¹ 3კ-422-03 12 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: დავალიანების დაფარვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 27 მარტს სს “ე.” სს “ს.-ზ. ს. ე.” წინააღმდეგ გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე განცხადებით, შემდეგ კი სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების 961747 ლარის გადახდა, საიდანაც 584889 ლარი ძირითადი, ხოლო 376956 ლარი დამატებითი ვალდებულების თაობაზე წარმოშობილი დავალიანება იყო.
მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხესთან 1998წ. 1 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 1999წ. 1 ივლისამდე ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბებამდე გადამცემი ქსელების მეშვეობით განხორციელდებოდა მომხმარებლისათვის 60631058 კვტ. სთ. ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემის მომსახურება საერთო ღირებულებით, 632609 ლარი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
ხელშეკრულების 22.4 პუნქტის თანახმად, მოპასუხე მხარის საწარმოებს ავანსად უნდა გადაეხადა გადაცემის ღირებულების 25% ყოველი თვის 20 რიცხვამდე, ხოლო 4.3 პუნქტის შესაბამისად, სრული ანგარიშსწორების ვადად დადგინდა ხუთი საბანკო დღე ანგარიშფაქტურის წარდგენის დღიდან.
მან ხელშეკრულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, გადაიხადა მხოლოდ 47720 ლარი და 2000წ. 1 მარტის მდგომარეობით გადაუხდელი დარჩა 584889 ლარი.
ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევისათვის დაწესებული იყო პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რის გამოც 2000წ. 1 მარტისათვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 376856 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების მხოლოდ 414463 ლარის ფარგლებში. მან მიუთითა, რომ 170426 ლარი გადასახდელი აქვს სახელმწიფო კომპანია საქენერგოსათვის. პირგასამტეხლო 376856 ლარი არ ცნო იმიტომ, რომ ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, სრული ანგარიშსწორების ვადა 5 საბანკო დღეს წარმოადგენდა მომსახურეობისათვის ანგარიშფაქტურის წარდგენის დღიდან. როცა თვის ბოლოს არ იქნა გადახდილი არც ძირითადი თანხა და არც პირგასამტეხლო, მოსარჩელეს ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაეფრთხილებინა მოპასუხე და თუკი იგი 10 დღეში არ შეასრულებდა ვალდებულებას, უნდა შეეწყვიტა გადაცემის მომსახურება, აღეძრა სარჩელი.
მანვე მიუთითა, რომ მოსარჩელემ მას არ მიაწოდა იმდენი ელექტროენერგია, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 961747 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით სს “ს.-ზ. ს. ე.” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხეზე 414463 ლარის დაკისრების თაობაზე დარჩა უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შემდეგ სს “ე.” შეიცვალა სახელწოდება და იგი გახდა სს “ს. ს. ე.”, ხოლო სს “ს.-ზ. ს. ე.” _ სს “ს. გ. ს. ე.”.
2002წ. 5 ივნისს მითითებული საქმე ქვემდებარეობის მიხედვით შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
2002წ. 28 ოქტომბერს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
მან ამჯერად პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 376856 ლარის, ხოლო 2002წ. 1 ოქტომბრამდე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, 490909 ლარის გადახდა. საერთო ჯამში მოითხოვა 1038191 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 5000 ლარის გადახდა.
მოპასუხემ ამჯერადაც არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 1998წ. ნოემბერ-დეკემბერში აბაშის, სენაკის, ხობისა და ფოთის ენერგოკომპანიებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება 170426 ლარი ეკუთვნის “ს.”, ვინაიდან 1999წ. 1 იანვრამდე ენერგოკომპანიების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო “ს.” ახორციელებდა მომსახურებას ოთხივე ენერგოკომპანიისათვის.
პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხემ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ არ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და ძირითადი დავალიანების გამო მომსახურეობა არ შეუწყვიტა მოპასუხეს, ივარაუდება, რომ იგი თანახმაა მოპასუხემ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ შეასრულოს, რის გამოც პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გამოირიცხება.
