საქმე # 330100122006352018
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №734აპ-23 ქ. თბილისი
პ. დ. 734აპ-23 20 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. პ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 7 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, თ–ზე, ....–ს უბნის დასახლების მე-.. მ/რ-ში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. პ–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, კერძოდ, „შკოდა ოქტავიას“ მოდელის პოლიციის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით .........) შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს ........ სამმართველოს თანამშრომელს - კ. ბ–ს, მისი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას გაუწია წინააღმდეგობა, თავი ჩაარტყა სახეში, რა დროსაც კ. ბ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაუზიანა პოლიციის ფორმის ტანთცმული მაისური;
2.2. 2022 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით, 13:00 საათიდან 13:30 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თ–ში, თ–ზე, ....–ს უბნის დასახლების მე-.. მ/რ-ში, მე-.. კვარტალში, დ. პ–სმა საწვავის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა და განზრახ დააზიანა დედის - მ. ჭ–ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, რითაც დაზარალებულს მიადგა 20 200 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
3.1. დ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. დ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 7 სექტემბრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. პ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. პ–მ, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და დ. პ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ხოლო ალტერნატივის სახით საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესით, რადგან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მას ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა, ასევე შეურიგდნენ დაზარალებულები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენში:
5.1. დ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2. დ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით;
5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით;
5.4. დ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2022 წლის 7 სექტემბრიდან.
5.5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, მსჯავრდებულ დ. პ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. პ–სათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც დ. პ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დ. პ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის, ერთი მხრივ, აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს და იმავდროულად - აღნიშნული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრას უკავშირებს ჩადენილი დანაშაულის ინდივიდუალურ გარემოებებს (მათ შორის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, დანაშაულის ჩადენის გარემოებებს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ა.შ.) და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ დ. პ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდულ შერაცხადობა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე