Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-421-03 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ქ-ა მუშაობდა ქ. ბათუმში, სს “ს-ში” მედდად. იგი სს “ს-ის” დირექტორის 2002წ. 5 ივნისის ¹32 ბრძანებით შკკ-ს 34-ე მუხლის საფუძველზე განთავისუფლდა მედდის თანამდებობიდან ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და საზოგადოების შინაგანაწესის მოთხოვნების უხეშად დარღვევების გამო. მ. ქ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ს-ის” დირექტორ ბ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ქ-ას წარმომადგენელ გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ქ-ა აღდგენილ იქნა სს “ს-ში” მედდის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა 2002წ. 5 ივნისიდან 2002წ. 23 აგვისტომდე იძულებით განაცდური დრო 105 ლარის ოდენობით.

სს “ს-ის” წარმომადგენელმა რ. ფ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მ. ქ-ას შრომის შინაგანაწესი არ დაურღვევია და არც დისციპლინური ზემოქმედება გამოყენებულა მის მიმართ. სს “ს-ის” დირექციის 2001წ. 27 დეკემბრის ¹73 ბრძანება მედიკამენტების დაკარგვის გამო მ. ქ-ას და რ. ბ-ის გაფრთხილების თაობაზე არ წარმოადგენს შკკ-ით გათვალისწინებულ (135-ე მუხლი) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას. შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტის საფუძველზე, მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლება ადმინისტრაციას იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მუშაკი პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე და მან ბრალეული ქმედება ჩაიდინა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ ნდობის დაკარგვას იწვევს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც 2001წ. 25 სექტემბრიდან მუშაობდა მედდის თანამდებობაზე მოპასუხე ორგანიზაციაში, არ იყო ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე პასუხისმგებელი მუშაკი. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მ. ქ-ამ ჩაიდინა ბრალეული მოქმედება სტომატოლოგიური “ტურბინის” მითვისებით, რადგან აღნიშნულის რაიმე დამადასტურებელი მტკიცება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ სტომატოლოგიური “ტურბინა” 500 აშშ დოლარად შეძენილია მ. ქ-ასა და ლ. მ-ის მიერ. მათ საზოგადოების დირექცია პირდებოდა აღნიშნული თანხის გადახდას, რის შემდეგაც, გადავიდოდა სადავო ნივთი მოპასუხის საკუთრებაში, მაგრამ პალატისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მ. ქ-ასა და ლ. მ-ის საკუთარი სტომატოლოგიური “ტურბინა” საზოგადოების ბალანსზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ს 206-207-ე მუხლები, რის საფუძველზეც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ს-ის” დირექტორმა ბ. ფ-ემ. მან მოითხოვა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ მ. ქ-ა სამუშაოდან გაათავისუფლა დისციპლინური გადაცდომის, საზოგადოების შინაგანაწესის მოთხოვნების უხეშად დარღვევის გამო, რამაც ადმინისტრაციას მის მიმართ ნდობა დააკარგვინა. სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა კასატორის 2001წ. 27 დეკემბრის ბრძანება მ.ქ-ას გაფრთხილების თაობაზე. შკკ-ს 137-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე 2002წ. 5 ივნისისათვის ითვლებოდა ადმინისტრაციულ სასჯელდადებულ პირად. პალატამ ასევე არასწორად განმარტა, შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “თ” პუნქტები. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2002წ. 1 ივნისს საზოგადოებიდან წაიღო საზოგადოების ბალანსზე რიცხული სპეციალური აპარატი, რითაც მათ მიაყენა მატერიალური ზიანი. სასამართლომ არასწორად განმარტა ის, რომ სადავო ნივთის საზოგადოების ბალანსზე აღრიცხვა არ ნიშნავს ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ისიც, რომ ადრე მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია არ ჰქონია ამ ნივთის თაობაზე. არასწორად იქნა განმარტებული ასევე შკკ-ს 206-ე მუხლი. მოსარჩელის შრომის წიგნაკში დეტალურადაა მითითებული იმ კანონზე, რომლის საფუძველზეც იგი დაითხოვეს სამუშაოდან. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მ. ქ-ა კანონიერი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ქ-ა მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში ...ის თანამდებობაზე და იგი საზოგადოების დირექციამ 2001წ. 27 დეკემბრის ¹73 ბრძანებით გააფრთხილა მედიკამენტების დაკარგვის გამო. მართალია, შკკ-ს 135-ე მუხლის პირველი ნაწილით არ არის გათვალისწინებული გაფრთხილება, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინური სასჯელი, მაგრამ აღნიშნული ბრძანება მიუთითებს იმაზე, რომ მ. ქ-ამ დაარღვია შრომის დისციპლინა.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოსთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მ. ქ-ას და ლ. მ-ის საკუთარი სტომატოლოგიური “ტურბინა” საზოგადოების ბალანსზე.

სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ სტომატოლოგიური “ტურბინა” მოპასუხე ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხებოდა, მაგრამ მოპასუხის ნებართვის გარეშე მ. ქ-ას მიერ ამ ნივთის საზოგადოებიდან წაღებას არ მისცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

მ. ქ-ა სამუშაოდან დაითხოვეს შკკ-ს 34-ე მუხლის “გ” და “თ” ქვეპუნქტების საფუძველზე. ამ მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციას შეუძლია მოითხოვოს ვადამდე შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციას უქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან თუ კი მუშაკი სამუშაო ადგილიდან ქონებას დაიტაცებს (მათ შორის _ წვრილმანი დატაცების დროსაც), რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება: “ვინაიდან მ. ქ-ა მუშაობდა მედდის თანამდებობაზე, იგი არ წარმოადგენდა ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე პასუხისმგებელ მუშაკს”.

პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, თუ ვინ წარმოადგენდა სადავო სასაქონლო ფასეულობაზე პასუხისმგებელ მუშაკს და რა შედიოდა მოსარჩელის კომპეტენციაში, რაც სასამართლოს მისცემს საშუალებას გადაწყვიტოს მ. ქ-ას განთავისუფლების საფუძვლის კანონიერების საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ს-ის” დირექტორ ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.