მოპასუხემ ასევე არ ცნო მოთხოვნა, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელეს ვალდებულების დარღვევისათვის არ დაუნიშნავს დამატებითი ვადა, განაგრძობდა მომსახურების გაწევას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ძირითადი დავალიანების სახით დაეკისრა: 170426 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 188428 ლარის, ვადის გადაცილების გამო კანონით დადგენილი პროცენტის სახით 490909 ლარის გადახდა და სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 ლარის ანაზღაურება.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 1998წ. 1 ნოემბერს სახელმწიფო კომპანია “ე.” დადო ხელშეკრულებები სს “ფ. ე.”, აბაშის სს “ე.”, ხობის სს “ე.” და სენაკის სს “ე.”.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 2 აგვისტოს ბრძანებით სახაზინო საწარმო “ე.” გარდაიქმნა სს “ე.” და გატარდა რეგისტრაციაში თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის დადგენილებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 28 ოქტომბრის განკარგულებით სს “ფ. ე.”, აბაშის სს “ენერგია”, ხობის სს “ე.” და სენაკის სს “ე.” გაერთიანდა სს “ს.-ზ. ს. ე.”.
ქონების მართვის მინისტრის 2002წ. 22 მარტის ბრძანებით სს “ს.-ზ. ს. ე.” სხვა სამხარეო ენერგოკომპანიებთან ერთად გაერთიანდა და მათ ბალანსზე ჩამოყალიბდა სს “ს. გ. ს. ე.”, რომელიც წარმოადგენდა მათ სამართალმემკვიდრეს.
საქმის საოლქო სასამართლოში განხილვის სტადიაზე კვლავ მოხდა სს “ე.” რეორგანიზაცია და ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2000წ. 12 ნოემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “ს. ს. ე.”, რომელიც შეიქმნა შპს “ე.-...-ისა” და სს “ე.” შერწყმის შედეგად და ის წარმოადგენს მათ სამართალმემკვიდრეს.
ამდენად, 1998წ. 1 ნოემბერს “ს. კ. ე.” და სს “ფ. ე.”, აბაშის სს “ე.”, ხობის სს “ე.” და სენაკის სს “ე.” შორის დადებული ხელშეკრულების მხარეების სამართალმემკვიდრეებს წარმოადგენს შპს “ს. ს. ე.” და სს “ს. გ. ს. ე.”.
1998წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ სადავო არ არის. ის გარემოება, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს 1998წ. ნოემბერ-დეკემბერში გადაცემული ელექტროენერგიის ღირებულება, ხელშეკრულების გარდა საქმეში არსებული სხვა მასალებითაცაა დადასტურებული. ხელშეკრულების შესაბამისად, აბაშის, სენაკის, ფოთისა და ხობის ენერგოკომპანიებს მიეწოდა 170426 ლარის ღირებულების ელექტროენერგია, რომლის საფასურიც არ არის ანაზღაურებული.
საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1998წ. ნოემბერ-დეკემბერში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება 170426 ლარი არ უნდა გადაიხადოს მან.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო 1998წ. 1 ნოემბრიდან. ამავე ხელშეკრულების 4.1. მუხლით ანგარიშსწორება “გადაცემასა” და მომხმარებელს შორის ხდება ერთობლივი აქტის საფუძველზე, აქტში მრიცხველების დაფიქსირებული ჩვენების მიხედვით სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით.
საქმეში წარმოდგენილი აქტები აბაშის, ფოთის, სენაკისა და ხობის ენერგოკომპანიების მიერ 1998წ. ნოემბერ-დეკემბერში ელექტროენერგიის ხარჯვის შესახებ, შეესაბამება ხელშეკრულების 4.1 მუხლის მოთხოვნებს. მასში დაფიქსირებულია მრიცხველების ჩვენება, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით და შესაბამისი თანხა ელექტროენერგიის ღირებულებისა, რომელთა საერთო რაოდენობა 170426 ლარს შეადგენს. ყველა აქტი დაადასტურა ორივე მხარემ და მათი ნამდვილობა დავას არ იწვევს.
