლოდ 14 დღით ოჯახის წევრის ავადმყოფობის და გარდაცვალების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “მ-ის” 2002წ. 4 იანვრის ¹003 ბრძანება მიღებულია 1998წ. 2 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით და დააკმაყოფილა მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-ის” წარმომადგენელმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, შრომითი ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით თანამშრომელს 14 დღემდე ვადით მიეცემა უფასო შვებულება ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მაგრამ იმავე პუნქტის მიხედვით ადმინისტრაციას უფლება ენიჭება, თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს უხელფასო შვებულების მიცემის მიზანშეწონილობის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციამ მუშაკი შვებულებაში გაუშვა “მ-ის” ფინანსური პრობლემების გამო. ასეთი უფლება მას, ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, გააჩნდა, ხოლო შვებულებაში გაშვება არ საჭიროებდა დამატებით შეთანხმებას. სააპელაციო სასამართლომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად და დააკმაყოფილა შპს “მ-ის” სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლით: შრომითი ხელშეკრულების 3.5 მუხლის თანახმად თანამშრომლის გაშვება უფასო შვებულებაში შესაძლებელია 14 დღით ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში, ის კი გაუშვეს უხელფასო შვებულებაში 6 თვის ვადით, რითაც დაარღვიეს როგორც შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე შკკ-ს მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ბ-ე შპს “მ-ში” შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა .......-ად. დადგენილია ასევე, რომ 2002წ. 4 იანვარს ბ-ე კომპანიაში არსებული მძიმე ფინანსური პრობლემების გამო გაუშვეს ექვსთვიან უხელფასო შვებულებაში. პალატა იზიარებს კასატორ ბ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციას უფლება არ ჰქონდა 14 დღეზე მეტი ვადით უხელფასო შვებულებაში მისი გაშვებისა. შრომითი ხელშეკრულების 3.5 მუხლის თანახმად ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული, რომ თანამშრომელს 14 დღემდე ვადით უნდა მიეცეს უფასო შვებულება შემდეგ შემთხვევებში: ა) ოჯახის რომელიმე წევრის მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში; ბ) ოჯახის წევრის ან ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში უფასო შვებულების მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს გადაწყვეტს დამქირავებელი. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, შრომითი ხელშეკრულების აღნიშნული მუხლის თანახმად გაეშვა თანამშრომელი შვებულებაში 6 თვით. პალატა თვლის, რომ ხელშეკრულების 3.5 მუხლით მკაცრად რეგლამინტირებული ვადაა 14 დღე, ხოლო შემთხვევები, როდის უნდა მიეცეს შვებულება, დაკონკრეტებულია ამ მუხლის პუნქტებში. უფასო შვებულება, რომლის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს დამქირავებელი, განსაზღვრულია 14 დღით. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილი არ იყო, გაეშვა ბ-ე უხელფასო შვებულებაში 6 თვის ვადით. რადგან საქმეში ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, გამოიტანოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ბ-ის სარჩელი. როგორც შრომითი ხელშეკრულებიდან ირკვევა, ბ-ის ხელფასი შეადგენდა თვეში 300 ლარს. ვინაიდან ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, 14 დღით გაეშვა უხელფასო შვებულებაში, მ. ბ-ეს უნდა აუნაზღაურდეს ხუთთვენახევრის იძულებითი განაცდური.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

დაკმაყოფილდეს მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდეს მ. ბ-ის სარჩელი, გაუქმდეს შპს “მ-ის” 2002წ. 4 იანვრის ¹003 ბრძანება ბ-ის 6 თვით უფასო შვებულებაში გაშვების შესახებ.

შპს “მ-ს” დაეკისროს მ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის _ 1650 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.