გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-409-03 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 1996წ. 11 ოქტომბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში გატარდა შპს “თ-ი”, რომლის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების შესყიდვა-რეალიზაცია და ამ მიზნით გასამართი სადგურების შექმნა. საწარმო დააფუძნეს თ. რ-მა და გ. ხ-მა.
თ. რ-ის გარდაცვალების შემდეგ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილება და საზოგადოების პარტნიორად და დირექტორად დარეგისტრირდა ა. ყ-ი.
2001წ. ნოემბერში შპს “თ-ის” პარტნიორმა ა. ყ-მა სარჩელი აღძრა 50% წილის მქონე პარტნიორის _ გ. რ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა შპს “თ-ის” საწესდებო კაპიტალში თავისი წილობრივი მონაწილეობის მიხედვით (50%) შპს-ს ქონების გაყოფა, კერძოდ, ¹1 და ¹2 რეზერვუარების და ბენზინგასამართი შენობის 1/2½წილის მიკუთვნება. სარჩელის საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ გ. ხ-ი კეთილსინდისიერად არ უძღვებოდა საქმიანობას, რის გამოც მათი ერთად მუშაობა შეუძლებელი იყო. მოსარჩელემ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.6 მუხლზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მაისის გადაწყვეტილებით ა. ყ-ის სარჩელი შპს “თ-იდან” წილის ნატურით გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და მას მიეკუთვნა საზოგადოების ქონების 50%, ბენზინგასამართი სადგურის ¹1 და ¹2 რეზერვუარები თავისი ¹1 და ¹2 მარიგებელი სვეტებით, ხოლო გ. ხ-ს ¹3 და ¹4 რეზერვუარები მარიგებელი სვეტებით.
ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მხარეთა მორიგების გამო შეწყვიტა საქმის წარმოება შენობის გაყოფის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებანი, შპს “თ-ის” რეგისტრაცია განხორციელდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 1996წ. 11 ოქტომბრის დადგენილებით. საზოგადოების დამფუძნებლები იყვნენ თ. რ-ი, რომელიც იყო ამ საზოგადოების დირექტორი და გ. ხ-ი.
თ. რ-ის გარდაცვალების შემდეგ ამავე სასამართლოს 2001წ. 23 ივნისის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილება და საზოგადოების პარტნიორად და დირექტორად რეგისტრირებულ იქნა მისი მეუღლე ა. ყ-ი.
დადგენილია, რომ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში თითოეული პარტნიორის წილი შეადგენს 50%-ს.
სასამართლომ დაადგინა, რომ პარტნიორების ერთად მუშაობა შეუძლებელია. ასევე დადგენილია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ბენზინგასამართი სადგურის გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.6 მუხლი.
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საწარმოს გაყოფას მხოლოდ საწარმოს შიგნით, კერძოდ, ისეთი წარმონაქმნების მიმართ, რომლებიც გაყოფის შემთხვევაში ორგანიზაციულად ცალკე გააგრძელებენ საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონი საზოგადოებაში სხვა პარტნიორებთან საქმიანობის შეუძლებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პარტნიორის გასვლას საზოგადოებიდან. ასეთ შემთხვევაში დადგება მისი წილის კომპენსაციის საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის მორიგება შენობის გაყოფის თაობაზე არ მომხდარა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ-ის” დირექტორმა ა. ყ-მა. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. დადგენილია, რომ შპს-ს პარტნიორებს შორის ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელია, რადგან მოპასუხე სისტემატურად არიდებდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას. ასევე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შპს-ს ქონების ნატურით გაყოფა შესაძლებელია. სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი, მართალია, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მაგრამ მისი პრეტენზია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დამატებით და დასაბუთებულ პრეტენზიად, რადგან იგი არ მიუთითებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგინდა, საპროცესო ნორმების დარღვევით.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას, იგი კანონიერია შემდეგი გარემოების გამო:
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.6 მუხლით საწარმო, რომლის შემადგენლობაში რამოდენიმე საწარმო ერთეულია, შეიძლება დაიყოს მის შემადგენლობაში მყოფ საწარმოებად და მათ გააგრძელონ საქმიანობა, როგორც დამოუკიდებელმა – სუბიექტებმა, საკუთარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (გაყოფა ნატურით).
აღნიშნული ნორმა იძლევა საწარმოს ნატურით გაყოფის დეფინიციას. საწარმოს გაყოფა, ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საწარმოს რეორგანიზაციის ფორმას. ეს კი ხდება მაშინ, როცა საწარმო ერთდროულად საქმიანობის რამდენიმე სახეს მისდევს, რის გამოც მისი ორგანიზაციულად მართვა მეტად რთული ხდება. მითითებული ნორმის საფუძველზე საწარმოთა დაყოფის დროს ერთი საწარმო იყოფა რამოდენიმე დამოუკიდებელ ორგანიზაციულ _ სამართლებრივი ფორმის საწარმოდ და თავდაპირველი საწარმო წყვეტს თავის არსებობას. როგორც წესი, დაყოფის შედეგად წარმოშობილ საწარმოებში ძველი საწარმოს პარტნიორები მონაწილეობენ იმავე პროცენტული ოდენობით, როგორც დაყოფილ საწარმოში. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საწარმო, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია გაიყოს ნატურით და სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა მას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში პარტნიორი საწარმოს ნატურით გაყოფას მოითხოვს არა 14. 6 მუხლში მითითებული საფუძვლით, არამედ პარტნიორთან საქმიანი უთანხმოების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს, რომ შპს “თ-ის” პარტნიორის ა. ყ-ის სარჩელი იურიდიულად უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.