ამ ვალდებულების არსებობა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული ანგარიშფაქტურებით, რაც ასევე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან 1998წ. ნოემბერ-დეკემბერში ენერგომომსახურების 0,01% თანხით 9313 ლარი, დაკრედიტირებულია “ს.” მიერ, ამ პერიოდში “ს.” ახორციელებდა აბაშის, სენაკის, ფოთისა და ხობის ენერგოკომპანიებისთვის ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურეობას. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ბალანსში 170426 ლარზე კრედიტორად აღრიცხულია “ს.”.
საოლქო სასამართლომ სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე და 417-ე მუხლების, 418-ე მუხლის მეორე ნაწილის, 419-ე მუხლის პირველი ნაწილის, 420-ე მუხლისა და 403-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით მოპასუხეს ძირითადი დავალიანების სახით დააკისრა 17426 ლარი, პირგასამტეხლოს სახით 188428 ლარი და კანონით დადგენილი პროცენტის სახით _ 490909 ლარი (პირგასამტეხლოს სახით 376856 ლარი განახევრდა და მან შეადგინა 188428 ლარი).
2003წ. 30 იანვარს სს “ს. გ. ს. ე.“ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც იმაში გამოიხატება, რომ 1998წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, სრული ანგარიშსწორების ვადა მხარეებს შორის ხუთი საბანკო დღეა გადაცემის მიერ თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ანგარიშფაქტურის წარმოდგენის დღიდან. როცა მომხმარებელმა თვის ბოლოს არ გადაიხადა არც ძირითადი და არც პირგასამტეხლო ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო გაეფრთხილებინა მოვალე ხელშეკრულების შესრულებაზე და თუ 10 დღეში ვერ შეასრულებდა ვალდებულებას, მოსარჩელეს უნდა შეეწყვიტა გადაცემის მომსახურება და აღეძრა სარჩელი.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ 1998წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულება არ ამუშავებულა 1999წ. 1 იანვრამდე და ელექტროდენის მიწოდების და გადაცემის მომსახურეობას აწარმოებდა “ს.”.
კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს არ გამოუკვლევია ელ. ენერგია დადგენილი გრაფიკითა და ოდენობით მიეწოდებოდა თუ არა ოთხივე ენერგოკომპანიას და საერთოდ, მიეწოდა თუ არა 632609 ლარის ელექტროენერგია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მას ძირითადი დავალიანების სახით არ უნდა დაკისრებოდა 170426 ლარის გადახდა. არასწორია მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს 1998წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულება არ ამუშავებულა 1999წ. 1 იანვრამდე და ელექტროენერგიის მიწოდებისა და გადაცემის მომსახურებას ანხორციელებდა “ს.”.
ამ საკითხთან დაკავშირებით საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ 1998წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელშეკრულების დადების დღიდანვე. ამ ხელშეკრულების 4.1 მუხლის შესაბამისად, ანგარიშსწორება “გადაცემასა” და “მომხმარებელს” შორის ხდება ერთობლივი აქტის საფუძველზე, აქტში დაფიქსირებული ჩვენებების მიხედვით სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით. საქმეში წარმოდგენილი აქტები 1998წ. ნოემბერ-დეკემბერში ელექტროენერგიის ხარჯვის შესახებ, შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, მათში დაფიქსირებული იყო მრიცხველის ჩვენება, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი და შესაბამისი თანხა ელექტროენერგიის ღირებულებისა, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 170426 ლარს. ყველა აქტი დადასტურებული იყო ორივე მხარის მიერ და მათი ნამდვილობა დავას არ იწვევდა. ამ თანხის ოდენობის ვალდებულება ასევე დადასტურებული იყო საქმეში არსებული ანგარიშფაქტურებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით 1998წ. ნოემბერ-დეკემბერში მოპასუხის მიმართ 170426 ლარის დავალიანების არსებობა ეჭვს არ იწვევს. ამის გასაბათილებლად მოპასუხემ ვერც სასამართლო პროცესზე და ვერც საკასაციო საჩივარში რაიმე მტკიცებულებებზე ვერ მიუთითა.
ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას არ უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ვინაიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ელექტროენერგიის გადაცემა, მაგრამ, ვინაიდან იგი აგრძელებდა ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების ნაწილ-ნაწილ შესრულებას, ამიტომ პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორისეულ მითითებას პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის დაკისრების შეუძლებლობის შესახებ.
სკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის დაწესებული იყო პირგასამტეხლო, მოსარჩელე უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ანუ მომსახურების ღირებულების 170426 ლარის გადახდა, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდაც.
პირგასამტეხლოს გადახდაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებას, არ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ღირებულებას, არ შეწყვიტა ხელშეკრულება და აგრძელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირგასამტეხლოს გადახდაზე უარის თქმას, რადგან სკ-ს 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენაა. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში კრედიტორს, მართალია, უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან, მაგრამ ეს მისი უფლებაა და არა მოვალეობა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო არ გასულიყო ხელშეკრულებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოვალე არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებას.
სკ-ს 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ღირებულების დათქმულ დროში გადახდის შესახებ, ხოლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
სკ-ს 417-ე მუხლში გათვალისწინებული პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისას, კერძოდ, ვადის გადაცილებისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ისე პირგასამტეხლოს გადახდევინება. პირგასამტეხლო შესრულების აღმატებული მოთხოვნაა, იგი დამოუკიდებელია ზიანის ანაზღაურებისაგან. თუ კრედიტორს პირგასამტეხლოსთან ერთად დაყენებული აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც, არ შეიძლება ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პირგასამტეხლო თავისთავად თვითონ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ თანხას. ამ შემთხვევაში კრედიტორს თვითონ შეუძლია გამოიყენოს უპირატესი ინტერესის უფლება, ანუ აირჩიოს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თუ პირგასამტეხლოს შესახებ. დაუშვებელია ერთდროულად პირგასამტეხლოსა და მთლიანი ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ეს რომ ასე მოხდეს ეს იქნება საჯარიმო სანქცია, რომელიც უკიდურესად დაამძიმებდა მოვალის მდგომარეობას და გამოიწვევდა კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას.
ანალოგიური შეიძლება ითქვას ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით.
სკ-ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია, ანუ მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა, იგი როგორც პირგასამტეხლო, მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებაა. ამ შემთხვევაშიც დაუშვებელია, ერთდროულად მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინება, რამეთუ, როგორც პირგასამტეხლო, ისე გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას და არ შეიძლება ერთისა და იმავე დარღვევისათვის მოვალეს დაეკისროს გადახდა გაორმაგებული სტანდარტით, მითუმეტეს მაშინ, როცა სკ-ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტი მოვალეს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამ მუხლის მოთხოვნა მოვალეს საშუალებას აძლევს აირჩიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ან მის ნაცვლად გადახდის ვადის გადაცილების გამო კანონით განსაზღვრული პროცენტის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში მოვალეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი აქვს 376856 ლარი, რაც სკ-ს 420-ე მუხლის შესაბამისად, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, საოლქო სასამართლომ სწორად გაანახევრა. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, კანონით გათვალისწინებულმა პროცენტმა კი შეადგინა 490909 ლარი. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, კანონით გათვალისწინებულმა პროცენტმა შეადგინა უფრო მეტი თანხა, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლომ. აქედან გამომდინარე მოვალეს ვალდებულების დარღვევისათვის უნდა დაეკისროს იმ თანხის გადახდა, რომელიც უფრო მეტია.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 188428 ლარის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება, ასევე დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება “ს. გ. ს. ე.” პირგასამტეხლოს სახით 188428 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
“ს. გ. ს. ე. სარჩელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 376856 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
“ს. გ. ს. ე.” სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 5000 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, კოდი ¹59.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.