Facebook Twitter

¹3კ-430-03 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება. ნ. მ-ეს სარჩელს სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 მაისის განჩინებით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე განცხადება შეიტანა ნ. მ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა 2001წ. 28 დეკემბერს, აღნიშნული განჩინება კი დათარიღებულია 2001წ. 27 დეკემბრით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მოსამართლეებმა: რ. ბ-ემ და ი. ქ-ემ მონაწილეობა მიიღეს დ. ნ-ისა და მისი საქმის განხილვაში მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და მათ მიერ გამოტანილ იქნა 2000წ. 25 დეკემბრის განჩინება. აქედან გამომდინარე, სსკ-ს 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად მათ უფლება არ ჰქონდათ, განეხილათ მოცემული საქმე. გარდა ამისა, განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად იგი უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული, რაც სსკ-ს 422-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ნ. მ-ის მიერ მითითებული გარემოება, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა 2001წ. 28 დეკემბერს, ხოლო გადაწყვეტილება დათარიღებულია 2001წ. 27 დეკემბრის თარიღით, ასევე, განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლეებს: რ. ბ-ესა და ი. ქ-ეს უფლება არ ჰქონდათ განეხილათ მისი სამუშაოზე აღდგენის საკითხი, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან აღნიშნული გარემოებები მხარისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ საქმის განხილვის სტადიაში. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად ის გარემოება, რომ მოცემული საქმე სსკ-ს მე-2 მუხლის თანახმად უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ საკითხის წამოყენება განმცხადებელ მ-ეს შეეძლო საქმის განხილვის სხვადასხვა ინსტანციაში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2003წ. 17 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში ხელახალი განხილვისათვის შემდეგ გარემოებათ გამო: აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 17 იანვრის განჩინებით უკანონოდ უთხრა უარი საქმის განახლების მოთხოვნაზე, უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მის მიერ მითითებულ გარემოებებზე მას რეაგირება უნდა მოეხდინა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან 2000წ. 24 ოქტომბრის განცხადებით დააყენა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის აცილების საკითხი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2003წ. 17 იანვრის განჩინება მიღებულ იქნა მოსამართლე რ. ბ-ის მონაწილეობით. რაც შეეხება მოცემული საქმის განხილვას ადმინისტრაცული სამართალწარმოების წესით, კასატორი განმარტავს, რომ მან 2002წ. 23 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, განცხადებები შეიტანა ასევე 24 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს, რათა საქმე განეხილა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, მაგრამ ეს გარემოებები არ ყოფილა გაზიარებული. კასატორი განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე-აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოს, რომელთანაც მას დადებული ჰქონდა ვადანი შრომითი გარიგება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად აღნიშნული საფუძვლის არსებობისას საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აღნიშნული ნორმების დარღვევა კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების აბსოლუტური საფუძველია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ნ. მ-ე მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანს.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ. მ-ის მოთხოვნა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების თაობაზე, უსაფუძვლოა, რადგან მის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილება გამოტანილია 2001წ. 28 დეკემბერს, ხოლო დათარიღებულია 2001წ. 27 დეკემბრით ნ. მ-ემ მიუთითა საკასაციო წესით განხილვის დროს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ აღნიშნული საფუძველი არ გაიზიარა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უსაფუძვლოა ასევე მ-ის მითითება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები რ. ბ-ე და ი. ქ-ე მონაწილეობდნენ ნ. მ-ისა და დ. ნ-ის საქმის განხილვაში და ამიტომ მათ უფლება არ ჰქონდათ, განეხილათ ნ. მ-ის სამუშაოზე აღდგენის საქმე, რადგან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ აღნიშნული მ-ისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვისას სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოში და ჰქონდა შესაძლებლობა, მიეთითებინა ამ გარემოებებზე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და რომ დაირღვა კანონით დადგენილი განსჯადობის წესი, ასევე, კასატორის მითითება სსკ-ს 422-ე მუხლის “ა” პუნქტზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია, უსაფუძვლოა, რადგან ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ საქმეზე ამ საკითხის წამოყენება განმცხადებელ ნ. მ-ეს შეეძლო საქმის განხილვისას როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.