¹3კ-426-03 6 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: პარტნიორის გარიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის რაიონული განყოფილებისაგან შეიძინა ....... ქუჩა ¹10-ში მდებარე ბენზინგასამართი სადგური, რომლის ბაზაზეც 1995 წელს მოპასუხეებთან ერთად დააფუძნა და რეგისტრაციაში გაატარა სპს “ჩ-ე”. სამივე პარტნიორი ითვლებოდა დირექტორად და მორიგეობით მუშაობდნენ ბენზინის გამმართველ ოპერატორებად, რაშიც ხელფასს იღებდნენ. 1996 წელს მოსარჩელემ ავადმყოფობის გამო თავი დაანება კონტროლიორად მუშაობას და სამკურნალოდ წავიდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის პარტნიორებს მის დაუკითხავად გაურიცხავთ იგი პარტნიორობიდან, რაც უკანონოა, რადგან მას არც განცხადება დაუწერია და არც ნოტარიუსთან ყოფილა მის დასამოწმებლად. მოპასუხეებმა გამოიყვანეს იგი პარტნიორობიდან, შეიტანეს ცვლილება სპს “ჩ-ის” წესდებაში და მის ბაზაზე დააფუძნეს სპს “კ-ი”. მოსარჩელემ მოითხოვა სპს “კ-ის” რეგისტრაციის შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996წ. 25 დეკემბრის დადგენილების გაუქმება და მისი სპს “ჩ-ის” პარტნიორის უფლებებში აღდგენა.
მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი შეიტანეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვეს თ. ჩ-ისათვის 41000 ლარისა და 1400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება იმ მოტივით, რომ მან თავისი უკანონო მოქმედებით ზიანი მიაყენა პარტნიორებს და ისინი იძულებულნი იყვნენ გადაეხადათ ბენზინის მომწოდებლისათვის მის მიერ მითვისებული 23000 ლარი. ასევე, თ. ჩ-ის ბრალით მათ ვერ მიიღეს მოგება 18000 ლარი და თ. ჩ-ის თხოვნით მის მოვალეს თ. მ-ს გადაუხადეს 1400 აშშ დოლარი.
საქმის განხილვისას მოპასუხეებმა შეამცირეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 18000 ლარის ნაწილში. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით უარი უთხრა თ. ჩ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. იგივე მიზეზით ტ. კ-ს და თ. ფ-ეს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თ. ჩ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება. გაუქმდა სპს “ჩ-ის” პარტნიორთა კრების 1996წ. ოქმი ¹2 და სრული სამეურნეო ამხანაგობა “ნ-ის” 1996წ. 27 აგვისტოს ¹1 ოქმები. აგრეთვე, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996წ. 26 დეკემბრის დადგენილება სპს “ჩ-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ. თ. ჩ-ე აღდგენილ იქნა სპს-ის პარტნიორთა უფლებებში.
პალატა მიუთითებს: დადგენილია, რომ 1993წ. 4 მაისის ზესტაფონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა სამეურნეო ამხანაგობა “ნ-ი”. ზესტაფონის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით 1995წ. 14 დეკემბრით რეგისტრაციაში გატარდა სპს “ჩ-ე”. საზოგადოების დირექტორებად დაინიშნენ და სრული წარმომადგენლობის უფლება მიენიჭათ თ. ჩ-ეს, თ. ფ-ესა და ტ. კ-ს.
სპს “ჩ-ისა” და სპს “კ-ის” რეგისტრაციის საქმეში წარმოდგენილია თ. ჩ-ის ორი განცხადება სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. 1996წ. 20 აგვისტოს პირველ განცხადებაში თ. ჩ-ე მოითხოვს სამუშაოდან განთავისუფლებას. განცხადება დამოწმებულია ,,ნ-ის” ბეჭდით. 1996წ. 26 აგვისტოს “ნ-ის” კოლექტივის სახელზე დაწერილ მეორე განცხადებაში თ. ჩ-ე მოითხოვს სამუშაოდან განთავისუფლებას სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით. განცხადება დამოწმებულია ნოტარიალურად 1996წ. 25 დეკემბერს. სრული სამეურნეო ამხანაგობა “ნ-ის” 1996წ. 27 აგვისტოს კრების ოქმით დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი. კრებამ განიხილა ორი საკითხი თ. ჩ-ის სამსახურიდან განთავისუფლებისა და სრული სამეურნეო ამხანაგობა “ნ-ის” დირექტორად ტ. კ-ის დანიშვნის შესახებ. იმავე თარიღით არის დათარიღებული სპს “ჩ-ის” პარტნიორთა კრების ¹2 ოქმი, რომლის დღის წესრიგში იყო საკითხი ჩ-ის პარტნიორობიდან გასვლის შესახებ.
პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრებას თ. ჩ-ის პირადი განცხადებით პარტნიორობიდან გასვლის თაობაზე.
პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 1996წ. 26 აგვისტოს პარტნიორთა კრების ¹1 და ¹2 სხდომის ოქმები. გარდა იმისა, რომ სხდომის ოქმები ერთი და იგივე თარიღით და სხვადასხვა ნომრით ასახავს სხვადასხვა იურიდიული პირის საქმიანობას, მათში თ. ჩ-ის საზოგადოებიდან გასვლის საკითხი განხილულია სხვადასხვა პირთა მიერ. პარტნიორთა კრების ¹1 ოქმის მიხედვით “ნ-ის” კრებას გარდა პარტნიორებისა ესწრებოდნენ სხვა პირები. ¹1 ოქმის მიხედვით განხილულია თ. ჩ-ის სამუშაოდან დათხოვნის და არა პარტნიორობიდან გასვლის საკითხი, ხოლო ¹2 ოქმის მიხედვით პარტნიორობიდან გასვლის საკითხი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ოქმებს შორის სხვაობები მას რწმენას უქმნის, რომ პარტნიორთა კრებაზე თ. ჩ-ის მიერ თანხის მითვისებისა და მისი პარტნიორობიდან გასვლის საკითხი განხილული არ ყოფილა და სხდომის ოქმები არ ასახავს სინამდვილეს. ტ. კ-ისა და თ. ფ-ის განმარტებები სააპელაციო სასამართლოში პარტნიორთა კრების მიმდინარეობის შესახებ აბსოლუტურად განსხვავდება სხდომის ოქმში მოყვანილი გარემოებებიდან. ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, თ. ჩ-ე არ ყოფილა გაფრთხილებული პარტნიორთა კრების ჩატარების შესახებ. ასევე არ ჩაბარებია მას სასამართლოს 1996წ. 27 აგვისტოს დადგენილება. საქმეში წარმოდგენილია ორი განცხადება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. პირველი დათარიღებულია 20 აგვისტოთი, ხოლო მეორე 26 აგვისტოთი. არც ერთ განცხადებაში ჩ-ე არ მიუთითებს მისი პარტნიორობიდან გასვლის შესახებ. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პარტნიორს გასვლის შესახებ უნდა განეცხადებინა სამეურნეო წლის გასვლამდე 12 თვით ადრე, რაც ასევე, არ მომხდარა.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნოტარიუსი ნ. ნ-ე პარტნიორთა კრებას არ ესწრებოდა და მხოლოდ შემდგომ დაადასტურა იგი ნოტარიულად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ თ. ჩ-ის მიერ გაშვებულია კრების ოქმის გასაჩივრების “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლით დადგენილი 5 წლიანი და 2 თვიანი გასაჩივრების ვადები, რადგანაც მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. პალატა მიუთითებს, რომ პარტნიორთა კრება საერთოდ არ ჩატარებულა. მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ თ. ჩ-ეს ჩაბარდა პარტნიორთა კრების ან სასამართლოს დადგენილების ასლები. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჩ-ე პარტნიორებისაგან წილს მოითხოვდა 1997წ. მარტი-აპრილშიც, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ სამუშაოების მიმდინარეობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის მიერ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა დაცულია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ტ. კ-მა და თ. ფ-ემ. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და თ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი ორივე განცხადებით თ. ჩ-ე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას და პარტნიორობიდან გასვლას. საქმეში არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ თ. ჩ-ე ესწრებოდა პარტნიორთა კრებას და მისთვის ცნობილი იყო პარტნიორობიდან გასვლის შესახებ.
თ. ჩ-ის ნება გამოხატულია მის განცხადებაში, რომ ის სურვილს გამოთქვამს სამსახურიდან განთავისუფლებისა და არა პარტნიორობიდან გასვლისა. სწორედ ეს განცხადება დაედო საფუძვლად პარტნიორთა კრების მოწვევას. თ. ჩ-ის განცხადება ეხება სამსახურიდან დათხოვნას. პარტნიორთა კრების ოქმით დაკმაყოფილებულია აღნიშნული განცხადება, ოღონდ იმგვარად, რომ სამუშაოდან კი არ ათავისუფლებენ ჩ-ეს, არამედ მას საზოგადოებიდან გასულად სთვლიან. აღნიშნული ოქმის საფუძველზე სასამართლო იღებს დადგენილებას, რომლითაც გაურკვეველია, რა ცვლილება იქნა შეტანილი სამეწარმეო რეესტრში. სრულად იქნა თუ არა დაკმაყოფილებული ფ-ისა და კ-ის განცხადება. აგრეთვე, გაურკვეველია ჩ-ემ საზოგადოება დატოვა, თუ განთავისუფლდა დირექტორობიდან.
როგორც პარტნიორთა კრების 1996წ. 26 აგვისტოს პარტნიორთა კრების ¹1 და ¹2 ოქმები, ისე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996წ. 26 დეკემბრის დადგენილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ამიტომ ისინი უნდა გაუქმდეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 1996წ. 26 დეკემბრის დადგენილება თ. ჩ-ეს არ ჩაბარებია. მისი გასაჩივრების 5 წლიანი ვადა თ. ჩ-ისათვის დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც მას ჩაბარდებოდა დადგენილება.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობით მხარისათვის იწყება იმ დღიდან, როდესაც მას ბარდება აღნიშნული დოკუმენტი. ამ პრინციპს განამტკიცებს საქართველოში დღეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც.
თუ მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, მაშინ მისი პრეტენზია, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის გვიან გახდა ცნობილი ყოველთვის დასაბუთებულად და მისაღებად უნდა ჩაითვალოს.
ამასთან, სასამართლოს იმ დადგენილებასთან ერთად, რომელიც მხარისათვის ცნობილი არ იყო, შეიძლება გასაჩივრდეს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სასამართლოს დადგენილებას თუნდაც, ეს გადაწყვეტილება მხარისათვის ცნობილი ყოფილიყო დროულად. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ისიც კი არ დასტურდება, რომ პარტნიორთა კრების ოქმი თ. ჩ-ისათვის ცნობილი იყო.
აღნიშნულის გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. კ-ის და თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.