საქმე # 330100119003090952
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №615აპ-23 ქ. თბილისი
ტ. გ. 615აპ-23 16 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ტ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის 12 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ტ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ც. ო–აა შვილთან, გ. ტ–სთან, ერთად ცხოვრობდა ქ. თ–ში, ი–ს ქუჩა N., ბინა ..-ში. 2019 წლის იანვრიდან ბრალის წაყენებამდე (28.05.2019), გ. ტ–სი გამოხატავდა აგრესიას ოჯახის წევრის - დედის მიმართ და სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზებით ფიზიკურად ძალადობდა მასზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
2019 წლის 7 იანვარს, ქ. თ–ში, ი–ს ქუჩა N.., ბინა ..-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი ბინიდან გ. ტ–ი შეეცადა დედის, ც. ო–ას, გაგდებას და იმავდროულად, ხელები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში. გ. ტ–სის ქმედებების შედეგად, ც. ო–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, ქ. თ–ში, ი–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას, გ. ტ–მა დედას, ც. ო–ს, ხელები გადაუგრიხა და ხელი დაარტყა მარჯვენა მაჯაში. გ. ტ–ს ქმედებების შედეგად, ც. ო–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ.თ–ში, ი–ს ქუჩა N.., ბინა ..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ ბინაში, უმნიშვნელო მიზეზით გ. ტ–მა დედას, ც. ო–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორი-სამი წუთის განმავლობაში მუშტები ურტყა თავში. გ. ტ–ს ქმედებებით, ც. ო–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. ტ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი);
3.2. გ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2019 წლის 26 მაისიდან - 2019 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მოხდილად ჩაეთვალა.
4. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. თ–ში, ი–ს ქუჩა N.., ბინა ..-ში, უმნიშვნელო მიზეზით გ. ტ–მა დედას, ც. ო–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორი-სამი წუთის განმავლობაში მუშტები ურტყა თავში. გ. ტ–ს ქმედებებით, ც. ო–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო თავის ტვინის შერყევა.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ტ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა გ. ტ–მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენის გაუქმება და გამართლება.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
10. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ. ტ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) მსჯავრდება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, მსჯავრდებულის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ტ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები(მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ც. ო–ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ს. მ–ს ჩვენება, სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის N............ დასკვნა, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა კ. ც-მ და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ტ–სმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, ს–ში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ც. ო–ა 2019 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა(იხ. ტ.2, ს.ფ. 67) და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა მისი გამოკითხვის ოქმი, ამასთან, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძლად არ უდევს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.
13. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, მოწმის დაუსწრებლად მისი ჩვენების მიღების მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა არსებობდეს. მნიშვნელოვანი მიზეზი inter alia არსებობს, თუ მოწმე გარდაიცვალა ან არ მონაწილეობდა პროცესში განსასჯელთან ან მისი სახელით მოქმედ პირებთან დაკავშირებული შიშის გამო(იხ.: Al-Khawaja and Tahery v. UK, no 26766/05, 22228/06, §118, ECtHR, 15.12.2011).
14. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ს. მ–სა, რომლის ჩვენებაც თანხვდენილია დაზარალებულ ც. ო–ს გამოკითხვის ოქმთან. მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 26 მაისს, მასთან სახლში მივიდა მეზობელი ც. ო–აა, აღელვებულ მდგომარეობაში, სიტყვებით ,,ცუდად ვარ, ცუდად“ და უთხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ, შვილმა გ. ტ–სმა, საკვებზე დაწყებული კამათის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხუთჯერ დაარტყა მუშტი თავში, რის გამოც, უჩიოდა თავის ტკივილს. ც. ო–ა აცხადებდა, რომ მას, ფიზიკური ძალადობიდან გამომდინარე, ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება, მაგრამ რადგანაც თან არ ჰქონდა ტელეფონი, ისარგებლა მოწმის მობილურით და დარეკა ,,112-ში“. მოწმის ჩვენებით, ც. ო–მ ,,112-ს“ შეატყობინა ოჯახში ძალადობის ფაქტზე, მალევე მისამართზე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. მათ მისვლამდე ს. მ–მ დაზარალებულს აღმოუჩინა პირველადი დახმარება, თავზე დაადო სველი ტილო. მისამართზე გამოცხადებულ პოლიციას და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ც. ო–მ განუცხადა, რომ იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შვილის მხრიდან, ექიმებმა ის გადაიყვანეს კლინიკაში. შესაბამისად, მოწმე ს. მ–ს ჩვენება თანხვდენილია დაზარალებულ ც. ო–ს გამოკითხვის ოქმთან, სამედიცინო დოკუმენტაციასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ექსპერტის ჩვენებასთან ( სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული მოწმის ჩვენების იმ ნაწილს რაც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 26 მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში სასამართლო სხდომაზე, გარდა ც. ო–ს გამოკითხვის ოქმისა და მოწმე ს. მ–ს ჩვენებისა, გამოკვლეულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ც. ო–ას 2019 წლის 26 მაისს დაესვა დიაგნოზი – თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 26 მაისს. დასკვნის სისწორე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა კ. ც–მა და მიუთითა, რომ შესამოწმებელ პირს თავის ტვინის შერყევა მიღებული ჰქონდა მკვრივი-ბლაგვი საგნით.
15.1. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს მსჯავრდებულის მსჯელობას ექსპერტიზის დასკვნის არგაზიარების შესახებ, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ სამართალწარმოების ფარგლებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც ექსპერტის კვალიფიციურობაში ან/და დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა; ხოლო ექსპერტიზის ფარგლებში გამოსაყენებელი კვლევის მეთოდების შერჩევა სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის კომპეტენციაა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა.
16. სასამართლო არ იზიარებს ასევე მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას არ გადაეცა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე, რაც საქართველოს სსსკ-ის უხეში დარღვევაა, ვინაიდან 2019 წლის 9 ივლისს შედგენილი ოქმით, შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ დასტურდება, რომ ბრალდებულ გ. ტ–ს გადაეცა ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები. ისინი მან ჩაიბარა პირადად, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყოველგვარ ხელმოწერაზე განაცხადა უარი (იხ. ტ.1, ს.ფ.97-101). ხოლო საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა 2019 წლის 22 ივლისს. შესაბამისად, მსჯავრდებულს მტკიცებულებები გადაეცა საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ტ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი