საქმე # 020100122005997086
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №553აპ-23 ქ. თბილისი
ს. ი. 553აპ-23 23 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ი. ს–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ს–სს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ზ–ში, რ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი შელაპარაკების დროს ი. ს–მ შვილის მეუღლეს - ო. ც–ს სანადირო თოფიდან გასროლით მარცხენა ბარძაყში მიაყენა დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ი. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გამართლებულ ი. ს–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ი. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ი. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის შეფარდება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ი. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მისთვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ითვალისწინებს ინციდენტის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი პირების ლ. მ–სა და თავად ი. ს–ს ჩვენებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ლ. მ–მამ მიუთითა, რომ მას იმდენად შეეშინდა, რომ შვილიშვილის მეუღლე - მ. კ–ი და ჩვილი ბავშვი დამალა საბაზანო ოთახში, რათა გადაერჩინა ისინი(აღნიშნული დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მ. კ–ს გამოკითხვის ოქმით). ო. ც–მ ფეხით გააღო სახლის კარი და ლ. მ–ა აღმოჩნდა მასთან პირისპირ, რამდენიმე ნაბიჯში, ლ. მ–მა გადარჩენის მიზნით უკანა კიბით გაიქცა ეზოში, ამავდროულად საშველად უხმო ი. ს–ს, ხოლო ო–ე მეტალის საგნით ხელში წინა კიბით ჩავიდა, რათა დადევნებოდა ლ. მ–ს და გზა მოეჭრა მისთვის. ო. ც–მ გზა მოუჭრა ლ. მ–ს, ხელში მეტალ მომარჯვებული ყვიროდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ყველას. დროის მოკლე მონაკვეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ი. ს–მ, რომელიც იყო სახლში, ესმოდა ყოველივე და ხედავდა საკუთარი საძინებლის ფანჯრიდან მოუწოდა ო. ც–ს არ შეხებოდა ლ–ს და დაეტოვებინა მათი სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ესროდა. თუმცა ო. ც–სა მუქარითა და გინებით, ,,ლისტის“ ქნევით გაემართა კვლავ ლ. მ–სკენ, ხოლო ი. ს–სს უთხრა - ,,შენ სად გაქვს იმის თავი რომ მესროლოო.“ ამის შემდეგ ი. ს–მ საძინებლის ფანჯრიდან გაისროლა ო. ც–სას ფეხების მიმართულებით (2022 წლის 14 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით - ო. ც–ს ფეხზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების-საფანტი) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით). ი. ს–სმ მიუთითა, რომ ო. ც–სა არის მაღალი და ძლიერი პირი, ხოლო თავად და მისი მეუღლე არიან საშუალო სიმაღლის, ასაკოვანი 72 წლისანი. მოწმის შეფასებით, ო. ც–სას ერთი ხელის დარტყმაც კი საკმარისი იყო მისი მეუღლისთვის რომ დაზარალებულს მუქარა სისრულეში მოეყვანა, მითუფრო იმის გამო, რომ ხელში ეჭირა რკინის ნაჭერი - „ლისტი“. აღნიშნული გარემოებები დასტურდება ასევე 2022 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სადაც ი. ს–მ იდენტურად მიუთითა 2022 წლის 26 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად ქ. ზ–ში, რ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ი. ს–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი, რომელიც დამზადებულია რკინის კონსტრუქციისგან ქვედა მხარეს არის დეფორმირებული და ოდნავ შეღუნული. საცხოვრებელი სახლის გვერდით მარცხენა მხარეს ბეტონის ზედაპირს რამდენიმე ადგილას აღენიშნება ოვალური ფორმის დაზიანება.
12. სასამართლო ო. ც–ს პიროვნებისა და მისგან მომდინარე საფრთხის რეალურობის შესაფასებლად ითვალისწინებს მოწმეთა: ე. ც-სა და მ. ც-ს ჩვენებებს, მ. კ–ს გამოკითხვის ოქმს.
13. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით დასტურდება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭირო სამივე კრიტერიუმის არსებობა - დადასტურებულია როგორც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა და ხელყოფის იმწუთიერობა ასევე ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, ო. ც–ს მხრიდან სიცოცხლისათვის საშიში მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა, ლ. მ–ა და ი. ს–ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხე; ასევე ის გარემოება, რომ ი. ს–სს ქმედება გამოწვეული იყო აუცილებლობით და მას ამოძრავებდა სურვილი გადაერჩინა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე