გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-431-03 22 აპრილი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შპს “.. ..-ს” ოთახიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჯ-ის ოჯახი 1988წ. ნოემბერში ხანძრისაგან დაზარალდა _ დაეწვა საცხოვრებელი სახლი. მისი ოჯახი სხვა დაზარალებულ ოჯახებთან ერთად ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 14 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე შესახლებულ იქნა ქ. ბათუმში, სასტუმრო “.. ..-ში”. შპს “.. ..-ს” ადმინისტრაციამ 2002წ. აპრილში სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების: მ. ჯ-ის, ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს 1988წ. 14 ნოემბრის ¹167 განკარგულების გაუქმება და მ. ჯ-ის ოჯახის გამოსახლება სასტუმროდან, ასევე, ქ. ბათუმის მერიისათვის მ. ჯ-ის ცხოვრების ხარჯების დაკისრება. შემდგომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ზემოხსენებული აქტის გაუქმების და ქ. ბათუმის მერიისათვის მ. ჯ-ის ცხოვრების ხარჯების დაკისრების მოთხოვნაზე და მოითხოვა მხოლოდ მ. ჯ-ის და მისი ოჯახის წევრების: ი. ბ-ის, ლ. ბ-ის და ზ. ბ-ის გამოსახლება სასტუმროს ¹411 ოთახიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეები: მ. ჯ-ი, ი. ბ-ე მცირეწლოვან შვილთან და შვილიშვილებთან: ლ. და ზ. ბ-ეებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, შპს “.. ..-ს” ¹411 ოთახიდან; ოთახი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა შპს “.. ..-ს” ადმინისტრაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. ჯ-მა, ი. ბ-ემ და ლ. ბ-ემ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის, ი. ბ-ის და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება იმის შესახებ, რომ მათ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 14 ნოემბრის ¹167-ე განკარგულების საფუძველზე მოპოვებული აქვთ სასტუმრო “.. ..-ში” ცხოვრების უფლება იმის მიუხედავად, რომ მერიამ შეუწყვიტა სასტუმროს საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის თანხების გადახდა. პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულება დროებითი ხასიათის იყო და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 1988წ. 14 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე. სასტუმროს ბათუმის მერიის სამსახური ფართის სარგებლობისათვის თანხას უხდიდა 2000წ. აგვისტომდე, ამის შემდეგ კი თანხები არ გადაუხდია. სასტუმრო “.. ..-ს” ადმინისტრაცია კი 2000წ. 1 აგვისტოდან აპელანტებს აცხოვრებდა არა ხსენებული განკარგულების საფუძველზე, არამედ _ ნებაყოფლობით. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტების მითითება იმის შესახებ, რომ სასტუმროში ისინი ცხოვრობენ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე კერძო საცხოვრებელ სადგომში შესახლებულ პირებს და მესაკუთრეს შესაბამისი კანონის მიღებამდე უნარჩუნდებათ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები. ამ კანონიდან გამომდინარე, სასტუმროს ამჟამად არავითარი მოვალეობა არ აკისრია ბათუმის მერიის წინაშე, რადგან მხოლოდ ექვსდღიანი ვადით იყვნენ მოპასუხეები იქ შესახლებული. სკ-ს 170-ე მუხლის საფუძველზე მესაკუთრეს აქვს უფლება, მოითხოვოს კუთვნილი სასტუმროს ¹411 ოთახიდან მოპასუხეების გამოსახლება.
მ. ჯ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომი სასტუმროს ადმინისტრაციას მათი ცხოვრების ხარჯებს უნაზღაურებდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და არა ნებაყოფლობით. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის გამოც, რომ მოსარჩელემ შემდგომ უარი განაცხადა ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნაზე, სასამართლომ კი არ გამოიტანა ამის შესახებ განჩინება, რითაც დაარღვია სსკ-ს 284-ე მუხლის პირველი ნაწილი და 286-ე მუხლი არ გამოიყენა მოცემული დავის გადასაწყვეტად “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-8 მუხლი. სააპელაციო პალატამ ისე გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლი, რომ არ გაარკვია, სასტუმროს ადმინისტრაციის საკუთრებას წარმოადგენს თუ არა შენობა, რადგან სასტუმრო “.. ..” არის შპს 100%-იანი სახელმწიფოს წილით. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა “ბავშვის უფლებათა” კონვენციის მე-16-ე მუხლის მოთხოვნაც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ჯ-ის წარმომადგენელი ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 14 ნოემბრის ¹167 განკარგულებით მ. ჯ-ის ოჯახი ხანძრისაგან დაზარალებულ 17 ოჯახთან ერთად შესახლებული იქნა ქ. ბათუმში, სასტუმრო “.. ..-ში”. მართალია ზემოაღნიშნული განკარგულებით მოპასუხის ოჯახი სასტუმროში 1988წ. 20 ნოემბრამდე იყო შესახლებული, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქ. ბათუმის მერია 2000წ. აგვისტომდე უხდიდა სასტუმროს მ. ჯ-ის ოჯახის ცხოვრების ხარჯებს.
ამდენად, ზემოაღნიშნული განკარგულების მოქმედების ვადა გაგრძელდა, რომლითაც მ. ჯ-ის ოჯახმა მოიპოვა სასტუმროში ცხოვრების უფლება და ეს განკარგულება არ არის გაუქმებული.
სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენება, რადგან საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ სასტუმროს შენობა წარმოადგენს შპს “.. ..-ს” საკუთრებას. ამ გარემოებების დადგენის შემდეგ კი სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მოსარჩელისათვის სასტუმროს შენობის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის იგი უფლებრივად და ნივთობრივად ნაკლის მქონე იყო თუ არა; აღნიშნულის შემდეგ კი სასამართლომ უნდა იმსჯელოს, მ. ჯ-ის მიერ სადავო ფართის მფლობელობის უზრუნველყოფა მოსარჩელის მოვალეობას წარმოადგენს თუ არა.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჯ-ის წარმომადგენელი ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.